მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ინოვაციური კანის პლასტირი, რომელიც მომავალში მელანომის დიაგნოსტირებას სახლის პირობებში შეძლებს – დაახლოებით იმავე პრინციპით, როგორც COVID-19-ის სწრაფი ტესტი მუშაობს.
ახალი მოწყობილობა, სახელწოდებით ExoPatch, ვარსკვლავის ფორმის მიკრონემსების მეშვეობით, უმტკივნეულოდ აგროვებს ბიომარკერებს კანიდან და ავლენს კანის კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმის ნიშნებს.
მეცნიერებმა შექმნეს რბილი, სილიკონის პლასტირი, რომელსაც შეუძლია კიბოს ადრეული ნიშნების აღმოჩენა. ის აღჭურვილია 0.6 მმ სიგრძის მიკრონემსებით, რომლებიც ადამიანის თმაზე უფრო თხელია.
ეს პაწაწინა ნემსები არ იღებენ სისხლს, არამედ აგროვებენ ეგზოსომებს. ეგზოსომები უჯრედების მიერ გამოყოფილი მიკროსკოპული პაკეტებია, რომლებიც ატარებენ გენეტიკურ მასალას. მათ შეუძლიათ მიუთითონ ორგანიზმში კიბოს არსებობაზეც.
მიჩიგანის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერიის მიმართულების პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა, სუნითა ნაგრათმა განმარტა, რომ პლასტირის ვარსკვლავის ფორმის ნემსები კანს უფრო მარტივად და ნაკლებად მტკივნეულად ხვრეტს, რადგან ისინი აღწევენ მხოლოდ კანის ზედა ფენაში.
ტესტი, COVID-19 ტესტის მსგავსად, სწრაფად მუშაობს – პლასტირის კანზე მიმაგრების შემდეგ, ის მჟავაში იშლება. შემდეგ, სატესტო ზოლი ამ ხსნარში თავსდება. ორი ხაზი მელანომის არსებობაზე მიუთითებს, ხოლო ერთი ხაზი – კიბოს არარსებობაზე. მეთოდი წარმატებული აღმოჩნდა თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში. მან შეძლო სიმსივნური და ჯანსაღი კანის გარჩევა.
თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ExoPatch-მა სიმსივნური ქსოვილიდან 11.5-ჯერ მეტი, კიბოსთან დაკავშირებული ეგზოსომური ცილის გამოყოფა შეძლო, ვიდრე ჯანსაღი ქსოვილიდან. ეს ადასტურებს მის უნარს, ზუსტად ამოიცნოს დაავადების სპეციფიკური მარკერები. იმედის მომცემი შედეგები აჩვენა ღორის კანზე ჩატარებულმა საწყისმა ტესტებმაც, რომელიც ადამიანის კანის მსგავსია.
როგორც სუნითა ნაგრათმა აღნიშნა, „ეს არის პირველი პლასტირი, რომელიც შექმნილია კანქვეშა სითხიდან დაავადების სპეციფიკური ეგზოსომების გამოსავლენად. “
ExoPatch-ის განვითარების შემდგომი ეტაპია კვლევები ადამიანებზე. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მომავალში ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, მოერგოს სხვა სახის კიბოს დიაგნოსტიკას — მათ შორის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს.
ეს ინოვაციური მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის კიბოს მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, მაგალითად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სხეულზე ბევრი ხალი აქვთ. ფაქტია, წარმატების შემთხვევაში, ტექნოლოგიის პოტენციალი უზარმაზარია.
წყარო: ScienceDirect

