ჭკვიანი ბალიშის პირი — ახალი ტექნოლოგია თქვენს ძილის რეჟიმს გააკონტროლებს

გააზიარე

ძილის ხარისხის გასაკონტროლებლად ტარებადი მოწყობილობების გამოყენება აუცილებელი აღარ არის. მეცნიერებმა შექმნეს ინოვაციური ბალიშის პირი — PillowSense, რომელიც ქსოვილში ჩაშენებული სენსორების დახმარებით ადამიანის გულისცემას, სუნთქვის სიხშირესა და ძილის პოზას აკონტროლებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ინჟინერიის სკოლის მკვლევართა გუნდის მიერ შემუშავებული სისტემა ინფორმაციას მძინარე ადამიანის კისერთან უშუალო, ფიზიკური კონტაქტით აგროვებს. ტექნოლოგია მარტივ პრინციპს ეფუძნება: ყოველი გულისცემა და კუნთის შეკუმშვა წარმოქმნის მცირე ელექტრულ სიგნალს. ბალიშის პირში ჩაკერებული გამტარი ქსოვილი კი სწორედ ელექტროდის ფუნქციას ასრულებს და ამ სიგნალებს აფიქსირებს.

სისტემა დამოუკიდებლად აცალკევებს გულისა და კისრის კუნთებიდან წამოსულ სიგნალებს. ტესტირების პროცესში მეცნიერები მოულოდნელ აღმოჩენამდეც მივიდნენ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ კისრის კუნთების აქტივობის ანალიზით იმის დადგენაც კი არის შესაძლებელი, აქვს თუ არა ადამიანს ძილში ფეხები მოხრილი.

სახლის პირობებში ჩატარებულმა 151-დღიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ PillowSense-ს ძილის 7 სხვადასხვა პოზის ამოცნობა 88%-იანი სიზუსტით შეუძლია. მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ პულსისა და სუნთქვის გაზომვა სრულ სურათს ვერ ქმნის, რადგან ძილის პოზა პირდაპირ მოქმედებს სასუნთქი გზების გამავლობასა და ორგანიზმის საერთო კომფორტზე. პოზის იდენტიფიცირება ფიზიოლოგიურ მონაცემებს ბევრად უფრო ღირებულს ხდის.

გამოგონება განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ღამით ჭკვიანი საათის ან სხვა სენსორის ტარება აწუხებს. სისტემა სმარტფონის აპლიკაციას უკავშირდება და მომხმარებელს დილით ძილის სრული სტატისტიკის ნახვის საშუალებას აძლევს. მონაცემები ლოკალურად, უშუალოდ ტელეფონში მუშავდება, რაც პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მოწყობილობა ყოველდღიურ გამოყენებაზეა მორგებული, სენსორული ფენა, ხელით ირეცხება, თავად ბალიშის პირი კი სარეცხი მანქანისთვისაა განკუთვნილი.

პროექტმა 2026 წლის ოქტომბერში, UbiComp-ის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე უკვე მიიღო პრესტიჟული ჯილდო. თუმცა, პროექტი ჯერჯერობით კვლევით პროტოტიპად რჩება. იმისათვის, რომ მოწყობილობა სანდო კლინიკურ ინსტრუმენტად იქცეს, ავტორები გეგმავენ მის გამოცდას უფრო დიდ და მრავალფეროვან ჯგუფებზე, მათ შორის ხანდაზმულებსა და ძილის დარღვევების მქონე პაციენტებზე. გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა სენსორების მგრძნობელობის გაუმჯობესებაზე, რათა თმის ან კანის სტრუქტურამ სიგნალის ხარისხს ხელი არ შეუშალოს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები