როგორ აზიანებს ბაქტერიების ნაკლებობა ჩვილებს

გააზიარე

რას იწვევს ბიფიდობაქტერიების ნაკლებობა ჩვილებში? ამერიკაში ჩატარებულმა ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ახალშობილების უმრავლესობას ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაქტერია საერთოდ არ აქვს. დეფიციტი მომავალში ალერგიებისა და იმუნური პრობლემების განვითარების რისკს ზრდის. 

კვლევა, სახელწოდებით My Baby Biome, 412 ჩვილს ჩაუტარდა. მეცნიერების თქმით, ეს აშშ-ში ჩვილების ნაწლავური მიკრობიომის ყველაზე მასშტაბური კვლევაა. აღმოჩნდა, რომ ყოველ მეოთხე ჩვილს ბიფიდობაქტერიები ნაწლავებში საერთოდ არ აქვს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ მნიშვნელოვანი ბაქტერიების დეფიციტს ხშირად პათოგენური მიკროორგანიზმები ცვლიან, რაც იმუნური გართულებების რისკს ზრდის. მეცნიერები შიშობენ, რომ ეს რეალობა ზრდასრულობის ასაკში  ალერგიის, ასთმისა და სხვა იმუნური დარღვევების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბიფიდობაქტერიები, განსაკუთრებით B. infantis და B. breve, ხელს უწყობენ იმუნური სისტემის სწორ განვითარებას და აფერხებენ იმ გენების გავრცელებას, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ გამძლეობას იწვევს. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვილებში, რომლებიც საკეისრო კვეთით დაიბადნენ და ძუძუთი იკვებებოდნენ, ბიფიდობაქტერიების რაოდენობა კიდევ უფრო დაბალია. ასეთ შემთხვევაში ნაწლავებში პათოგენური ბაქტერიები უფრო აქტიურად მრავლდებიან. შესაბამისად, ძუძუთი კვება, რაც ჩვეულებრივ ბავშვის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, ამ შემთხვევაში შესაძლოა დამატებით რისკად იქცეს. კვლევით ასევე გაირკვა, რომ ჩვილებს, რომელთა ნაწლავებშიც ბიფიდობაქტერიები იყო, ორ წლამდე ასაკში ალერგია, ასთმა და კანის ანთებითი დაავადებები გაცილებით იშვიათად უვლინდებოდათ. კონკრეტულად კი  B. breve-ის არსებობამ ამ გართულებების განვითარების რისკი თითქმის ოთხჯერ შეამცირა.

მეცნიერები კიდევ შვიდი წლის განმავლობაში გააგრძელებენ ბავშვების ჯანმრთელობის მონიტორინგს, თუმცა უკვე აცხადებენ, რომ ნაწლავური მიკრობიომის ცვლილებები, რაც თანამედროვე საზოგადოებებში სულ უფრო ხშირია, შესაძლოა მნიშვნელოვნად აისახოს ბავშვების გრძელვადიან ჯანმრთელობაზე.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა გახდეს ნაწლავის მიკროფლორის მიზნობრივი გაძლიერება და იმ მიკრობების დაბრუნება, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანთან ერთად ცხოვრობდნენ და მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

სრულად კვლევა იხილეთ ბმულზე

Jarman, J. B.,  et al. (2025). Bifidobacterium deficit in United States infants drives prevalent gut dysbiosis. Communications Biology, 8, Article 867. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები