მსუბუქი მოძრაობა, ღრმა ეფექტი: რას ავლენს ახალი კვლევა მიტოქონდრიებსა და ყოველდღიურ აქტივობაზე

გააზიარე

ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევამ (რომელიც საშუალო ასაკის ადამიანებში ფიზიკურ აქტივობასა და მიტოქონდრიულ მარკერებს აფასებდა) საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონზომიერება გამოავლინა. მიღებული შედეგების მიხედვით, დაბალი ინტენსივობის მოძრაობა  (ჩვეულებრივი სიარულის ჩათვლით) შესაძლოა მნიშვნელოვნად უკავშირდებოდეს ლეიკოციტებში მიტოქონდრიული დნმ-ის ასლების უფრო მაღალ რაოდენობას (mtDNAcn), რაც მიტოქონდრიების შემცველობისა და მათი ფუნქციური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი მარკერია.

რატომ აქვს მნიშვნელობა მიტოქონდრიული დნმ-ის ასლების რაოდენობას

მიტოქონდრიები უჯრედის ენერგიის მწარმოებელი მთავარი ორგანელებია. მათ დისფუნქციას უკავშირებენ ოქსიდაციურ სტრესს, მეტაბოლურ დარღვევებსა და ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები. mtDNAcn-ის დაბალი მაჩვენებელი ადრეც ასოცირდებოდა დაბერებასთან, გულის იშემიურ დაავადებასა და დიაბეტურ ნეფროპათიასთან, რაც მას უჯრედული დაბერებისა და მეტაბოლური ჯანმრთელობის პოტენციურ ბიომარკერად აქცევს.

ცნობილია, რომ ვარჯიში ასტიმულირებს მიტოქონდრიულ ბიოგენეზს და აუმჯობესებს ოქსიდაციურ შესაძლებლობებს ჩონჩხის კუნთებში. თუმცა, გაცილებით ნაკლებადაა შესწავლილი, თუ როგორ უკავშირდება რუტინული ყოველდღიური მოძრაობა – განსაკუთრებით სხვადასხვა ინტენსივობის დონეზე – mtDNAcn-ს ჯანმრთელ, ჩვეულებრივ პირობებში მცხოვრებ ზრდასრულებში.

კვლევის დიზაინი და მეთოდები

კვლევაში მონაწილეობდა კორეის რესპუბლიკის 45–64 წლის 256 პრაქტიკულად ჯანმრთელი მოქალაქე; მათი საშუალო ასაკი დაახლოებით 54 წელი იყო, ხოლო ქალები მონაწილეთა 60,2%-ს შეადგენდნენ. 12-საათიანი შიმშილობის შემდეგ მონაწილეებისგან ვენური სისხლი აიღეს, ხოლო ლეიკოციტების დნმ-იდან, რაოდენობრივი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (qPCR) ანალიზით, mtDNAcn-ის რაოდენობა განსაზღვრეს.

ფიზიკური აქტივობა ორი ურთიერთშემავსებელი მიდგომით შეფასდა:

თვითშეფასებითი აქტივობა: მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი, რომელიც წინა კვირის განმავლობაში სიარულს, ზომიერ და ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობასა და ჯდომის დროს მოიცავდა.

აქტივობის ობიექტური მონიტორინგი: წელზე დამაგრებული აქსელერომეტრი ზედიზედ სამი სამუშაო დღის განმავლობაში აღრიცხავდა მოძრაობას და დროს უმოძრაო, მსუბუქ, ზომიერ და ინტენსიურ აქტივობებად ანაწილებდა.

აქსელერომეტრის ვალიდური მონაცემები 205 მონაწილისთვის იყო ხელმისაწვდომი. სტატისტიკური ანალიზისას გათვალისწინებული და დაკორექტირებული იყო ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სქესი, ასაკი, განათლება, ცვლაში მუშაობა, ალკოჰოლის მოხმარება, მოწევა, თანმხლები დაავადებები და ძილის ხარისხი.

ძირითადი მიგნებები

თვითშეფასების მიხედვით, ყოველკვირეული ფიზიკური აქტივობის ყველაზე დიდ წილს სიარული შეადგენდა. მონაწილეთა დაახლოებით 42% ზომიერად აქტიურთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, 33% – დაბალი აქტივობის, ხოლო 25% – მაღალი აქტივობის ჯგუფს. 

აქსელერომეტრის მონაცემებმა აჩვენა, რომ მონაწილეები დღეში საშუალოდ დაახლოებით 5 საათს მსუბუქ აქტივობას უთმობდნენ, 37 წუთს – ზომიერ აქტივობას, 1 წუთზე ოდნავ მეტს – ინტენსიურ დატვირთვას, ხოლო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი უმოძრაოდ გაჰყავდათ.

კვლევამ შემდეგი კავშირები გამოავლინა:

თვითშეფასებით განსაზღვრული უფრო მაღალი საერთო ფიზიკური აქტივობა და მეტი სიარული mtDNAcn-ის უფრო მაღალ მაჩვენებელთან იყო დაკავშირებული;

აქსელერომეტრით გაზომილმა მსუბუქმა აქტივობამ მსგავსი დადებითი კავშირი აჩვენა mtDNAcn-თან;

მჯდომარე ცხოვრების წესსა და ობიექტურად გაზომილ ზომიერ ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას mtDNAcn-თან სტატისტიკურად სარწმუნო კავშირი არ გამოუვლენია.

ფიზიკური აქტივობის დადებითი გავლენა მიტოქონდრიულ მარკერზე (mtDNAcn) ძალაში დარჩა მაშინაც კი, როდესაც მეცნიერებმა გამორიცხეს სხვა მიზეზები – ასაკი, ცხოვრების წესი და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა. რადგან ამ კავშირმა მაჩვენებლების მხოლოდ მცირე ნაწილი ახსნა, ცხადია, რომ მიტოქონდრიებზე მხოლოდ ფიზიკური აქტივობა არ მოქმედებს – არსებობს სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორიც, რომლებიც ამ პროცესს განსაზღვრავს.

მნიშვნელოვანი შეზღუდვები

ავტორები რამდენიმე მნიშვნელოვან დაშვებასა და შეზღუდვას უსვამენ ხაზს:

ჯვარედინ-სექციური დიზაინი: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია იმის გამო, რომ ფიზიკური აქტივობა და მიტოქონდრიული მარკერის დონე ერთსა და იმავე დროს გაიზომა. ერთ-ერთი ვერსიით, ყოველდღიური აქტივობა ზრდის ამ მარკერის დონეს, თუმცა მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებსაც ბუნებრივად უკეთესი მიტოქონდრიული აქტივობა აქვთ, შესაძლოა უბრალოდ უფრო უადვილდებოდეთ ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება.

ინტენსიური აქტივობის სიმცირე: ზომიერი და, განსაკუთრებით, ინტენსიური აქტივობის მცირე მოცულობამ და დაბალმა ცვალებადობამ შესაძლოა შეამცირა კვლევის სტატისტიკური ძალა მაღალი ინტენსივობისას ასოციაციების გამოსავლენად.

მონიტორინგის ხანმოკლე პერიოდი: აქსელერომეტრის მონაცემები მხოლოდ სამ სამუშაო დღეს მოიცავდა და შაბათ-კვირის აქტივობის მახასიათებლებს არ ასახავდა.

შეუსწავლელი მექანიზმები: ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც შესაძლოა მსუბუქ აქტივობას mtDNAcn-თან აკავშირებდეს, პირდაპირ არ შეფასებულა.

მიღებული შედეგები სრულებით არ მიუთითებს იმაზე, რომ მიტოქონდრიის “ჯანმრთელობისთვის” მსუბუქი აქტივობა ზომიერ ან ინტენსიურ ვარჯიშზე უკეთესია. პირიქით, კვლევა ხაზს უსვამს, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური მოძრაობა – მათ შორის სიარული – შესაძლოა შუახნის ასაკში მიტოქონდრიულ აქტივობასთან მჭიდროდ იყოს დაკავშირებული, რაც შემდგომ კვლევებს საჭიროებს.

წყარო: Scientific Reports



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები