ექიმებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდებში განმეორებით მონაწილეობის წესი იცვლება

გააზიარე

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებით ჩაბარების წესს ცვლის. კერძოდ, ცვლილების ამოქმედების შემდეგ, ექიმებისთვის გაუქმდება დადგენილი საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, ერთი წლის განმავლობაში გამოცდაზე მხოლოდ ორჯერ გასვლას ითვალისწინებდა, 6-თვიანი ინტერვალით.

ცვლილების ამოქმედების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაშიც შეეძლებათ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში განმეორებით მონაწილეობა გამოცდის ჩატარების დადგენილი წესისა და განრიგის შესაბამისად.

„უქმდება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონის ის ნორმა, რომლის თანახმად, „სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პირს აქვს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განმეორებითი გასვლის უფლება მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ნიშნავს თუ არა პირველი მოსმენით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გამოცდების გამარტივებას და რა პრაქტიკა მოქმედებს ევროპის ქვეყნებში, განმარტავს ჯანდაცვის ექსპერტი, თენგიზ ვერულავა:

თენგიზ ვერულავა

„სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის განმეორებითი ჩაბარების წესის გამარტივება, ჩემი აზრით, დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან მოქმედი რეგულაცია, რომელიც გამოცდებს შორის 6-თვიან ინტერვალს და განმეორებით გასვლის რაოდენობრივ შეზღუდვას ითვალისწინებს,  ხელოვნურ ბარიერს ქმნის სამედიცინო პროფესიულ საქმიანობაში შესვლისათვის. თუ კანდიდატმა გამოცდა ვერ ჩააბარა, ზოგიერთ შემთხვევაში, ამის მიზეზი შეიძლება იყოს არასაკმარისი მომზადება, საგამოცდო სტრესი ან სხვა გარემოებები. ამიტომ განმეორებითი გამოცდის შესაძლებლობა უფრო მოქნილი უნდა იყოს. თუმცა არსებობს მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი – პაციენტის უსაფრთხოება. ექიმის პროფესია პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ამიტომ სახელმწიფოს მთავარი ამოცანა უნდა იყოს არა გამოცდაზე გასვლის რაოდენობის შეზღუდვა, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ექიმმა სერტიფიკატი მიიღოს სათანადო ცოდნისა და კომპეტენციის ფარგლებში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია სასერტიფიკაციო გამოცდების ხარისხის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. საერთოდ, სასერტიფიკაციო გამოცდის მთავარი მიზანი, არის შეამოწმოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ კლინიკური აზროვნება, ასევე გადაწყვეტილების მიღების უნარი, პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომპეტენციების შეფასება“, – განმარტა თენგიზ ვერულავამ.

ჯანდაცვის ექსპერტი განმარტავს, რომ ექიმის კომპეტენციის შესაფასებლად, განმეორებით გამოცდებზე გამოყენებული უნდა იყოს განსხვავებული, მაგრამ თანაბარი სირთულის საგამოცდო ვარიანტები, რათა მრავალჯერ ჩაბარების შესაძლებლობა კითხვების მექანიკურად დამახსოვრების საშუალებად არ გადაიქცეს. მისივე თქმით, ექიმებისთვის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მექანიზმი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა მკაცრად ითვალისწინებს უსაფრთხოების კომპონენტს.

„გამოცდაზე დაშვების გამარტივება არ უნდა ნიშნავდეს გამოცდის გამარტივებას ან პროფესიული მოთხოვნების შემცირებას. აუცილებელია ვისაუბროთ სამედიცინო განათლების ხარისხზეც – თუ კანდიდატების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აბარებს გამოცდას, სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს მიზეზები. ევროპული კანონმდებლობა მოქნილობას, ადმინისტრაციული ბარიერების შემცირებას უწყობს ხელს,  მაგრამ ითვალისწინებს პაციენტის უსაფრთხოების საკითხსა და სამედიცინო განათლების ხარისხს“, – განმარტა თენგიზ ვერულავამ.

აღსანიშნავია, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მას მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები