ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) სიხშირემ მრავალ სახელმწიფოში დრამატულად იმატა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფიქსირებულია, რომ ბავშვების 11%-ზე მეტს ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ერთხელ მაინც დაუდგინდა ეს დიაგნოზი. ამ მასშტაბურმა მოვლენამ გლობალური დისკუსიის საფუძველი შექმნა იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ADHD-ის დიდი რაოდენობით იდენტიფიცირება და როგორ უნდა უზრუნველვყოს ჯანდაცვამ ამ ადამიანების მხარდაჭერა.

რა არის ADHD?
ADHD არის კომპლექსური ნეიროგანვითარებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება შემდგომი სიმპტომებით: ყურადღების დეფიციტი, იმპულსურობა და ჰიპერაქტიურობა. დიაგნოსტიკისთვის ეს კლინიკური ნიშნები პერმანენტულად უნდა ვლინდებოდეს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში რამდენიმე გარემოში (მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სახლში) და მნიშვნელოვნად აფერხებდეს ინდივიდის ყოველდღიურ ფუნქციონირებას.
ADHD ვლინდება სამი კლინიკური ფორმით: უპირატესად ყურადღების დეფიციტით, უპირატესად ჰიპერაქტიურ-იმპულსურობით ან კომბინირებული ტიპით.
დიაგნოზის დასმის საკვანძო კრიტერიუმია ფუნქციონირების დარღვევა (impairment) – რაც გულისხმობს, რომ სიმპტომებმა უნდა გამოიწვიოს შესამჩნევი და ობიექტურად დადასტურებული პრობლემები აკადემიურ, პროფესიულ ან სოციალურ გარემოში. ეს სუბიექტური დიაგნოსტიკური ზღვარი ართულებს შეფასების პროცესს, ვინაიდან კლინიცისტებს ესაჭიროებათ სიმპტომების სიმძიმის შედარება ნეიროტიპური განვითარების ფარგლებში არსებულ ფუნქციონირების ვარიაციებთან (შედარება ნორმასთან).
რა განაპირობებს ADHD დიაგნოზის ზრდას?
ADHD დიაგნოზის სიხშირის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული და ეს ტენდენცია პირდაპირ არ მიანიშნებს ADHD-ის მქონე პირთა აბსოლუტური რაოდენობის მატებაზე. უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია დიაგნოსტიკური სიზუსტის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ცნობიერების დონის ამაღლება, რაც ხელს უწყობს, რომ მეტმა ინდივიდმა მიმართოს სპეციალისტს დიაგნოზისა და ეფექტური თერაპიული ჩარევის მისაღებად. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგონები და ქალები, რომელთა მდგომარეობაც ისტორიულად ხშირად სათანადო ყურადღებას გარეშე რჩებოდა სიმპტომების შედარებით განსხვავებული გამოვლინების გამო, ახლა უფრო ხშირად ხდებიან იდენტიფიცირებულები.
მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოსტიკური გზამკვლევების განახლებამ კრიტერიუმების გაფართოება გამოიწვია. კერძოდ, ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურმა და სტატისტიკურმა სახელმძღვანელომ (DSM) მეხუთე გამოცემაში (DSM-5) დაწია ასაკობრივი და სიმპტომური ზღვარი, რითაც მეტ ინდივიდს მიეცა შესაძლებლობა, დაეკმაყოფილებინა ოფიციალური დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. აგრეთვე, კლინიცისტები დღეს უფრო ინკლუზიურად უდგებიან დიაგნოსტიკას და ხშირად ADHD-ის დიაგნოზს სხვა თანმხლებ აშლილობებთან ერთად სვამენ, მათ შორის აუტიზმთან, შფოთვასთან და დეპრესიასთან ერთად.
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება – განსაკუთრებით ციფრული და სოციალური მედიის პლატფორმების, მაგალითად, TikTok-ის მეშვეობით – აქეზებს ინდივიდებსა და მშობლებს, მოითხოვონ კვალიფიციური შეფასება. მრავალი ადამიანისთვის ეს “ინფორმაციული ექსპოზიცია” ხსნის წლების განმავლობაში არსებულ, მაგრამ გაუგებარ სიმპტომებს, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს დიაგნოსტირების სიხშირის ზრდას. თუმცა, გასათვალისწინებელია საპირისპირო მხარეც: სოციალურ ქსელებში გაზიარებული სიმპტომების მარტივი თანხვედრა ავტომატურად არ გულისხმობს დიაგნოზის დადასტურებას.
დიაგნოსტიკის ზრდის ორმაგი ბუნება
მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოსტირების ზრდა უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას, არსებობს საფუძვლიანი ეჭვები ჰიპერდიაგნოსტიკის და მედიკამენტების არაადეკვატურად გამოყენების თაობაზე. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც დიაგნოზი ისმება სიღრმისეული კლინიკური შეფასების გარეშე, ზოგჯერ მოკლეხსნიანი ონლაინ სკრინინგის საფუძველზეც კი. თუმცა, ამის ფონზე, მრავალი ექსპერტი ამტკიცებს, რომ არასაკმარისი დიაგნოსტიკა – განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებსა და გოგონებსა/ქალებს შორის – კვლავაც პრობლემური საკითხია.
ADHD-ის უყურადღებოდ დატოვება სერიოზული შედეგების მომტანია: მან შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აკადემიურ სფეროში, უბედური შემთხვევების გაზრდილი რისკი და ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე გართულებები. რაც შეეხება მკურნალობას, მეთილფენიდატის მსგავსი სტიმულატორების გამოყენება წამყვანია, რადგან მისი მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება ათწლეულების სამეცნიერო კვლევებით არის გამყარებული, თუ ის სათანადოდ იმართება. გარდა ამისა, მკურნალობის სტრატეგიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს ქცევითი თერაპია და გარემოს მოდიფიკაცია.
წყარო: nature

