„ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მომავალს ქმნის“ — ნინო ჭაღიაშვილი ევროპის კარდიოლოგთა კონგრესზე

გააზიარე

ESC (ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების) 2026 წლის კონგრესზე, მიუნხენში, მქონდა დიდი პატივი ვყოფილიყავი რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო სესიის თავმჯდომარე, რომლებიც თანამედროვე კარდიოლოგიის არაერთ აქტუალურ და სწრაფად განვითარებად მიმართულებას დაეთმო.

სესიებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორსულობასა და გულს — ორსულობის პერიოდში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ ამოცნობას, არსებული კარდიოვასკულური პათოლოგიის მართვასა და რისკის თანამედროვე სტრატიფიკაციას.

ასევე ვუხელმძღვანელე სესიებს მწვავე ფილტვის ემბოლიის მიმართულებით, სადაც განხილული იყო რისკის შეფასების თანამედროვე მიდგომები, კლინიკური თავისებურებები, ბიომარკერების როლი და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უფრო ზუსტი და პერსონალიზებული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან სესიაზე ყურადღება დაეთმო მარცხენა წინაგულის ფუნქციას, გულის სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს, თანამედროვე ვიზუალიზაციის მეთოდებსა და ციფრულ ფენოტიპირებას. განხილული იყო ექოკარდიოგრაფიისა და კარდიოვასკულური მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის შესაძლებლობები, დიასტოლური დისფუნქციისა და ფილტვის ჰიპერტენზიის შეფასება, ასევე შეგუბებისა და ჰემოდინამიკური მდგომარეობის ახალი მარკერები.

კონგრესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კარდიომეტაბოლური ჯანმრთელობის საკითხებიც — სიმსუქნის გავლენა გულ-სისხლძარღვთა რისკზე, გულის უკმარისობაზე და მეტაბოლურ დარღვევებზე, ასევე თანამედროვე ფარმაკოლოგიური მიდგომების როლი წონის მართვასა და კარდიოვასკულური რისკის შემცირებაში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ESC Heart Team Challenge-ის ფაკულტეტის წევრობა, სადაც მასწავლებლისა და მენტორის როლი შევითავსე.

ეს იყო დინამიკური, ქეისებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო ვორქშოფი, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის კარდიოლოგები გააერთიანა რეალურ კლინიკურ შემთხვევებზე მუშაობისთვის. მონაწილეები გუნდურად აანალიზებდნენ რთულ კლინიკურ სიტუაციებს, აერთიანებდნენ კლინიკურ, ვიზუალიზაციისა და ბიომარკერების მონაცემებს და გადაწყვეტილებებს თანამედროვე ESC გაიდლაინების საფუძველზე იღებდნენ.

ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო კოლეგებთან მუშაობა — მათი კლინიკური აზროვნების მოსმენა, რთული გადაწყვეტილებების განხილვა, სხვადასხვა მიდგომის ერთმანეთთან შედარება და იმ მიზეზების გაანალიზება, თუ რატომ შეიძლება ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება უკეთესი იყოს კონკრეტული პაციენტისთვის.

მასწავლებლისა და მენტორის როლი ჩემთვის მხოლოდ ცოდნის გაზიარებას არ ნიშნავს. ეს არის კლინიკური აზროვნების სწორად წარმართვა, კითხვების დასმა, დისკუსიის წახალისება და კოლეგების დახმარება, რათა რთულ სიტუაციებში თავად შეძლონ საუკეთესო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სესიების წარმართვა, მომხსენებლებთან პროფესიული დისკუსია, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების კლინიკურ პრაქტიკასთან დაკავშირება ჩემთვის იყო არა მხოლოდ დიდი პროფესიული პატივი, არამედ განსაკუთრებული გამოცდილება და მოტივაცია.

ვამაყობ, რომ მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პროფესიული გამოცდილება წარმომედგინა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზეროგორც სესიების თავმჯდომარეს, ასევე მასწავლებელსა და მენტორსდა ვყოფილიყავი იმ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო დიალოგის ნაწილი, რომელიც თანამედროვე კარდიოლოგიის მომავალს ქმნის.

 ნინო ჭაღიაშვილი , კარდიოლოგი, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი , მედიცინის დოქტორი,  ასოცირებული პროფესორი, FESC

პინეო სამედიცინო ეკოსტიტემის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები