ფლორიდის შტატის სასამართლომ 47 წლის ყოფილ პლასტიკურ ქირურგს, ტომაშ კოსოვსკის, ადვოკატ სტივენ კოცის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა შეუფარდა. კოსოვსკიმ ადვოკატებზეც და ნაფიც მსაჯულებზეც უარი თქვა, რაც სიკვდილით დასჯის საქმეებში უიშვიათესი შემთხვევაა — იგი საკუთარ თავს თავად იცავდა, განაჩენის გამოტანა კი უშუალოდ მოსამართლეს მიანდო.
პროკურატურის მტკიცებით, მკვლელობის მოტივი წლების განმავლობაში გაჭიანურებული სამოქალაქო დავა გახდა. 2019 წელს კოსოვსკიმ ყოფილ კოლეგებს ფინანსური ანგარიშსწორების გამო უჩივლა, 2022 წლიდან კი საკუთარ ინტერესებს სასამართლოში თავად იცავდა, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებთან, მათ შორის სტივენ კოცისთან, პირდაპირი შეხება უწევდა.
დავის გაჭიანურებასთან ერთად ქირურგი ადვოკატის მიმართ მტრულად განეწყო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე იგი კოცის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში აგროვებდა, მის სახლთან მიდიოდა და იურიდიული ფირმის ოფისს უთვალთვალებდა. როგორც პროკურორმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, საბოლოოდ კოცი კოსოვსკისთვის ერთგვარ „აკვიატებად“ იქცა.
მოსამართლე ჯოზეფ ბულონმა განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ფლორიდის კანონმდებლობით ბრალდებულმა „სიცოცხლის უფლება დაკარგა“. მისი შეფასებით, დანაშაული „ცივსისხლიანად, გათვლილად და წინასწარი განზრახვით“ იყო ჩადენილი, რამაც ყველა შემამსუბუქებელი გარემოება გადაწონა. კოსოვსკის სასამართლოში დაცვის პოზიცია და მტკიცებულებები არ წარუდგენია; დასკვნით სიტყვაში იგი მხოლოდ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ცხედარი და გარდაცვალების მოწმობა არ არსებობდა.
გამოძიების მიხედვით, 2023 წლის 21 მარტს ქირურგი ადვოკატს საოფისე შენობის საპირფარეშოში ჩაუსაფრდა, მოკლა და ცხედარი შენობიდან ურიკით გაიტანა — რამდენიმე წუთში კი ავტოსადგომიდან მათი საერთო საქმის ონლაინ სხდომაში ჩაერთო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით, კოსოვსკიმ ცხედარი მოშორებით მდებარე ნაგვის კონტეინერში გადააგდო, მეორე დღეს კი მაიამიში დაგეგმილი ოპერაციები ჩაატარა. მართალია, კოცის ცხედარი ვერ იპოვეს, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა მისი სისხლი კოსოვსკის პიკაპსა და მეორე მანქანის საბარგულში ნაპოვნ ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დაადასტურა. მკვლელობიდან ოთხი დღის შემდეგ დაკავებულ ქირურგს მანქანაში დაახლოებით 300 000 დოლარი ნაღდი ფული და ორი პასპორტიც აღმოუჩინეს.
წყარო: CNN

