ევროპის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების (ESMO) 2026 წლის კონგრესზე მკვლევრებმა ძუძუს კიბოს თერაპიის უახლესი კლინიკური კვლევები წარადგინეს. მთავარი აღმოჩენები მეტასტაზური სიმსივნეების, თავის ტვინის მეტასტაზებისა და ახალი თაობის პრეპარატების ეფექტიანობას ეხება.
ახალი CDK4 ინჰიბიტორი სიმსივნის ზრდას აფერხებს
ჰორმონ-დადებითი (HR+), HER2-უარყოფითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებში ახალი თაობის CDK4 ინჰიბიტორის — ატირმოციკლიბისა (atirmociclib) და ფულვესტრანტის (Faslodex) კომბინაციამ დაავადების პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა 9.5 თვემდე გაზარდა (სტანდარტული მკურნალობისას ეს მაჩვენებელი 6.5 თვეს შეადგენდა).
ტრადიციული CDK4/6 ინჰიბიტორებისგან განსხვავებით, ატირმოციკლიბი მხოლოდ CDK4 ცილას ბლოკავს, რაც სიმსივნური უჯრედების გაყოფას აჩერებს და სისხლთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებს (მაგალითად, ლეიკოციტების ვარდნას) ამცირებს.
Dato-DXd ქიმიოთერაპიას ჯობნის ტვინის მეტასტაზების დროს
სამმაგად უარყოფითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს (TNBC) შემთხვევათა მესამედში პროცესი თავის ტვინზე ვრცელდება. კვლევა TROPION-Breast02-მა აჩვენა, რომ პრეპარატმა Dato-DXd-მ ტვინის მეტასტაზების მქონე 61 პაციენტში ყველა პარამეტრით აჯობა სტანდარტულ ქიმიოთერაპიას:
-
სიმსივნის პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობამ Dato-DXd-ის ჯგუფში 7.7 თვე შეადგინა, ქიმიოთერაპიის ჯგუფში კი — 3.5 თვე;
-
საერთო გადარჩენადობა 10.7 თვიდან 13.5 თვემდე გაიზარდა;
-
ტვინის მეტასტაზების 63%-მა პრეპარატზე დადებითი პასუხი აჩვენა (ქიმიოთერაპიაზე — 38%-მა);
-
უშუალოდ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პროგრესირების გარეშე პერიოდი 6.9–19.3 თვემდე გახანგრძლივდა (ქიმიოთერაპიისას — 1.5–5.8 თვე).
ახალი კომბინაცია აჩერებს HER2-დადებით მეტასტაზურ სიმსივნეს
ახალი ანტი-HER2 პრეპარატის, ანბენიტამაბისა (anbenitamab) და დოცეტაქსელის ახალი ფორმის (HB1801) კომბინაციამ სტანდარტულ ქიმიოთერაპიაზე უკეთესი შედეგი აჩვენა. 21-თვიანი დაკვირვების შემდეგ კომბინირებულ თერაპიაზე მყოფი პაციენტების 59%-ს სიმსივნის ზრდის ნიშნები არ აღენიშნებოდა, მაშინ როცა სტანდარტული სქემის (დოცეტაქსელი, ტრასტუზუმაბი, პერტუზუმაბი) ჯგუფში ეს მაჩვენებელი 34%-ს შეადგენდა.
გირედესტრანტი (giredestrant) უკეთ გადაიტანება, ვიდრე ტამოქსიფენი
კვლევა lidERA-მ ადრეული სტადიის ჰორმონ-დადებითი კიბოს ოპერაციის შემდგომი მკურნალობა შეაფასა. 2.5-წლიანი დაკვირვების შემდეგ პაციენტთა 52%-მა აღნიშნა, რომ გირედესტრანტის გვერდითი მოვლენები საერთოდ არ აწუხებდათ (ტამოქსიფენისა და არომატაზას ინჰიბიტორების ჯგუფში — 47%). გვერდითი მოვლენების გამო გირედესტრანტის მიღება პაციენტთა მხოლოდ 5%-მა შეწყვიტა, სტანდარტული ჰორმონოთერაპია კი — 8%-მა.
ახალი ანტისხეულ-წამლის კონიუგატები (ADC) მეტასტაზური კიბოს წინააღმდეგ
-
ტრასტუზუმაბ რეზეტეკანი (trastuzumab rezetecan): HER2-დაბალი ექსპრესიის მქონე მეტასტაზური კიბოს დროს პრეპარატმა პროგრესირების გარეშე სიცოცხლის ხანგრძლივობა 16.4 თვემდე გაზარდა, სტანდარტულმა ქიმიოთერაპიამ კი — მხოლოდ 6.8 თვემდე.
-
იზალონტამაბ ბრენგიტეკანი (iza-bren): კვლევა PANKU-Breast01-ის მიხედვით, ჰორმონ-დადებითი, HER2-უარყოფითი მეტასტაზური კიბოს დროს ამ ექსპერიმენტულმა პრეპარატმა პროგრესირების გარეშე პერიოდი გააორმაგა — 8 თვე ქიმიოთერაპიის 4 თვის წინააღმდეგ.
Kisqali და Verzenio სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდიან
-
Kisqali (რიბოციკლიბი): NATALEE კვლევის 6-წლიანმა მონაცემებმა დაადასტურა, რომ ადრეული სტადიის HR+, HER2- სიმსივნის დროს Kisqali-სა და არომატაზას ინჰიბიტორის კომბინაცია საერთო გადარჩენადობას 92%-მდე ზრდის (მხოლოდ არომატაზას ინჰიბიტორის შემთხვევაში — 90%).
-
Verzenio (აბემაციკლიბი): postMONARCH კვლევის თანახმად, შორსწასული HR+ კიბოს დროს, რომელიც CDK4/6 ინჰიბიტორებით მკურნალობის ფონზე მაინც გაიზარდა, Verzenio-სა და ფულვესტრანტის კომბინაციამ სიცოცხლის ხანგრძლივობა 32 თვემდე გაზარდა (მხოლოდ ფულვესტრანტის ჯგუფში — 24.6 თვე). მიუხედავად იმისა, რომ საერთო გადარჩენადობის სხვაობას სტატისტიკური სანდოობა დააკლდა, კომბინაციამ დაავადების პროგრესირება მკაფიოდ შეაფერხა.
ESMO Breast 2026-ის მთავარი დასკვნები: ქიმიოთერაპიის აცილება და რეზისტენტობა
-
მკურნალობის დეესკალაცია (PHERGain-2): მცირე ზომის, ადრეული სტადიის HER2-დადებითი სიმსივნის მქონე პაციენტებმა, რომლებთანაც ოპერაციამდელმა მიზნობრივმა თერაპიამ სიმსივნური უჯრედები სრულად გააქრო (პათოლოგიური სრული პასუხი — pCR), ოპერაციის შემდგომ ქიმიოთერაპიაზე უარი თქვეს და ცხოვრების გაცილებით მაღალი ხარისხი შეინარჩუნეს. რეციდივის გრძელვადიან რისკებს მეცნიერები კვლავ აკვირდებიან.
-
ორი ADC-ის თანმიმდევრული გამოყენების წარუმატებლობა (SATEEN): პაციენტებში, რომელთა HER2-დადებითი მეტასტაზური სიმსივნე პრეპარატ Enhertu-თი მკურნალობისას პროგრესირდა, Trodelvy-სა და ტრასტუზუმაბის (Herceptin) კომბინაციამ შედეგი ვერ გამოიღო — მკურნალობაზე 27-დან მხოლოდ ერთმა სიმსივნემ უპასუხა. ვინაიდან ორივე პრეპარატი (Enhertu და Trodelvy) ერთსა და იმავე ქიმიოთერაპიულ კომპონენტს — ტოპოიზომერაზა 1-ის ინჰიბიტორს იყენებს, მეცნიერები წარუმატებლობას სწორედ ამ კომპონენტის მიმართ განვითარებული რეზისტენტობით ხსნიან.
წყარო: Breastcancer.org

