back to top

40 მილიონიანი ინვესტიცია ჯანდაცვაში: IFC საქართველოში პირველი სოციალური ობლიგაციების ინვესტორი გახდა

გააზიარე

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის მიერ გამოშვებული სოციალური ობლიგაციების სტრატეგიული ინვესტორი გახდა. ეს პირველი შემთხვევაა კავკასიის მასშტაბით, როდესაც ჯანდაცვის სექტორში მსგავსი ინსტრუმენტი გამოიყენება.

IFC-ის ინვესტიცია 40 მილიონ ლარს შეადგენს და ის 350 მილიონი ლარის (დაახლოებით 130 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი) მოცულობის ემისიის ნაწილია. აღსანიშნავია, რომ ეს არის ყველაზე მსხვილი კორპორაციული ემისია, რომელიც საქართველოში ლარში განხორციელდა.

ამ ინვესტიციის მთავარი მიზანი ჯანდაცვის მომსახურების, განსაკუთრებით კი მაღალი ხარისხის ონკოლოგიური და ამბულატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის.

სიმსივნე საქართველოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენციული ამბულატორიული მკურნალობა. სოციალური ობლიგაციებიდან მოზიდული თანხა სწორედ ამ მიმართულებით იქნება გამოყენებული, რაც პაციენტების მკურნალობის შედეგებს გააუმჯობესებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას გაზრდის.

ლარში დენომინირებული ეს ობლიგაცია 5-წლიანი ვადით არის გამოშვებული, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ განთავსებამ კერძო ინვესტიციების მობილიზება მოახდინა და ინვესტორებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ ფინანსური შემოსავალი მიიღონ, არამედ დადებითი სოციალური გავლენაც იქონიონ.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომელიც მოიცავს 50-მდე საავადმყოფოს, კლინიკასა და ლაბორატორიას. IFC-ის ინვესტიცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის ფართო საქმიანობის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრების განვითარებაა. 1995 წლიდან დღემდე, IFC-მ საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

IFC 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები