წონის კლების პრეპარატების მომხმარებელთა თითქმის ნახევარმა ალკოჰოლის მიღება შეამცირა — ახალი კვლევა

გააზიარე

ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და მაკლინის ჰოსპიტლის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ წონის კლებისა და დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ალკოჰოლს ნაკლებად სვამს. შედეგები, რომლებიც ამ პრეპარატების მოულოდნელ გვერდით ეფექტს აღწერს, გამოცემა JAMA Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წონის კლების პარალელურად, პაციენტებში ალკოჰოლისადმი ლტოლვის შემცირება აქამდე მხოლოდ თეორიულ დონეზე განიხილებოდა. ახალმა კვლევამ ეს ტენდენცია დაადასტურა. 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, იმ პაციენტების 44.2%-მა, რომლებიც თერაპიის დაწყებამდე ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდნენ, სასმელის მიღება შეამცირა.

მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია (54.1%) იმ ჯგუფში, რომელსაც ალკოჰოლის ჭარბი, არაჯანსაღი მოხმარების (unhealthy alcohol use) რისკი აღენიშნებოდა. თუმცა, ავტორები სამედიცინო საზოგადოებას ნაადრევი კლინიკური დასკვნების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ნაშრომმა მხოლოდ ალკოჰოლის საზიანო მოხმარების რისკის მქონე პირები გამოავლინა და არა ალკოჰოლის მოხმარების აშლილობის (AUD) დიაგნოზის მქონე პაციენტები. გარდა ამისა, კვლევა არ ზომავს სასმელის შემცირების ზუსტ მოცულობას.

„ჩვენ არ შეგვისწავლია წონის კლების პრეპარატების ეფექტიანობა ალკოჰოლის მოხმარების შესამცირებლად — ამისთვის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევაა საჭირო. ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო, მავნე სმის მაღალი რისკის მქონე ჯგუფში, განსხვავდებოდა თუ არა ალკოჰოლის მიღების გამოცდილება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ეს რისკი არ დაუდასტურდათ“, — განმარტავს კვლევის თანაავტორი, ფსიქიატრიის პროფესორი ალისა ბუში.

სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლდამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტები (მაგალითად, დისულფირამი) 1940-იანი წლებიდან არსებობს, აშშ-ის ეროვნული მონაცემებით, პაციენტთა მხოლოდ 3-5% იყენებს მათ. თუ ამჟამად მიმდინარე კლინიკური ცდები წონის კლების მედიკამენტების ეფექტიანობას დაადასტურებს, ის ალკოჰოლდამოკიდებულების მართვის პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ალტერნატივა გახდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად პაციენტებში ინფორმირებულობა დაბალია — გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ს ჰქონდა მოსმენილი, რომ მსგავსი პრეპარატები ალკოჰოლის მოხმარებას ამცირებს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები