back to top

კვლევა: სიცხე ადამიანის ორგანიზმის დაბერების პროცეს აჩქარებს

გააზიარე

ტაივანში ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, რომელშიც თითქმის 25,000 ადამიანი მონაწილეობდა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ, შესაძლოა, დააჩქაროს ორგანიზმის დაბერების პროცესი და გაზარდოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების განვითარების რისკი.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ სითბური ტალღების კუმულაციური ზემოქმედება ბიოლოგიურ ასაკს მკვეთრად ზრდის. ეს ეფექტი შედარებულია რეგულარული მოწევითა და ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეულ შედეგებთან. რაც უფრო დიდხანს განიცდის ადამიანი სითბურ ტალღის ზემოქმედებას, მით უფრო სწრაფად ბერდება მისი ორგანოები.

მკვლევრებმა 2008-დან 2022 წლამდე შეგროვებული სამედიცინო მონაცემები გააანალიზეს. ამ 15-წლიან პერიოდში ტაივანში დაახლოებით 30 ძლიერი სითბური ტალღა დაფიქსირდა.

მეცნიერებმა ბიოლოგიური დაბერების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ინდიკატორი გამოიყენეს, მათ შორის ღვიძლის, ფილტვებისა და თირკმელების ფუნქციები, ასევე სისხლის წნევა და ორგანიზმში არსებული ანთებითი პროცესები. მათ აღმოაჩინეს, რომ საშუალოდ ყოველ დამატებით 1.3 °C-ით გაზრდილი ტემპერატურა ადამიანის ბიოლოგიურ ასაკს დაახლოებით 0.02-დან 0.03 წლით ზრდის. ეს მცირე რიცხვი, დროთა განმავლობაში, ჯამურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კვლევის მიხედვით, ძლიერი სიცხისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ მძიმე ფიზიკური შრომით დაკავებული და სოფლად მცხოვრები პირები, რაც, სავარაუდოდ, ჰაერის კონდიცირების სისტემებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობით აიხსნება. 

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ სიცხეს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანი მოაქვს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მაღალი ტემპერატურა ადამიანს ჩვეულებრივზე სწრაფად აბერებს.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები