„ახალ იმპერიულ ეპოქაში შევდივართ. იმპერიები დაბრუნდნენ“, – იუვალ ნოაჰ ჰარარი

გააზიარე

პოპულარული სამეცნიერო ბესტსელერების (Sapiens, Nexus) ავტორი და ისტორიკოსი იუვალ ნოაჰ ჰარარი მთავრობებს მოუწოდებს, სუპერინტელექტის შექმნისთვის გამალებული შეჯიბრების ნაცვლად, მეტი ინვესტიცია უსაფრთხოებაში ჩადონ და ყურადღება ჯანდაცვაში, განათლებაში, ტრანსპორტსა და საჯარო სერვისებში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებაზე გაამახვილონ. ამის შესახებ მან Rappler-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ მარია რესასთან, 2026 წლის Social Good Summit-ისთვის ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა.

ჰარარის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და მოწინავე მოდელების კონცენტრაცია ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულების ახალ ეპოქას ქმნის. „ახალ იმპერიულ ეპოქაში შევდივართ. იმპერიები დაბრუნდნენ“, — განაცხადა მან. შედარებით პატარა ქვეყნები კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის საავადმყოფოების, აეროპორტებისა და სამხედრო ტექნიკის, სამართავად უცხოურ AI სისტემებზე ხდებიან დამოკიდებული, ჰარარის თქმით, „ასეთ ვითარებაში დამოუკიდებელი აღარ ხარ — ვასალური სახელმწიფო ხდები“.

წამყვანი ტექნოლოგიური სახელმწიფოების მიღმა დარჩენილ ქვეყნებს, მისი შეფასებით, სამი არჩევანი აქვთ: დარჩნენ უცხოურ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული, უზარმაზარი რესურსი დახარჯონ საკუთარის შესაქმნელად, ან სხვა სახელმწიფოებთან გაერთიანდნენ საერთო შესაძლებლობების განსავითარებლად. ჰარარის აზრით, რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობა გაცილებით ხელმისაწვდომი გზაა, მაგრამ მჭიდრო პოლიტიკურ კოორდინაციას მოითხოვს.

ისტორიკოსი არ იზიარებს ტექნოლოგიური კომპანიების ნარატივს, თითქოს ხელოვნური ინტელექტის განვითარება პოლიტიკურ ჩარევას აღარ ექვემდებარება. მისი თქმით, AI განსაკუთრებით სახიფათოა იმით, რომ ის უკვე არა მხოლოდ ადამიანის მართული ინსტრუმენტი, არამედ გადაწყვეტილებების მიმღები აგენტია, რომელზეც ადამიანური კონტროლი სუსტდება.

ჰარარის თქმით, არსებული რისკების ფონზე მთავრობებმა AI-ის განვითარება სრულად არ უნდა შეაჩერონ, მაგრამ ტექნოლოგიური უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტად უნდა აქციონ. „პროდუქტი, რომელიც უსაფრთხო არ არის, უბრალოდ უსარგებლოა“, — აღნიშნა მან.

წყარო: Rappler

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები