„ოზემპიკის სახე“ და თმის ცვენა: რა ვიცით GLP-1 პრეპარატების შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ

გააზიარე

ბოლო წლებში გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) რეცეპტორის აგონისტები, მათ შორის სემაგლუტიდი (Ozempic®, Wegovy®) და ტირზეპატიდი (Mounjaro®), სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებულ ყველაზე გავრცელებულ პრეპარატებად იქცა. ამასთან, მედიკამენტების მაღალი კლინიკური ეფექტურობის ფონზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა ინტერესი არა მხოლოდ მათი თერაპიული სარგებლის, არამედ უსაფრთხოების პროფილის მიმართაც. შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა GLP-1 რეცეპტორის აგონისტების შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ გამოქვეყნებული კლინიკური კვლევებისა და რეალური კლინიკური პრაქტიკიდან მიღებული მონაცემების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებით დეტალურად არის შესწავლილი, გარკვეული იშვიათი ან ახლად გამოვლენილი შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ არსებული მტკიცებულებები კვლავ შეზღუდულია და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოოდ დადგენილი არ არის.

GLP-1 რეცეპტორის აგონისტების ყველაზე ხშირი და კარგად დოკუმენტირებული გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციურ ცვლილებებს უკავშირდება. გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა და მუცლის დისკომფორტი ამ მედიკამენტების ყველაზე გავრცელებულ არასასურველ ეფექტებს წარმოადგენს. აღნიშნული სიმპტომები პირდაპირ უკავშირდება პრეპარატების მოქმედების მექანიზმს, რომელიც მოიცავს კუჭის დაცლის შენელებას, საკვების გადაადგილების გახანგრძლივებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და კუჭ-ნაწლავის სისტემასა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის ნეიროჰორმონული სიგნალების რეგულაციას. აღნიშნული გვერდითი მოვლენები მედიკამენტების ოფიციალურ ინსტრუქციებში კლასიფიცირებულია როგორც „ძალიან ხშირი“ არასასურველი ეფექტები. უმეტეს შემთხვევაში მათი გამოვლინების ინტენსივობა მკურნალობის გაგრძელებასთან ერთად თანდათან მცირდება.

ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა GLP-1 პრეპარატების შესაძლო გავლენას მხედველობის სისტემაზე. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება შესაძლოა ასოცირებული იყოს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (Age-Related Macular Degeneration, AMD) განვითარების რისკის მატებასთან (თვალის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც აზიანებს ბადურის ცენტრალურ ნაწილს — მაკულას (ყვითელ ხალს) — და იწვევს ცენტრალური მხედველობის დაქვეითებას ან დაკარგვას). ასევე გამოქვეყნდა მონაცემები, რომლებიც მიუთითებს არარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათიის (Non-Arteritic Anterior Ischemic Optic Neuropathy – NAION) განვითარების შესაძლო კავშირზე GLP-1 რეცეპტორის აგონისტების გამოყენებასთან. ეს მდგომარეობა წარმოადგენს მხედველობის ნერვის მწვავე იშემიურ დაზიანებას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის უეცარი და შეუქცევადი დაქვეითება.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მწარმოებელმა (მაგ. Wegovy) არარტერიული წინა იშემიური ოპტიკური ნეიროპათია (Non-Arteritic Anterior Ischemic Optic Neuropathy, NAION) უკვე ასახა პაციენტისთვის განკუთვნილ საინფორმაციო ფურცელში, როგორც შესაძლო არასასურველი რეაქცია, სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია და არსებული მტკიცებულებები ამ ეტაპზე საკმარისი არ არის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის საბოლოოდ დასადასტურებლად.

აგრეთვე შესწავლის საგანი გახდა GLP-1 პრეპარატების გამოყენების ფონზე გამოვლენილი დაუგეგმავი ორსულობის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ დაადასტურებდა აღნიშნული მედიკამენტების გავლენას კონტრაცეპტივების ეფექტურობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე, არსებობს რამდენიმე ბიოლოგიურად დასაბუთებული ჰიპოთეზა. ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, კუჭის დაცლის შენელებამ შესაძლოა შეცვალოს პერორალური კონტრაცეპტივების აბსორბციის პროცესი, ხოლო სხეულის მასის შემცირებამ და მეტაბოლური მდგომარეობის გაუმჯობესებამ, განსაკუთრებით პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში, შესაძლოა ხელი შეუწყოს ფერტილობის ზრდას. თუმცა, აღნიშნული საკითხი კვლავ აქტიური კვლევის საგანია. საწყის კლინიკურ კვლევებში ორსული ქალები არ იყვნენ ჩართულნი, შესაბამისად ორსულობის პერიოდში პრეპარატების უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემები შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანოები რეკომენდაციას გასცემენ, რომ GLP-1 პრეპარატები არ იქნეს გამოყენებული ორსულობის დროს ან დაგეგმილ ჩასახვამდე პერიოდში.

სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელდა ტერმინი „Ozempic face“, რომელიც სწრაფი წონის კლების შედეგად სახის მოცულობის შემცირებას, კანის მოდუნებას, ნაოჭების გაღრმავებასა და სახის დაბერების ნიშნების გაძლიერებას აღწერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოვლენა მედიკამენტების ოფიციალურ გვერდით ეფექტად არ არის კლასიფიცირებული, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ცვლილებები სწრაფი წონის კლების თანმხლები ბუნებრივი პროცესია. შესაბამისად, აღნიშნული ეფექტი არ განიხილება მხოლოდ GLP-1 პრეპარატებისთვის დამახასიათებელ მოვლენად და შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ინტერვენციის შემდეგ, რომელიც სხეულის მასის სწრაფ შემცირებას იწვევს, მათ შორის ბარიატრიული ქირურგიისა და მკაცრი დიეტური რეჟიმების ფონზე.

GLP-1 პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ შესაძლო გვერდით ეფექტებს შორის თმის ცვენაც მოიაზრება. უახლესი კვლევების მიხედვით, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში GLP-1 პრეპარატების გამოყენება შესაძლოა ასოცირებული იყოს ალოპეციის განვითარების მომატებულ რისკთან. ამასთან, Wegovy-სა და Mounjaro-ს ოფიციალურ ინსტრუქციებში თმის ცვენა უკვე მითითებულია როგორც გავრცელებული გვერდითი მოვლენა. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ძირითადი გამომწვევი ფაქტორი შესაძლოა თავად მედიკამენტი არ იყოს, არამედ სწრაფი წონის კლებასთან დაკავშირებული მეტაბოლური ცვლილებები, მიკროელემენტებისა და ცილების დეფიციტი და ორგანიზმის ფიზიოლოგიური სტრესული პასუხი. ყველაზე ხშირად აღწერილ მდგომარეობას წარმოადგენს ტელოგენური ეფლუვიუმი (Telogen Effluvium), რომელიც ხასიათდება თმის დიფუზური და დროებითი ცვენით. დაავადება ვითარდება სტრესის, ჰორმონული ცვლილებების ან სხვადასხვა დაავადების ფონზე, როდესაც თმის ფოლიკულების მნიშვნელოვანი ნაწილი ნაადრევად გადადის მოსვენების (ტელოგენის) ფაზაში. აღნიშნული მდგომარეობა იწვევს თმის შეთხელებას მთელ თავის არეში, თუმცა იშვიათად ხდება სრული გამელოტების მიზეზი და უმეტეს შემთხვევაში თმის ზრდა თანდათან აღდგება გამომწვევი ფაქტორის აღმოფხვრის შემდეგ.

ბოლო პერიოდში გავრცელდა კიდევ ერთი არაფორმალური ტერმინი — „Ozempic foot“, რომელიც აღწერს ტერფის ძვლოვანი კონტურების გამოკვეთას, რბილი ქსოვილების მოცულობის შემცირებას და ზოგიერთ შემთხვევაში ტერფის ტკივილის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოვლენა მედიკამენტების ოფიციალურად აღიარებულ გვერდით ეფექტებს შორის არ არის შეტანილი, პოდიატრების კლინიკური დაკვირვებები მიუთითებს, რომ სხეულის მასის სწრაფმა შემცირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტერფის ცხიმოვანი ბალიშების გათხელება. ცხიმოვანი ბალიშების მოცულობის შემცირებამ შესაძლოა შეამციროს ქუსლისა და ტერფის წინა ნაწილის დარტყმის შთანთქმის ფუნქცია, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ტერფის ტკივილი. მსგავსი ცვლილებები აღწერილია ბარიატრიული ქირურგიის შემდეგაც, როდესაც ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტერფის რბილი ქსოვილების მოცულობის შემცირება და ფეხსაცმლის ზომის ცვლილება.

ამჟამად არსებული სამეცნიერო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ GLP-1 რეცეპტორის აგონისტებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც გავრცელების სიხშირით, ისე მათი შესწავლის ხარისხისა და მონაცემთა სანდოობის მიხედვით. კუჭ-ნაწლავის სისტემასთან დაკავშირებული სიმპტომები ყველაზე სრულად არის შესწავლილი და მათი კავშირი აღნიშნულ პრეპარატებთან კარგად არის დადასტურებული. ამის საპირისპიროდ, მხედველობის დარღვევებთან, თმის ცვენასთან, რეპროდუქციულ ფუნქციასა და სხეულის გარეგნულ ცვლილებებთან დაკავშირებული შესაძლო ეფექტების შეფასება კვლავ საჭიროებს დამატებით, მაღალი ხარისხის კლინიკურ კვლევებს. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა პრეპარატები გამოიყენონ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო ნებისმიერი ახალი ან უჩვეულო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო სპეციალისტს, რათა შესაძლებელი გახდეს მდგომარეობის ადრეული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სტრატეგიის კორექტირება.

წყარო: www.theguardian.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები