მედიკამენტი „ტადალაფილი“, რომელსაც მედიცინა ერექციული დისფუნქციისა და გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ იყენებს, კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციას მნიშვნელოვნად აჩქარებს. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენები მას ფილტვის არტერიული ჰიპერტენზიის (PAH) სამართავადაც იყენებენ, რადგან წამალი ფიზიკური დატვირთვისადმი ორგანიზმის გამძლეობას ზრდის. ჟურნალ Molecular Biology Reports-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ტადალაფილი კუნთის უჯრედებს გამრავლებასა და სტრესთან გამკლავებაში უშუალოდ ეხმარება.
ტადალაფილი, როგორც PDE5 ინჰიბიტორი, სპეციფიკურ ფერმენტს ბლოკავს, უჯრედებში ქიმიური მესენჯერის (cGMP) დონეს ზრდის და აზოტის ოქსიდის (NO) სიგნალებს აძლიერებს. ეს მექანიზმი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და დაზიანებული ქსოვილის აღმდგენ ღეროვან (სატელიტურ) უჯრედებს ააქტიურებს. ექიმები მას აქამდე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) პოტენციურ სამკურნალო საშუალებად განიხილავდნენ, მაგრამ უჯრედების ზრდაზე წამლის ხანგრძლივი გავლენა ბოლომდე შეუსწავლელი რჩებოდა.
ლაბორატორიულ ცდებში მეცნიერებმა თაგვის კუნთის უჯრედები (C2C12 მოდელი) ტადალაფილით დაამუშავეს. მათ პრეპარატის ისეთი კონცენტრაცია (1 µM) გამოიყენეს, რომელიც ადამიანის სისხლში მკურნალობისას ფიქსირდება და უჯრედებს 7 დღის განმავლობაში დააკვირდნენ.
მედიკამენტმა უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა და გამრავლება მკვეთრად დააჩქარა. იმიტირებული „ჭრილობების“ ტესტში უჯრედებმა სიცარიელე 24 საათში შეავსეს. ამასთან, წამალმა უჯრედების ნაადრევი მომწიფება შეაჩერა და ქსოვილის აღსადგენად მოუმწიფებელი უჯრედების დიდი მარაგი შეინარჩუნა.
ტადალაფილით დამუშავებულ კულტურებში მკვლევრებმა კუნთის ადრეული განვითარების მარკერების (Pax7 და Myf6) მაღალი დონე დააფიქსირეს. წამალმა გაზარდა IL-6-ის გამოყოფაც — ეს ის სასიგნალო მოლეკულაა, რომელიც ღეროვან უჯრედებს ააქტიურებს. პარალელურად, პრეპარატმა მიოსტატინი და TGF-β — კუნთის ზრდის შემაფერხებელი ძირითადი ცილები დათრგუნა.
მკვლევრები ამ ლაბორატორიულ მიგნებებს პერსპექტიულად მიიჩნევენ, მაგრამ რეალური თერაპიული სარგებლის დასადასტურებლად ცოცხალ ორგანიზმებზე დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარებას გეგმავენ.
წყარო: MedicalXpress

