The Lancet-მა ჩვილის ოპიოიდებით მოწამვლის შესახებ 2006 წლის გავლენიანი კვლევა უკან გაიწვია

გააზიარე

სამეცნიერო ჟურნალმა The Lancet-მა 2006 წელს გამოქვეყნებული კლინიკური შემთხვევის ანგარიში (case report) უკან გაიწვია, რომელიც დედის რძის მეშვეობით ოპიოიდებით მოწამვლის შედეგად ჩვილის გარდაცვალებას აღწერდა. სტატიის გაწვევას წინ უძღოდა ინსტიტუციური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ ავტორებმა გამოტოვეს საკვანძო ტოქსიკოლოგიური მონაცემები – ეს გარემოება კი ანგარიშის დასკვნების არასწორი ინტერპრეტაციის მიზეზი გახდა.

აღნიშნული ნაშრომი ფართოდ იყო ციტირებული და დიდწილად გავლენა იქონია ძუძუთი კვებისას ოპიოიდების გამოყენების რეკომენდაციებზე. მისი უკან გაწვევა მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, როგორ შეუძლია ერთი კონკრეტული შემთხვევის აღწერას ათწლეულების განმავლობაში განსაზღვროს სამედიცინო პრაქტიკა.

რას ამტკიცებდა ანგარიში

2006 წლის ანგარიში აღწერდა ახალშობილი ბიჭის გარდაცვალებას, რომლის დედასაც გამოწერილი ჰქონდა „ტაილენოლი კოდეინით“ (Tylenol with codeine) – ოპიოიდი, რომელიც ორგანიზმში მორფინად გარდაიქმნება. ანგარიშის პირველმა ავტორმა, ტორონტოს ბავშვთა საავადმყოფოს (Hospital for Sick Children) ფარმაკოლოგმა გიდეონ კორენმა, ეს შემთხვევა იმის დასამტკიცებლად გამოიყენა, რომ კოდეინმა შესაძლოა სასიკვდილო საფრთხე შეუქმნას ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს.

Clarivate-ის Web of Science-ის მონაცემებით, ნაშრომი 464-ჯერ იყო ციტირებული. ის იქცა მთავარ მტკიცებულებად იმ გაიდლაინებსა და რეკომენდაციებში, რომელიც ახლად ნამშობიარები ქალებისთვის ოპიოიდების დანიშვნას ეხებოდა.

გარდა ამისა, კლინიკური შემთხვევის ამ ანგარიშმა გავლენა იქონია FDA-ის 2017 წლის განცხადებაზე, რომლითაც ძუძუთი კვებისას ტკივილგამაყუჩებლად კოდეინის გამოყენება არარეკომენდებულად მიიჩნიეს. ამ რეკომენდაციის გასამყარებლად მოყვანილი 19 სამეცნიერო ნაშრომიდან შვიდის ავტორი სწორედ კორენი იყო.

სტატიის უკან გაწვევა თავისთავად არ აუქმებს ძუძუთი კვების დროს ოპიოიდების გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. თუმცა ის ეჭქვეშ აყენებს მოსაზრებას, რომ დედის რძეში მოხვედრილ კოდეინს ჩვილებში ოპიოიდებით სასიკვდილო მოწამვლის გამოწვევა შეუძლია.

რატომ გაიწვიეს სტატია უკან

2026 წლის 20 იანვარს ჟურნალმა The Lancet-მა მიიღო ახალი შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ნაშრომში გამოტოვებული იყო მნიშვნელოვანი ტოქსიკოლოგიური მონაცემები. მათ შორის იყო ჩვილის სისხლში კოდეინისა და აცეტამინოფენის კონცენტრაციის მაჩვენებლები, ასევე ბავშვის კუჭის შიგთავსის ანალიზი.

ჟურნალმა ეს ბრალდებები შესასწავლად ბავშვთა საავადმყოფოს გადასცა. საავადმყოფომ ჩაატარა ოფიციალური მოკვლევა, განიხილა ახალი მტკიცებულებები და დაადგინა, რომ გამოქვეყნებული ანგარიშიდან არსებითი მნიშვნელობის ტოქსიკოლოგიური მონაცემები მართლაც იყო ამოღებული. გაწვევის შესახებ ოფიციალური განცხადების მიხედვით, კლინიკამ ინფორმაციის ამ ფორმით დამალვა მონაცემთა გაყალბებად შეაფასა. 

სამეცნიერო ეჭვები

ამ ანგარიშის მიმართ კითხვები პირველად ახლა არ გაჩენილა. ჯერ კიდევ 2008 წელს The Lancet-ში დაიბეჭდა წერილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა იმას, რომ დედის რძით მოხვედრილ მორფინს ფატალური შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

2020 წელს ფარმაკოლოგებმა დევიდ ჯურლინკმა და ჯონათან ზიპურსკიმ გამოაქვეყნეს მიმოხილვა, სადაც მიუთითებდნენ, რომ დედის რძით მორფინის ინტოქსიკაცია ნაკლებად სავარაუდო გახლდათ. მათი თქმით, რძის ნიმუშში მორფინის შემცველობა საკმაოდ დაბალი იყო – მიუხედავად იმისა, რომ დედის ორგანიზმი კოდეინს სწრაფად გადაამუშავებდა (rapid metaboliser).

მკვლევრებმა ასევე მიუთითეს, რომ ჩვილის სისხლში არა მორფინის, არამედ კოდეინის კონცენტრაცია იყო 100-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე ეს დედის რძით გადაცემის შემთხვევაში იქნებოდა მოსალოდნელი.

მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ჩვილის გარდაცვალების სრულ სურათს არ ადგენს. არსებულ დოკუმენტებში გვხვდება მინიშნებები და სპეციალისტთა ვარაუდები, რომ ბავშვს წამალი შესაძლოა უშუალოდ მიეღო და არა დედის რძით, თუმცა თავად გაწვევის შეტყობინება მხოლოდ მონაცემთა დამალვასა და ფალსიფიკაციის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას.

საინტერესოა, რომ კორენმა ტორონტოს ბავშვთა საავადმყოფო 2015 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდა მის მიერ დაარსებულ ლაბორატორია Motherisk-ში, რომელიც პერინატალურ პერიოდში ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედებას იკვლევდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაბორატორიის ტესტების შედეგები არაადეკვატური და არასანდო იყო.

ამ გამოძიების შემდეგ საავადმყოფომ კორენის 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი შეისწავლა. მანამდე მას ექვსი სტატია ჰქონდა უკან გაწვეული, მათ შორის ორი ნაშრომი, რომელიც ძუძუთი კვების დროს კოდეინის უსაფრთხოებას ეხებოდა.

გავლენა კლინიკურ რეკომენდაციებზე

პუბლიკაციის უკან გაწვევა მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ კლინიკური რეკომენდაციები სანდო, გამჭვირვალე და რეპროდუცირებად მტკიცებულებებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს შემთხვევა ასევე აჩენს გავლენიანი კლინიკური ანგარიშების ხელახალი ვერიფიკაციის აუცილებლობას მაშინ, როცა ახალი მონაცემები ან კითხვები ჩნდება.

ექიმებისა და პაციენტებისთვის მთავარი გზავნილი ის არ არის, რომ მედიკამენტის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება თანამედროვე, მაღალი ხარისხის მტკიცებულებებსა და ინდივიდუალურ კლინიკურ შეფასებას უნდა ეყრდნობოდეს – და არა ერთ კლინიკურ შემთხვევას.

წყარო: Retraction watch



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები