შეერთებულ შტატებში წელიწადში ორჯერ საათის ისრებს წინ და უკან წევენ: გაზაფხულზე, დღის სინათლის დროზე გადადიან, შემოდგომაზე კი – სტანდარტულ დროზე.
გაზაფხულზე, როგორც წესი, მარტის მეორე კვირა დღეს, საათის ისრები ერთი საათით წინ იწევს. ამ ცვლილების მიზანია საღამოს დღის სინათლის დროის გახანგრძლივება და ენერგიის დაზოგვა. შემოდგომაზე, როგორც წესი, ნოემბრის პირველ კვირა დღეს, საათები ისევ უკან ბრუნდება, რაც სტანდარტულ დროს აღადგენს.
თუმცა, ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ, „Proceedings of the National Academy of Sciences“-ში გამოქვეყნდა, დაადასტურა, რომ ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო მთელი წლის განმავლობაში სტანდარტულ დროზე დარჩენაა.
კვლევა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ადასტურებს, რომ დროის ორჯერ შეცვლა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ფატალურ ავტოსაგზაო შემთხვევებს. მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სტანდარტულ დროზე დარჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ 300 000 ინსულტის შემთხვევა და 2,6 მილიონი ადამიანის სიმსუქნე.
დღის სინათლის დაზოგვის პოლიტიკა არღვევს ბალანსს, რაც ცირკადული რიტმის დისინქრონიზაციას იწვევს. ასეთი დარღვევა კი დაკავშირებულია ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა:
- ინსულტი
- სიმსუქნე
- დიაბეტი
- გულის დაავადებები
- დეპრესია
ამასთან, დღის სინათლის დაზოგვის დროზე გადასვლა იწვევს ძილის დეფიციტს, რაც ამცირებს კონცენტრაციას, ანელებს რეაქციის სიჩქარეს და ზრდის მძღოლის შეცდომის ალბათობას, რის გამოც სტატისტიკურად იზრდება ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა.
ჯანმრთელობისთვის დღის შუქის დროზე (Daylight Saving Time) მუდმივად დარჩენა ნაკლებად სასარგებლოა. კვლევის მიხედვით, სტანდარტულ დროზე გადასვლა უფრო ოპტიმალურია, რადგან დილის სინათლე ადამიანის ცირკადულ რიტმს აჩქარებს, საღამოს სინათლე კი – ანელებს. ცირკადული რიტმის 24-საათიანი ციკლის სინქრონიზაციის გარეშე, ჯანმრთელობისთვის უარყოფითი შედეგები დგება.
ჯამი ზეიტცერი, კვლევის ავტორი და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, მიიჩნევს, რომ სხვა სფეროებიც უნდა მიჰყვნენ კვალდაკვალ და დაიწყონ მსგავსი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევების ჩატარება. მეცნიერი ასევე განმარტავს, რომ დროითი პოლიტიკა მხოლოდ მზის ამოსვლისა და ჩასვლის საათებს განსაზღვრავს. საათის ისრების გადაწევას არ შეუძლია, რომ ბნელ ზამთრის თვეებში სინათლის ხანგრძლივობა გაზარდოს, რადგან ეს დედამიწის პოზიციასა და მზის მოძრაობაზეა დამოკიდებული.
წყარო: Stanford

