ჩინეთის ხელისუფლებამ თანამდებობიდან გაათავისუფლა წამყვანი მეცნიერი, რომლის ხელმძღვანელობით ჩატარებულ გენური რედაქტირების ექსპერიმენტულ კლინიკურ კვლევას 6 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. შანხაის მუნიციპალური მთავრობის გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლევართა გუნდმა უხეშად დაარღვია რეგულაციები და უგულებელყო უსაფრთხოების ანგარიშში არსებული საგანგაშო ნიშნები.
2025 წლის მარტში, შანხაის სინხუას (Xinhua) საავადმყოფოში, იშვიათი ნეიროგანვითარების დარღვევის — სნაიდერს ბლოკ-კამპოს (Snijders Blok–Campeau) სინდრომის მქონე 6 წლის გოგონას ექსპერიმენტული გენური თერაპია ჩაუტარდა. ვირუსული ვექტორი პაციენტს ხერხემალში შეუყვანეს, საიდანაც ის ტვინში მოხვდა. პროცედურიდან მალევე ბავშვი სამედიცინო გართულებებით გარდაიცვალა. კვლევას შანხაის ძიაო ტონგის (Jiao Tong) უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერი, ძილონგ ციუ ხელმძღვანელობდა.
გამოძიების შედეგად უმძიმესი დარღვევები გამოვლინდა. ექსპერიმენტულ თერაპიამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, ციუს გუნდმა პრეკლინიკური ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, თერაპიამ მაიმუნებში ღვიძლის დაზიანება გამოიწვია. გუნდმა ეს ინფორმაცია საავადმყოფოს კლინიკურ ხელმძღვანელს დროულად არ მიაწოდა და ცხოველებზე გამოვლენილი საფრთხე უგულებელყო.
მკაცრად გააკრიტიკეს სინხუას საავადმყოფოს ეთიკის კომისიაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ მკვლევრებს უსაფრთხოების დამატებითი მტკიცებულებები მოსთხოვეს, კვლევა ამ მასალების მიღების გარეშე მაინც დაამტკიცეს. ამასთან, მშობლებისთვის ხელმოსაწერად მიცემულ ინფორმირებული თანხმობის ფორმაში თერაპიის რისკებს შორის სიკვდილი საერთოდ არ იყო ნახსენები.
საქმეში გამოიკვეთა ფინანსური ინტერესთა კონფლიქტიც. კვლევა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახმა 5,34 მილიონი იუანით (დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი) დააფინანსა. აქედან 1 მილიონზე მეტი იუანი ფულისა და საჩუქრების სახით უშუალოდ ციუმ და მისი გუნდის სამმა წევრმა მიიღეს, რაც მათ შემდგომ სამეცნიერო პუბლიკაციებში დამალეს.
სანქციები უპრეცედენტოდ მკაცრია. ძილონგ ციუ და მისი გუნდის კიდევ ერთი წევრი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს, 5 წლით აეკრძალათ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა და კვლევითი კეთილსინდისიერების დამრღვევთა ეროვნულ ბაზაში შეიყვანეს. საავადმყოფოში კვლევების ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდა, ეთიკის კომისიის ორ წევრს კი სასჯელი დაეკისრა.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ციუს გუნდმა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში პრეკლინიკური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც არც მაიმუნების დაზიანებაზე, არც ბავშვის გარდაცვალებაზე და არც ფინანსურ ინტერესთა კონფლიქტზე არაფერი დაწერეს. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის განცხადებით, ფაქტების დამალვა სამეცნიერო საზოგადოებისთვის მიუღებელია და სტატიის მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდება.
ეს ტრაგიკული შემთხვევა ჩატარდა ე.წ. „მკვლევრის მიერ ინიცირებული კვლევების“ (IIT) დაჩქარებული მექანიზმით, რომელიც კლინიკებს საშუალებას აძლევდა, თერაპია მარეგულირებლების მკაცრი ზედამხედველობის გარეშე გამოეცადათ. 2026 წლის მაისში ჩინეთის მთავრობამ მსგავს კვლევებზე კონტროლი გაამკაცრა, რათა მომავალში პაციენტების სიცოცხლე რისკის ქვეშ აღარ დადგეს.
წყარო: Nature

