გერმანული Fraunhofer-ის მანქანათმშენებლობისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ინსტიტუტის (IWU) მეცნიერებმა შექმნეს პერსონალიზებული, 3D-პრინტერით დაბეჭდილი ხელის ეგზოჩონჩხი. ამ ინოვაციურმა მოწყობილობამ, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს რეაბილიტაცია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მყესის დაზიანება, ინსულტი ან დამბლა აღენიშნებათ.
სტანდარტული სარეაბილიტაციო მოწყობილობებისგან განსხვავებით, ეს ეგზოჩონჩხი გამოირჩევა ზუსტი ანატომიური მორგებით, მსუბუქი დიზაინითა და მოძრაობის დახვეწილი კონტროლით, რაც მას იდეალურს ხდის ყველა ასაკის პაციენტისთვის.
ხელის დაზიანების ან ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია ხშირად მოითხოვს განმეორებით, კონტროლირებულ მოძრაობებს სიძლიერისა და მოქნილობის აღსადგენად. ეგზოჩონჩხები — ხელთათმანის მსგავსი მექანიკური მოწყობილობები — ამ პროცესს მნიშვნელოვან ეხმარებიან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი პაციენტის ხელის უნიკალურ პროპორციებზე არიან მორგებული.
Fraunhofer IWU-ის მკვლევრებმა გამოიყენეს 3D სკანირება და ბეჭდვა, რათა შეექმნათ ინდივიდუალურ ხელზე მორგებული ეგზოჩონჩხი. პროცესი იწყება ხელის სკანირებით, შემდეგ კი ამ მონაცემების საფუძველზე, 3D ბეჭდვის ტექნოლოგიით იქმნება ეგზოჩონჩხი, რომელიც იდეალურად ერგება პაციენტს
„ადამიანის ხელები წარმოუდგენლად ინდივიდუალურია — არა მხოლოდ სხვადასხვა ადამიანებს შორის, არამედ ერთსა და იმავე ადამიანის მარცხენა და მარჯვენა ხელს შორისაც კი უდიდესი განსხვავებაა“, — ამბობს ალინა კარაბელო, Fraunhofer IWU-ის მკვლევარი.
ამ ახალი ეგზოჩონჩხის მთავარი ინოვაცია მისი მსუბუქი და კომპაქტური სამოძრაო სისტემაა. კარაბელოს მიერ შექმნილი ორმხრივი მექანიზმი, რომელიც აერთიანებს საფეხურებრივ ძრავებსა და ფორმის მეხსიერების შენადნობის (SMA) მავთულებს, უზრუნველყოფს ხელისა და თითების რბილ და ზუსტ მოძრაობას.
ეს მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად: ელექტროდენით გაცხელებისას, SMA მავთულები იკუმშება, რაც ხელოვნურ მყესებს ამოძრავებს და თითებს ხრის ან შლის; გაცივებისას კი მავთულები თავდაპირველ სიგრძეს უბრუნდება. ეს უსაფრთხო და განმეორებადი პროცესი თითების ბუნებრივ მოძრაობას იმეორებს. მოწყობილობას მხოლოდ ორი ხელოვნური მყესი სჭირდება ხელის როგორც მოხრის, ისე გაშლის გასაკონტროლებლად, რაც განაპირობებს მის სიმსუბუქესა და კომპაქტურობას.
ეს ჭკვიანი და რეაგირებადი ეგზოჩონჩხი პერსპექტიულია არა მხოლოდ კლინიკური გარემოსთვის, არამედ სახლის პირობებში გამოჯანმრთელებისთვისაც, რაც მთელ მსოფლიოში პაციენტთა ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.
წყარო: fraunhofer

