ალბათ, გამოგიცდიათ მდგომარეობა, როდესაც ხანგრძლივი დაძაბულობის შემდეგ ჩვეულებრივი საქმის შესრულებაც გიჭირთ. გეფანტებათ ყურადღება, გავიწყდებათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გადაწყვეტილების მიღებას იმაზე მეტ დროს ანდომებთ, ვიდრე ჩვეულებრივ.
ეს შეიძლება მხოლოდ დაღლილობის შედეგი არ იყოს. ხანგრძლივ სტრესს შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ ნერვულ ქსელებზე, რომლებიც მეხსიერებას, ყურადღებასა და ემოციების რეგულირებას უზრუნველყოფს.
2–6 ნოემბერს სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. მისი მიზანია სტრესის გავლენის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმა.
ამ კვირეულის ფარგლებში უკვე განვიხილეთ, როგორ რეაგირებს ორგანიზმი სტრესზე. ამჯერად სხვა საკითხზე ვისაუბროთ: რა ემართება ტვინს, როდესაც სტრესი ხანგრძლივად გრძელდება? შეუძლია თუ არა ასეთ მდგომარეობას ტვინის სტრუქტურის შეცვლა და რამდენად შესაძლებელია შემდგომში მისი აღდგენა?
როგორ მოქმედებს სტრესი მეხსიერებაზე?
ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურა, რომელზეც ქრონიკული სტრესი მოქმედებს, ჰიპოკამპია.
ჰიპოკამპი ახალი მოგონებების ფორმირებაში, ინფორმაციის დამუშავებასა და სივრცით ორიენტაციაში მონაწილეობს. სწორედ მისი დახმარებით შეგვიძლია გავიხსენოთ, სად დავტოვეთ გასაღები ან რა ვისწავლეთ წინა დღეს.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხანგრძლივმა სტრესმა შეიძლება ჰიპოკამპში ნეირონების სტრუქტურა შეცვალოს. კერძოდ, ზოგიერთ ნეირონს უმოკლდება დენდრიტები; განშტოებები, რომელთა საშუალებითაც სხვა ნეირონებისგან სიგნალებს იღებს.
შესაძლოა, შეიცვალოს ნეირონებს შორის კავშირების რაოდენობა და ეფექტიანობაც.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან მეხსიერება მხოლოდ ინფორმაციის შენახვა არ არის. მისი მუშაობა ნერვული უჯრედების ურთიერთკავშირზეა დამოკიდებული.
ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმაც გამოავლინა კავშირი ხანგრძლივ სტრესულ გამოცდილებასა და ჰიპოკამპის სტრუქტურულ თავისებურებებს შორის. თუმცა ასეთი კავშირი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ცვლილებები უშუალოდ სტრესმა გამოიწვია.
რატომ გვიჭირს გადაწყვეტილებების მიღება?
ქრონიკული სტრესი მხოლოდ მეხსიერებაზე არ მოქმედებს.
ტვინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უბანია პრეფრონტალური ქერქი, რომელიც დაგეგმვაში, ყურადღების მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებასა და იმპულსების კონტროლში მონაწილეობს.
მისი დახმარებით შეგვიძლია რამდენიმე შესაძლო მოქმედება შევაფასოთ, გავითვალისწინოთ მოსალოდნელი შედეგები და გრძელვადიან მიზნებზე ვკონცენტრირდეთ.
ხანგრძლივი სტრესის პირობებში ამ უბნის ნერვული კავშირები და ფუნქციონირება შეიძლება შეიცვალოს. შედეგად, ადამიანს ზოგჯერ უჭირს რთულ ამოცანებზე კონცენტრირება, ახალი ინფორმაციის გათვალისწინება და უკვე მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა.
მაგალითად, შეიძლება კარგად ნაცნობი სამუშაოს შესრულებისას უფრო ხშირად დაუშვას შეცდომები ან ნაკლებად მოქნილად მიუდგეს პრობლემის გადაჭრას.
ეს დაკავშირებულია კოგნიტიურ მოქნილობასთან; უნართან, რომელიც ახალი გარემოებების შესაბამისად აზროვნებისა და ქცევის შეცვლაში გვეხმარება.
რატომ შეიძლება ტვინი საფრთხის მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდეს?
სტრესთან დაკავშირებული ცვლილებები ამიგდალასაც ეხება. ეს სტრუქტურა ემოციური მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფრთხესთან დაკავშირებული გამოცდილების შესწავლისას.
ცხოველებზე ჩატარებული ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ქრონიკული სტრესის პირობებში ამიგდალის გარკვეულ ნაწილებში ნეირონებს შორის კავშირები შეიძლება გაძლიერდეს.
საინტერესოა, რომ სხვადასხვა უბანში ცვლილებები ერთნაირი არ არის: ჰიპოკამპისა და პრეფრონტალური ქერქის ზოგიერთი ნეირონის განშტოებები შეიძლება შემცირდეს, ამიგდალის გარკვეულ ქსელებში კი საპირისპირო ცვლილებები განვითარდეს.
ამის შედეგად ორგანიზმი, შესაძლოა, უფრო ფხიზელი გახდეს პოტენციური საფრთხის მიმართ. ევოლუციური თვალსაზრისით, ასეთი ადაპტაცია გარკვეულ გარემოებებში სასარგებლოც იქნებოდა. თუ საფრთხე მუდმივად არსებობს, მისი სწრაფად ამოცნობა გადარჩენის შანსს ზრდის.
პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც მომატებული სიფხიზლე უსაფრთხო გარემოშიც ნარჩუნდება.
შესაძლებელია თუ არა ტვინის აღდგენა?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია ერთი რამ — ნეიროპლასტიკურობა!
ნეიროპლასტიკურობა ტვინის უნარია, გამოცდილებისა და გარემო პირობების შესაბამისად შეცვალოს თავისი სტრუქტურა და ფუნქციონირება. სწორედ ეს თვისება გვაძლევს სწავლის, ახალი უნარების ათვისებისა და გარკვეული დაზიანებების შემდეგ ფუნქციების აღდგენის შესაძლებლობას.
ქრონიკული სტრესით გამოწვეული ზოგიერთი ცვლილებაც შეიძლება შექცევადი იყოს. მაგალითად, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესული პირობების დასრულების შემდეგ ჰიპოკამპში ნეირონების განშტოებები შეიძლება კვლავ გაიზარდოს, ხოლო სივრცითი მეხსიერების გარკვეული დარღვევები შემცირდეს.
2018 წელს გამოქვეყნებულმა სამეცნიერო მიმოხილვამ სწორედ ეს პროცესი განიხილა. ავტორების მიხედვით, აღდგენა ყოველთვის თავდაპირველ მდგომარეობაში უბრალო დაბრუნებას არ ნიშნავს. ტვინს შეუძლია ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად ახალი ადაპტაციური ცვლილებები განავითაროს.
ადამიანებში სრული აღდგენის შესაძლებლობის შეფასება უფრო რთულია. შედეგები დამოკიდებულია სტრესის ხანგრძლივობაზე, ასაკზე, გამოცდილებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული ასაკი. ბავშვობაში გადატანილ ძლიერ სტრესსა და ტვინის ზოგიერთი უბნის სტრუქტურულ თავისებურებებს შორის კავშირი არაერთმა კვლევამ გამოავლინა.
ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვობაში სტრესის განცდა აუცილებლად ტვინის შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. კვლევები მხოლოდ აჩვენებს, რომ ადრეულ გამოცდილებას ზოგჯერ ხანგრძლივი კვალი შეიძლება ჰქონდეს.
რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
ქრონიკული სტრესი ტვინის გარდაუვალ დაზიანებას არ ნიშნავს. ადამიანებს განსხვავებული გამძლეობა აქვთ, ხოლო ტვინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ინარჩუნებს ცვლილებისა და ადაპტაციის უნარს.
სტრესის წყაროების შემცირება, საკმარისი ძილი, ფიზიკური აქტივობა, სოციალური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში პროფესიული დახმარება შეიძლება აღდგენას ხელს უწყობდეს.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ტვინი სტატიკური ორგანო არ არის. ის მუდმივად იცვლება გარემოსთან ურთიერთქმედებისას.
ხანგრძლივ სტრესს შეუძლია ამ ცვლილებებს არასასურველი მიმართულება მისცეს, თუმცა ნეიროპლასტიკურობის წყალობით ტვინს ადაპტაციისა და ფუნქციების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც აქვს.

