წონის კლების პრეპარატების ბუმი ინსულინის გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის — ექსპერტების გაფრთხილება

გააზიარე

ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან წონის კლების პრეპარატებზე (GLP-1) მასიური ფოკუსირება ზრდის რისკს, რომ ინსულინისა და დიაბეტის სხვა საბაზისო სამკურნალო საშუალებების წარმოება ყურადღების მიღმა დარჩეს. Access to Medicine Foundation-ის ახალი ანგარიშის თანახმად, სანამ მდიდარი სახელმწიფოები სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტებს მასობრივად მოიხმარენ, ღარიბ ქვეყნებში პაციენტებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსულინზეც კი არ აქვთ წვდომა.

ისეთმა GLP-1 კლასის პრეპარატებმა, როგორებიცაა Novo Nordisk-ის Ozempic და Eli Lilly-ს Mounjaro, სიმსუქნისა და დიაბეტის მართვაში რევოლუცია მოახდინა. თუმცა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეი აიერის განცხადებით, მწარმოებლების მთავარი სამიზნე ახლა სიმსუქნის ბაზარია, რაც ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებს არ ეხმარება. „ინსულინის შექმნიდან 105 წლის შემდეგაც კი, მილიონობით ადამიანს ამ წამალზე წვდომა ისევ არ აქვს“, — აღნიშნავს იგი.

მსოფლიოში დიაბეტით დაახლოებით 589 მილიონი ზრდასრული ცხოვრობს, რომელთა 81% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე (მაგალითად: პაკისტანი, ეგვიპტე, იორდანია) მოდის. წონის კლების ინიექციები და აბები ფარმაცევტულ კომპანიებს გაცილებით მაღალ მოგებას აძლევს, ვიდრე ტრადიციული მედიკამენტები. აიერის თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ ბაზრის სამი მთავარი მოთამაშიდან (Sanofi, Eli Lilly და Novo Nordisk) რომელიმემ ინსულინის ბაზარი დატოვოს, რაც ტიპი 1 და ინსულინდამოკიდებული ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის კატასტროფული იქნება.

დანიურმა Novo Nordisk-მა უკვე დააანონსა, რომ დიაბეტის ზოგიერთი ძველი პროდუქტის, მათ შორის ინსულინის კალმების წარმოებიდან ამოღებას გეგმავს, თუმცა, კომპანიაში განმარტავენ, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ინსულინის მიწოდების ალტერნატიულ გზებს განიხილავენ. პარალელურად, ფრანგულმა Sanofi-მ ფრანკფურტში ინსულინის წარმოების ახალი ხაზის მშენებლობა დაიწყო, Eli Lilly-მ კი სექტემბერში ტიპი 2 დიაბეტის მქონე ზრდასრულებისთვის კვირაში ერთხელ გასაკეთებელი ახალი ინსულინის ავტორიზაცია მიიღო.

GLP-1 კლასის პრეპარატები თავდაპირველად ტიპი 2 დიაბეტის სამართავად შეიქმნა, თუმცა სიმსუქნის წინააღმდეგ მათმა ეფექტურობამ ფარმაცევტული კომპანიებისთვის უზარმაზარი, მომგებიანი ბაზარი გახსნა. დღეს ეს მედიკამენტები მდიდარ ქვეყნებში ფართოდაა ხელმისაწვდომი, ღარიბ ქვეყნებში კი მათი მაღალი ფასი პაციენტებისთვის გადაულახავ ბარიერად რჩება. ფონდის ანგარიშის მიხედვით, კვლევისა და განვითარების ეტაპზე მყოფი 25 ახალი პრეპარატიდან უმეტესობა კვლავ ტიპი 2 დიაბეტზეა ფოკუსირებული და მხოლოდ 10 ისახავს მიზნად ტიპი 1 დიაბეტის მკურნალობას.

წყარო: The Guardian 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები