ზიგმუნდ ფროიდი მართალი აღმოჩნდა: თანამედროვე ნეირომეცნიერება ფსიქოანალიზის სისწორეს ადასტურებს

გააზიარე

ცნობილი ნეიროფსიქოლოგის, კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორ მარკ სოლმსის განცხადებით, თანამედროვე ნეირომეცნიერებამ ზიგმუნდ ფროიდის თეორიების უდიდესი ნაწილის სისწორე დაადასტურა. მეცნიერის თქმით, ბოლო საუკუნის განმავლობაში ნეირომეცნიერებმა, თავად ფროიდისგან სრულიად დამოუკიდებლად, ფსიქოანალიზის არაერთი ფუნდამენტური იდეა ხელახლა აღმოაჩინეს და ემპირიულად დაასაბუთეს.

როგორც სოლმსი აღნიშნავს, ვიქტორიანულ ეპოქაში „არაცნობიერი გონება“ ოქსიმორონად მიიჩნეოდა, დღეს კი ნეირომეცნიერებაში საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ჩვენი კოგნიტური აქტივობის უდიდესი ნაწილი სწორედ არაცნობიერად მიმდინარეობს. გარდა ამისა, მეხსიერების სხვადასხვა სისტემის (მოკლევადიანი, დეკლარატიული და არადეკლარატიული) არსებობა, რასაც თანამედროვე მეცნიერება იზიარებს, ფროიდმა ჯერ კიდევ 1896 წელს ზუსტად იწინასწარმეტყველა. თანამედროვე კვლევები ასევე ადასტურებს ფროიდის ხედვას ბავშვობის ადრეული ტრავმების მნიშვნელობაზე და იმაზე, რომ ჩვენს ქცევას, უპირველეს ყოვლისა, ემოციები და სურვილები მართავს.

თანამედროვე ნეირომეცნიერება ხსნის ფროიდისეულ „დათრგუნვის“ (Repression) ფენომენსაც. სოლმსის განმარტებით, ტერმინი დღეს განიხილება როგორც ბავშვობაში ტვინის მიერ შემუშავებული თავდაცვითი „პროგნოზები“, რომლებიც არადეკლარატიულ (არაცნობიერ) მეხსიერებაში ილექება და ავტომატურად, გაუცნობიერებლად მოქმედებს. რადგან ეს მექანიზმები არაცნობიერია, ადამიანი ვერ ხვდება, რატომ განიცდის ნეგატიურ ემოციებს. ფსიქოანალიზის მიზანი სწორედ ამ მექანიზმების გაცნობიერებაა, რათა პაციენტმა თავი დააღწიოს ავტომატურ, დამაზიანებელ ქცევებს.

სოლმსი ხაზს უსვამს, რომ ფსიქოანალიზი ფიზიკურად ცვლის ტვინის სტრუქტურას, რაც fMRI (ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) კვლევებითაც დასტურდება. მკურნალობის პროცესში გადაწყვეტილების მიღების მართვა ტვინის სიღრმისეული, ავტომატური ცენტრებიდან (ბაზალური განგლიები) ქერქისკენ (კორტექსი) ინაცვლებს. ამასთან, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისგან (CBT) განსხვავებით, ფსიქოანალიზს აქვს ე.წ. „მძინარე ეფექტი“ (Sleeper effect) — პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება თერაპიის დასრულების შემდეგაც გრძელდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ პრობლემის გამომწვევი ძირეული მიზეზი აღმოფხვრილია.

მეცნიერის შეფასებით, ფროიდისეული მიდგომა შესაძლოა ნეირომეცნიერების ყველაზე დიდი ამოცანის — ცნობიერების წარმოშობის (ე.წ. Hard problem) ახსნაშიც დაგვეხმაროს. თუ თანამედროვე მეცნიერება ცნობიერებას ტვინის ქერქსა და ინტელექტუალურ სირთულეებში ეძებს, ფროიდი ყურადღებას ტვინის ღეროსა და საბაზისო ემოციებზე (აფექტზე) ამახვილებდა. სოლმსის აზრით, ცნობიერების საიდუმლოს ამოსახსნელად მეცნიერება სწორედ ამ პირველად გრძნობებსა და ინსტინქტებს უნდა დაუბრუნდეს.

წყარო: iai

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები