რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებმა ჰოსპიტალიზაცია მკვეთრად შეამცირა — ახალი კლინიკური მონაცემები

გააზიარე

ბოლო პერიოდში დანერგილმა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის (RSV) საწინააღმდეგო ვაქცინებმა და მონოკლონურმა ანტისხეულებმა მოწყვლად ჯგუფებში, ახალშობილებსა და ხანდაზმულებში, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეამცირა. RSV სასუნთქი გზების ფართოდ გავრცელებული ინფექციაა, რომელიც მოზრდილებში უმეტესად ჩვეულებრივი გაციების მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობს, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებში ხშირად ფილტვების მძიმე ანთებას, ბრონქიოლიტსა და სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს იწვევს. დანიის, შოტლანდიის, არგენტინისა და ჩილეს გამოცდილებაზე დაყრდნობილი საერთაშორისო მონაცემები ვირუსის წინააღმდეგ იმუნიზაციის მაღალ ეფექტიანობას ადასტურებს.

„მონაცემებში რაღაც შეცდომაა. საავადმყოფოებში ძალიან ცოტა პაციენტია“, — იხსენებს კოლეგის სიტყვებს ეპიდემიოლოგი კაროლინ კლინტ იოჰანესენი, როდესაც ის გასული ზამთრის ჯანდაცვის ჩანაწერებს აანალიზებდა.

2025 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დანიამ ორსულებში RSV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა დაიწყო. დედის ორგანიზმში ვაქცინით გამომუშავებული ანტისხეულები პლაცენტას კვეთს და ახალშობილს სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში იცავს — ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც რესპირატორული ვირუსი მისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ხოლო იმ მაღალი რისკის მქონე ახალშობილებს (მათ შორის, დღენაკლულებს), რომელთა დედებიც არ იყვნენ ვაქცინირებულნი, უშუალოდ მონოკლონური ანტისხეულების ინიექცია გაუკეთდათ. როგორც იოჰანესენი აღნიშნავს, ამ მიდგომამ ჩვილთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად დაწია.

გლობალური სტატისტიკა და რისკები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, RSV ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 3.6 მილიონი ბავშვის ჰოსპიტალიზაციასა და დაახლოებით 100 000-ის გარდაცვალებას იწვევს. ფატალური შემთხვევების 97% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის.

ვირუსი თანაბრად საშიშია ხანდაზმულებისთვისაც, თუმცა ამ რისკს ხშირად სათანადოდ არ აფასებენ. 60 წლის ზემოთ ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება, განსაკუთრებით თანმხლები გულ-სისხლძარღვთა ან ფილტვის ქრონიკული დაავადებების ფონზე. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, გასული ორი ზამთრის განმავლობაში RSV-ით ყოველწლიურად 10 000-დან 25 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

არსენალის გაფართოება და ახალი მტკიცებულებები

2022 წელს ევროპის მარეგულირებელმა ორგანოებმა RSV-ის საწინააღმდეგო ხანგრძლივმოქმედი მონოკლონური ანტისხეული — ნირსევიმაბი (Nirsevimab) დაამტკიცეს. მას შემდეგ ზრდასრულებისთვის კიდევ ერთი ანტისხეული და სამი ვაქცინა შეიქმნა, რომელთაგან ერთ-ერთი ორსულებისთვისაც უსაფრთხოა. „უბრალოდ გასაოცარია, რომ RSV-ის პრევენციის არარსებული მექანიზმიდან ასეთ ფართო არჩევანზე გადავედით“, — აღნიშნავს პედიატრი ბადი კრიჩი.

ედინბურგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, ტინგ შის კვლევის თანახმად, იმუნიზაციის სამივე კლასმა (მონოკლონური ანტისხეულები, ორსულთა ვაქცინაცია და ხანდაზმულთა ვაქცინაცია) ვირუსის წინააღმდეგ 70-80%-იანი დაცვა უზრუნველყო და უსაფრთხოების კუთხით ახალი რისკები არ გამოვლენილა.

ეროვნული და რეგიონული მონაცემებიც საკმაოდ პოზიტიურია:

  • შოტლანდიაში, სადაც ვაქცინა თავდაპირველად მხოლოდ 75-79 წლის ასაკობრივ ჯგუფს შესთავაზეს, ამ სეგმენტში ჰოსპიტალიზაცია კრიტიკულად შემცირდა.

  • არგენტინაში ორსულთა სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვის შემდეგ, ბუენოს-აირესის რეგიონში ჩვილთა ჰოსპიტალიზაცია 34%-ით დაეცა.

  • ჩილეში, სადაც ახალშობილებს მონოკლონურ ანტისხეულებს უკეთებენ, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 77%-ით შემცირდა.

ჩვილთა დაცვის სტრატეგიები, სავარაუდოდ, მიღებული მტკიცებულებების პარალელურად კიდევ უფრო დაიხვეწება. ორსულთა ვაქცინაცია შედარებით იაფია და ჯანდაცვის არსებულ პროგრამებშიც მარტივად ინერგება. თუმცა, ახალშობილებისთვის ანტისხეულების პირდაპირი ინიექცია უმნიშვნელოვანესია იმ ბავშვების დასაცავად, რომლებმაც დედის ვაქცინაციით სარგებელი ვერ მიიღეს — მაგალითად, ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, როდესაც დედის ორგანიზმიდან ანტისხეულების გადაცემა უბრალოდ ვერ ესწრება.

ექსპერტების შეფასებით, ყველაზე მწვავე საკითხად კვლავ განვითარებად ქვეყნებში პაციენტების დაცვა რჩება. ვაქცინების ფასის შემცირებისა და ცნობიერების ამაღლების პირობებში, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში იმუნიზაციის დანერგვა გაცილებით მასშტაბურ კლინიკურ ეფექტს მოიტანს, რადგან ამ ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა სწორედ აღნიშნულ რეგიონებშია ყველაზე მაღალი.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები