„13 წელია, ჩაჩავას კლინიკაში საქმის სიყვარულის, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი უდიდესი ერთგულებით ვემსახურებით საქმეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილურია…
და რა შეიძლება იყოს იმაზე კეთილშობილური, ვიდრე დედობის სიხარული მიანიჭო საშვილოსნოს გარეშე დაბადებულ ქალს, რომელსაც ეს ბედნიერება თითქოს თავიდანვე წართმეული ჰქონდა… ან ქალს, რომელმაც წლების განმავლობაში უნაყოფობასთან ბრძოლაში გამოიარა უამრავი იმედგაცრუება, ტკივილი და მოლოდინი, მაგრამ სანატრელ შედეგს მაინც ვერ მიაღწია… ან ქალს, რომელსაც აქვს დაავადება, რომლის გამოც ორსულობამ შესაძლოა მისივე სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს… ან ქალს, რომელსაც დედობის უსაზღვრო სურვილი აქვს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ოცნების ახდენის საშუალებას არ აძლევს…
ასეთი ქალი ათასობითაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ათასობით ქალი, რომელთა ოცნების ასრულების ერთადერთ შესაძლებლობად სწორედ სუროგაცია რჩება. და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ყველა გზა დახურულია, ჩნდება მეორე ქალი — ქალი, რომელიც მზად არის, დაეხმაროს მას იმ ბედნიერების მიღწევაში, რომელსაც მარტო ვერასოდეს შეძლებდა.
ჩვენ კი მთელი ამ წლების განმავლობაში გვქონდა უდიდესი ბედნიერება, ვყოფილიყავით ამ ისტორიების ნაწილი. გვენახა სასოწარკვეთილებით სავსე თვალებში გაჩენილი იმედი, მოგვესმინა ბავშვის პირველი ტირილი და დაგვენახა დედის ცრემლები, რომლებშიც წლების ტკივილი და უსაზღვრო ბედნიერება ერთდროულად ეტეოდა. განა არსებობს იმაზე დიდი ადამიანური სიკეთე, ვიდრე ერთი ქალის დახმარებით მეორისთვის ყველაზე სანუკვარი ოცნების ახდენაა?
ჩვენთვის ეს არასოდეს ყოფილა მხოლოდ სამედიცინო პროცედურა და განსაკუთრებით ვამაყობდით იმით, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ქალების გულები, შვილების ყოველ დაბადების დღეზე, ერთი წამით მაინც ისევ საქართველოში ბრუნდებოდა, რადგან მათი ბედნიერება სწორედ აქ, საქართველოში დაიწყო.
მე კარგად მესმის და ვიცი, რომ არასათანადო კონტროლის პირობებში ამ სფეროში არაკეთილსინდისიერი პრაქტიკებიც არსებობდა. თავად კი, ყოველთვის მაღალი ზნეობრივი პრინციპებით მოქმედი, ეთიკური სუროგაციის მომხრე ვიყავი და ვარ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ მკაფიო რეგულაციებით, გამჭვირვალობითა და ეთიკური სტანდარტების დაცვით, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუროგატი დედების, მომავალი მშობლებისა და ბავშვების უფლებებისა და ინტერესების დაცვა!!! ამ სფეროს, ისევე როგორც ყველაფერს ქვეყნად, სჭირდება მკაფიოდ დადგენილი წესები და მათი შესრულების ეფექტიანი კონტროლი!!!
ჩემთვის სუროგაცია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების ისტორიაა და თითოეული ასეთი ისტორიის უკან დგას ერთი უბრალო, მაგრამ უდიდესი ოცნება — იყო დედა“, — წერს სოციალურ ქსელში მეან-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი ქეთი გოცირიძე.

