“10 წელიწადში ხელოვნური ინტელექტი კიბოსა და ალცჰაიმერს სრულად დაამარცხებს”

გააზიარე

ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანია Anthropic-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, დარიო ამოდეი აცხადებს, რომ მომდევნო ათწლეულში ტექნოლოგიას ისეთი რთული დაავადებების სრულად დამარცხება შეუძლია, როგორებიცაა კიბო, ალცჰაიმერი და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. მისმა პროგნოზმა სამედიცინო საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროგრესი მოცემულ დროში მეცნიერულად არარეალისტურია.

განცხადება კომპანიის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებულ 42-წუთიან ვიდეოში გაჟღერდა. ამოდეიმ ასევე ახსენა ფსიქიკური აშლილობები და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიას „სასწაულების ეპოქის“ დაწყება და ამ დაავადებების ისტორიად ქცევა 10 წელზე ნაკლებ დროში შეუძლია.

სამედიცინო ექსპერტები ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ. გერმანიის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კარლ ლაუტერბახმა აღნიშნა, რომ AI მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მედიცინაში, თუმცა 10 წელი აღნიშნული შედეგების მისაღწევად აბსოლუტურად არასაკმარისია. AI-სამედიცინო მკვლევრის, მელინდა ჩუსა და ბიოტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელის, რამი ელგანდურის შეფასებით, ეს პროგნოზი რეალურ კლინიკურ მიღწევებს კი არა, Anthropic-ის საჯარო ლისტინგის გარშემო აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კომპანია 1 ტრილიონი დოლარის საბაზრო შეფასების მიღებას ცდილობს.

კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ სამედიცინო კვლევების ფუნდამენტურ სირთულეზე. მაგალითად, კიბო არ არის ერთი კონკრეტული დაავადება — ის განსხვავებული ბიოლოგიური მახასიათებლების მქონე მდგომარეობათა რთული ერთობლიობაა. ალცჰაიმერისა და ფსიქიკური აშლილობების ნეირობიოლოგიური მექანიზმები კი ბოლომდე კვლავ შეუსწავლელია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი წარმატებით გამოიყენება პოტენციური მედიკამენტების იდენტიფიცირებისთვის, მონაცემების კლინიკურ, ფართოდ ხელმისაწვდომ მკურნალობად გარდაქმნა სრულიად სხვა, ხანგრძლივი და კომპლექსური გამოწვევაა.

ამ განცხადებების პარალელურად, Anthropic ფარმაცევტულ და ბიოლოგიურ კვლევებში პოზიციებს რეალურადაც იძლიერებს. კომპანიამ უკვე შეისყიდა რამდენიმე ბიოტექნოლოგიური სტარტაპი, დაიწყო მედიკამენტების აღმოჩენის პროექტები და სან-ფრანცისკოში სველი ლაბორატორია (Wet lab) დააარსა. თუმცა, როგორც სპეციალისტები ასკვნიან, დაავადების უკეთ შესწავლასა და მის სრულ დამარცხებას შორის არსებული უზარმაზარი ნაპრალის 10 წელიწადში ამოვსება, ამ ეტაპზე, დადასტურებულ სამედიცინო ხედვას კი არა, მხოლოდ ტექნოლოგიურ ამბიციას წარმოადგენს.

წყარო: Firstpost

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები