საქართველოს უნივერსიტეტში ცოტნე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გააზიარე

საქართველოს უნივერსიტეტში ცოტნე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე მეცნიერის კოლეგებმა, მეგობრებმა და სტუდენტებმა მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა გაიხსენეს და ის პროექტები შეაჯამეს, რომლებსაც მკვლევარმა საქართველოში ჩაუყარა საფუძველი.

ცოტნე ჯავახიშვილი 2025 წლის ივლისში ტრაგიკულად დაიღუპა. კალიფორნიაში, რამონას აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა. ტრაგედიამდე მეცნიერი როგორც საქართველოში, ისე შეერთებულ შტატებში აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. სან-დიეგოში მიმდინარე კვლევების პარალელურად, მან საქართველოს უნივერსიტეტში სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი დააფუძნა და ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების გუნდი შემოიკრიბა.

ღონისძიებაზე ცოტნე ჯავახიშვილის მოსწავლეებმა, გვანცა ბრაჭველმა, ანასტასია გურასპაშვილმა, ნინი ქაჩლიშვილმა, ნინი ქუჩულორიამ, ნინი გოქაძემ და ირინა მამფორიამ, ბოლო ერთი წლის სამუშაო შედეგები შეაჯამეს და აუდიტორიას თავიანთი სამეცნიერო კვლევები გაუზიარეს.

შეხვედრას ქართველ მეცნიერებთან ერთად ცოტნე ჯავახიშვილის უცხოელი მეგობრები და კოლეგებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ღონისძიებისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ცოტნესთან მრავალწლიანი მეგობრობა, მოგონებები და ერთობლივი საქმიანობა გაიხსენეს.

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის დირექტორმა, მერაბ თოფურიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცოტნე ჯავახიშვილის სახელსა და სამეცნიერო მემკვიდრეობას ფართო საზოგადოება უკეთ უნდა იცნობდეს:

„ცოტნე ჩემთვის დიდი მეცნიერი, დიდი ინტელიგენტი და დიდი მეგობარი იყო. სამწუხაროა, რომ ფართო საზოგადოება მას ნაკლებად იცნობს. ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, ვისზეა საუბარი. ამ დროს კი ვსაუბრობთ უდიდეს ქართველ მეცნიერზე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გეუბნებით: მსგავსი დონის მეცნიერი საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია. ეს ფაქტი ნებისმიერმა ქართველმა უნდა იცოდეს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაც სწორედ ამ ცოდნის გავრცელებაა“.

ნეირომეცნიერმა, მეცნიერებათა დოქტორმა ზაალ კოკაიამ აუდიტორიას ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებული მოგონებები გაუზიარა და მის სამეცნიერო ხედვასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრა:

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ დგომა და ჩემი კოლეგისა და მეგობრის მოგონება. თითქმის ტოლები ვართ, რამდენიმე წელია ჩვენ შორის განსხვავება და ორივემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, მესამე კორპუსი დავამთავრეთ. შემდეგ ჩვენი გზები გაიყო: ცოტნე ამერიკაში აღმოჩნდა, მე — შვედეთში. წლების შემდეგ, კოვიდის პერიოდში, ცოტნე თავად დაგვიკავშირდა და მე და დათო ლორთქიფანიძემ ონლაინ-გადაცემების ჩაწერა გადავწყვიტეთ. მე შვედეთიდან ვერთვებოდი, დათო — საქართველოდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერებს ვიწვევდით და გასაგები ენით ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა არის მეცნიერება და როგორ უნდა განვითარდეს ის. სულ 10 თუ 15 ასეთი გადაცემა ჩავწერეთ, რაც ცოტნეს გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ის ამ საქმეში უდიდესი ენთუზიაზმითა და სიხარულით ჩაერთო.

მისი მთავარი თემა გენეტიკური კოდი იყო და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, როგორ შეიძლებოდა ამ საკითხზე მარტივად საუბარი. ცოტნე ნამდვილი მამოძრავებელი ძალა იყო. სურდა ცოდნა გაევრცელებინა, ხალხისთვის მიეწოდებინა და საქართველოში დაენერგა. ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა ჩვენ ვსაუბრობდით, მას უკვე ჰქონდა იდეა, რომ სინთეტური ბიოლოგია, რასაც თავად აკეთებდა, აქ განევითარებინა. კარგად ჩანდა, რა ფართო დიაპაზონისა და დიდი ხედვის ადამიანი იყო და როგორ სურდა, თავისი თეორიული თუ საბაზისო კვლევები პრაქტიკულ გამოყენებაში გადასულიყო. ამ გადაცემების შემდეგ ფაქტობრივად გავაცოცხლეთ ჩვენი ურთიერთობა. მიუხედავად შვედეთსა და სან-დიეგოს შორის დროის დიდი სხვაობისა, ონლაინ ხშირად ვხვდებოდით, ვსაუბრობდით მეცნიერებაზე და ვგეგმავდით, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო საქართველოში“.

Medscriptum-თან საუბარში ზაალ კოკაიამ ხაზი გაუსვა, რომ ცოტნე ჯავახიშვილთან ერთად თბილისში სამომავლო პროექტების დაგეგმვას აპირებდა, დღეს კი მთავარი ამოცანა მისი დაწყებული საქმის გაგრძელებაა:

„ბოლოს 2025 წლის მაისში მოვილაპარაკეთ, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტში უნდა შევხვედროდით და მოგვეფიქრებინა, რა და როგორ გაგვეკეთებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ივლისში სან-დიეგოში იმყოფებოდა და შევთანხმდით, რომ ოქტომბერში თბილისში ჩამოვიდოდა და მომავალს დავგეგმავდით, თუმცა არ დასცალდა. ძალიან გახსნილი, პოზიტიური ადამიანი იყო და მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნება გახლდათ.

დღევანდელი დღის მნიშვნელობა ის არის, რომ მისი დანატოვარი და ჩანაფიქრი, სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი, გაგრძელდეს. ეს იქნება ყველაზე დიდი წვლილი, რაც ჩვენ შეგვიძლია მისი სახელის უკვდავსაყოფად შევიტანოთ და გავაგრძელოთ ის, რაზეც ოცნებობდა: საქართველოშიც ჩატარდეს ისეთივე მაღალი დონის კვლევები ბიოლოგიასა და სინთეტურ ბიოლოგიაში, როგორსაც ის სან-დიეგოში ატარებდა“.

საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კოკა თოფურიამ აღნიშნა, რომ ცოტნე ჯავახიშვილის დაღუპვა არა მხოლოდ მისი ოჯახისა და ახლობლების, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედიაა:

„დღევანდელი შეკრება ცხადყოფს, რამხელა სიყვარული დატოვა ამ ადამიანმა თითოეული თქვენგანის გულში და რამხელა პატივისცემა დაიმსახურა. ცოტნე ჯავახიშვილი ძალიან დიდი მეცნიერი იყო. მისი უდროოდ წასვლა საქართველოს ტრაგედიაა, რადგან ქართულ მეცნიერებაში უდიდეს საქმეებს გეგმავდა, რაც ბოლომდე არ დასცალდა. თუმცა, რაც მან საქართველოს უნივერსიტეტში მოასწრო, უკვე უზარმაზარი მიღწევაა: ჩამოაყალიბა ინსტიტუტი, შეკრიბა ადამიანები, შექმნა კონტაქტები, დასახა სამეცნიერო თემატიკა და ქართულ მეცნიერებას მძლავრი ბიძგი მისცა.

მწამს, რომ საქართველოს მომავალი მეცნიერებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა, სადაც ადამიანები სამეცნიერო კვლევებს ინოვაციებად და სტარტაპებად გადააქცევენ. ჩვენ ვამაყობთ ქართული ფოლკლორით, კოსმოსში გატანილი ქართული სიმღერით, ღვინითა და სტუმართმოყვარეობით, მაგრამ მინდა, ქართველებმა მეცნიერებით, ინოვაციებითა და ტექნოლოგიებითაც ვიამაყოთ. სწორედ ასეთ საქართველოს ჩაუყარა საფუძველი ცოტნე ჯავახიშვილმა. ის უშუალოდ მონაწილეობდა ინსტიტუტის მშენებლობაში — რამდენჯერაც ბიოლოგების კორპუსში გადავსულვარ, სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა და პირადად ამოწმებდა მშენებარე ლაბორატორიას. მჯერა, რომ მის დაწყებულ საქმეს საქართველოში ღირსეულად გავაგრძელებთ“.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ბიოლოგმა და ცოტნე ჯავახიშვილის მოსწავლემ, გვანცა ბრაჭველმა, რომელიც დღეს ინსტიტუტში მისი მოვალეობის შემსრულებელია, მენტორთან პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბება გაიხსენა:

„ჩვენი ჯგუფის ყველა წევრისთვის ცოტნე დაუვიწყარი ადამიანია. მისი გაცნობა ჩემთვის ძალიან უცნაური ამბავი იყო, რადგან თავად დამიკავშირდა ერთ-ერთი ბლოგის შემდეგ, სადაც სტუმრად ვიყავი და როგორც ახალგაზრდა მეცნიერი, ისე გამიცნო. წლების განმავლობაში, ისე, რომ ერთმანეთი ნანახიც არ გვყავდა, ჩვენი ურთიერთობა სამეცნიერო საფუძველზე დაშენდა და კოლეგებად ჩამოვყალიბდით. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ამ ადგილას მისი მოვალეობის შემსრულებლად ვდგავარ. ძალიან მიხარია, რომ გვერდით სწორედ ცოტნეს მოწაფეები მყავს. დარწმუნებული ვარ, იმ მემკვიდრეობას, რომელიც მან დაგვიტოვა, დიდი პასუხისმგებლობით გავუძღვებით და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ჩვენს ადგილს დავიმკვიდრებთ“.

Medscriptum-თან საუბარში კი გვანცა ბრაჭველმა თქვა, რომ გუნდი უკვე აქტიურად ახორციელებს ცოტნე ჯავახიშვილთან ერთად დაგეგმილ პროექტებს:

„დღევანდელი დღე ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ცოტნეს კიდევ ერთხელ გახსენებასა და მისი მემკვიდრეობის გაგრძელებას ნიშნავს. დღეს ვისაუბრეთ იმ პროექტების შესახებ, რომლებიც მასთან ერთად დავგეგმეთ და ახლა უკვე განხორციელებას შევუდექით. ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, თუ რა გამოცდილება მიიღო ჯგუფის თითოეულმა წევრმა ამ ერთი წლის განმავლობაში. ცოტნე ნებისმიერი ჩვენგანისთვის გამორჩეული ადამიანი იყო — ის არ გახლდათ უბრალოდ მენტორი, იყო ძალიან კარგი მეგობარი, რომელმაც პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემს სამეცნიერო განვითარებას უდიდესი ბიძგი მისცა და როგორც ჩემი, ისე ჩვენი ჯგუფის სხვა წევრების პროფესიული მიმართულება განსაზღვრა. მიხარია, რომ დღეს ერთად ვართ და ამ პროექტებზე მუშაობას ერთობლივად ვაგრძელებთ“.

საქართველოს უნივერსიტეტში დაფუძნებული სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი მუშაობას ცოტნე ჯავახიშვილის მიერ დასახული სამეცნიერო გეგმით განაგრძობს. მკვლევრის მოსწავლეებისა და კოლეგების მთავარი მიზანი საქართველოში თანამედროვე ბიოტექნოლოგიური კვლევების განვითარება და ქვეყნის საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დამკვიდრებაა.

“მეცნიერებაც და ცხოვრებაც მოგზაურობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, სად მიხვალ, არამედ ისიც, ვინ მოგყავს თან ამ გზაზე და რას ტოვებ შენს შემდეგ”, – ცოტნე ჯავახიშვილი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები