მეცნიერებმა ნოროვირუსის პირველი ეფექტიანი ვაქცინა შექმნეს

გააზიარე

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სრულიად ახალი მიდგომა შეიმუშავეს და ვირუსის გენომის სტრუქტურის მიზნობრივი შეცვლით ნოროვირუსის პირველი ეფექტიანი ვაქცინა შექმნეს. ინოვაციურმა მეთოდმა, რომლის შესახებაც სტატია სამეცნიერო ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა, შესაძლოა, სხვა საშიში რნმ-ვირუსების მკურნალობის სტრატეგიაც ძირფესვიანად შეცვალოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ნოროვირუსით ყოველწლიურად 685 მილიონი ადამიანი ინფიცირდება, გარდაცვლილთა რიცხვი კი 200 000-ს აღწევს, რომელთა შორის 50 000 ბავშვია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მსოფლიოში უდიდეს ზიანს იწვევს, მის საწინააღმდეგო ვაქცინა ან პრეპარატი დღემდე არ არსებობს. კვლევის მთავარი ავტორის, ტანია ჰანის განმარტებით, პრობლემის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მედიცინამ ამ ვირუსის საბაზისო ბიოლოგიაზე ძალიან ცოტა რამ იცის, ამიტომ მკვლევრებმა ვირუსის რნმ-სტრუქტურაზე მიღებული ცოდნა მისივე დასუსტებული ვერსიის შესაქმნელად გამოიყენეს.

გენეტიკურ დონეზე ყველა რნმ-ვირუსს საერთო სტრუქტურული ელემენტები აქვს — მათი რნმ-ის ჯაჭვები ქმნის ნაკეცებსა და კვანძებს, რომლებიც ადამიანის ორგანიზმთან ურთიერთქმედებს. თაგვის ნოროვირუსის გენომის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის უკიდურესად კომპაქტურია, რაც გამრავლებას აჩქარებს და მის განადგურებას ართულებს. ინფექციის შესაჩერებლად მკვლევრებმა გენომში სტრუქტურული „ცხელი წერტილები“ (hotspots) იპოვეს და ცილების გენეტიკურ კოდში არსებული სტრუქტურა ელვა-შესაკრავივით „შეხსნეს“.

მანიპულაციის შედეგად ლაბორატორიულად მიღებულმა მუტანტმა ვირუსმა ორგანიზმში ინფექციის გავრცელება ვეღარ შეძლო, მაგრამ გამოიწვია ძლიერი იმუნური პასუხი, რომელმაც „ნორმალური“ ნოროვირუსი სრულად გაანეიტრალა. ტექნოლოგიამ იმუნოკომპრომეტირებულ თაგვებშიც კი წარმატებით იმუშავა. იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ანა მარი პაილის შეფასებით, მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანი ახალ რნმ-ვირუსებთან საბრძოლველად იქნება, რადგან გენომური თანმიმდევრობის ცოდნის შემთხვევაში, მეცნიერები ვირუსის სტრუქტურულ რუკას მარტივად შეადგენენ. მისივე თქმით, ეს არის უნიკალური გზა ისეთი ვირუსების საწინააღმდეგო სტაბილური ვაქცინის შესაქმნელად, რომლებზეც მკვლევრებს ჯერ კიდევ მწირი ინფორმაცია აქვთ.

ახალი ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ მისი უნივერსალურობაა. სტანდარტული mRNA ვაქცინებისგან განსხვავებით, რომლებიც იმუნიტეტს მხოლოდ ერთი კონკრეტული ცილის წინააღმდეგ გამოიმუშავებს, ახალი მიდგომა ორგანიზმს ვირუსში არსებული ყველა ცილის მიმართ იცავს. ცხოველებზე ჩატარებული წარმატებული ექსპერიმენტების შემდეგ, მკვლევართა მომდევნო მიზანი ამ მეთოდის კლინიკურ სივრცეში გადატანა და უშუალოდ ადამიანებზე გათვლილი ნოროვირუსის ვაქცინის შექმნაა.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები