back to top

ახალი კვლევა გვიჩვენებს, როგორ ამცირებს სიარული სიკვდილიანობის რისკს

გააზიარე

ახალმა მასშტაბურმა მეტა-ანალიზმა, რომელიც ევროპის კარდიოლოგიის საზოგადოების ჟურნალში (European Journal of Preventive Cardiology) გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვნად ამცირებს ნაადრევი სიკვდილიანობისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილის რისკს. კვლევამ, რომელიც 17 სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომს აერთიანებს, თითქმის 227 000 მონაწილის მონაცემები გააანალიზა და უპასუხა კითხვას, თუ რამდენი ნაბიჯია საჭირო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

კვლევის მთავარი დასკვნაა: “რაც მეტი, მით უკეთესი”. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის სარგებელი უკვე დღეში გადადგმული 2 337 ნაბიჯიდან იწყება, რისკი პროგრესულად მცირდება ნაბიჯების რაოდენობის მატებასთან ერთად. მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ დღეში 20 000 ნაბიჯის გადადგმაც კი სარგებლის შემცირებას არ იწვევს, რაც წინა კვლევებში ბუნდოვანი მოცემულობა იყო.

კვლევის ძირითადი მიგნებები

  • საშუალო მაჩვენებლის 1000 ნაბიჯით გაზრდა ყოველდღიურად სიკვდილიანობის რისკს 15%-ით ამცირებს.
  • 500 ნაბიჯის მატება ყოველდღიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რისკს 7%-ით ამცირებს.
  • გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი სარგებელი დღეში 2 337 ნაბიჯის გადადგმის შემდეგ იწყება.
  • ზოგადი სიკვდილიანობისთვის კი სასარგებლო ეფექტი დღეში 3 867 ნაბიჯიდან იწყება, რაც საგრძნობლად ნაკლებია დღემდე გავრცელებულ რეკომენდაციაზე – 10 000 ნაბიჯზე.

კვლევის შედეგად, ნაბიჯების რაოდენობასა და სიკვდილიანობას შორის ურთიერთმიმართების გაანალიზებისას გამოვლინდა, რომ ასაკობრივ ჯგუფებს შორის განსხვავებები არსებობს, თუმცა არა გადამწყვეტი. კერძოდ, ხანდაზმულებში (60 წელს ზემოთ), სიკვდილიანობის რისკის ყველაზე მკვეთრი შემცირება დაფიქსირდა დაახლოებით 6,000-დან 10,000-მდე ნაბიჯის დიაპაზონში (P=0.009). ახალგაზრდებში (60 წლამდე) კი ანალოგიური მაჩვენებელი 7,000-დან 13,000-მდე ნაბიჯის ფარგლებში შეინიშნება.

მიუხედავად ამ ასაკობრივი სხვაობებისა, კვლევამ აჩვენა, რომ ნაბიჯების რაოდენობისა და სიკვდილიანობის რისკის შემცირების ურთიერთობა არ არის დამოკიდებული სქესზე ან კლიმატურ ზონაზე. ეს ნიშნავს, რომ სიარულით მიღებული სარგებელი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, განურჩევლად მათი საცხოვრებელი გარემოსი.

კვლევის ავტორები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენები ხელს შეუწყობს ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით კი ისეთი მარტივი და ხელმისაწვდომი აქტივობის, როგორიცაა ფეხით სიარული. მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში არ არის გათვალისწინებული რასისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა, მისი დიდი მასშტაბი და ობიექტურად გაზომილი მონაცემები (თვითშეფასებისგან განსხვავებით) შედეგებს მეტ სანდოობასა და მნიშვნელობას ანიჭებს.

წყარო: European Journal of Preventive Cardiology

 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები