ხშირად, პაციენტები აქტიური მკურნალობის დასრულების შემდგომ, იქნება ეს ქიმიოთერაპია, ქირურგია, რადიაციული თერაპია თუ სხვა, ფიქრობენ, რომ დაავადების მართვის ძირითადი ნაწილი დასრულდა და ის აღარ სასჭიროებს მათ აქტიურ ჩართულობას, თუმცა, ონკოლოგიაში მკურნალობის დასრულება ახალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპის, მეთვალყურეობის ფაზის დასაწყისია.
ონკოლოგიური დაავადებების ბუნებიდან გამომდინარე, ძირითადი თერაპიის მიზანი არის დაავადებისაგან თავისუფალი პერიოდის გახანგრძლივება, რაც თავისთავად გულისხმობს დაავადების მობრუნების გარკვეული რისკის არსებობას. ძირითადი მკურნალობის დასრულების შემდგომ მიმდინარეობს პაციენტთა მუდმივი მეთვალყურეობა, იმისათვის, რომ დაავადების მობრუნების ან გავრცელების ნიშნები დროულად, სიმპტომების აღმოცენებამდეც კი გამოვავლინოთ, რათა მოხდეს მათი მართვა მკურნალობისთვის მეტად დამყოლ ადრეულ ეტაპზევე.
მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობა გულისხმობს გეგმიურ ვიზიტებს ექიმთან იმ კვლევებთან ერთად, რომლებიც შერჩეულია კონკრეტული სიმსივნისა და სტადიის გათვალისწინებით, რაც მოიცავს:
- ფიზიკალურ გასინჯვას
- ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას (მათ შორის, სპეციფიკურ ონკომარკერებს);
- ვიზუალიზაციურ კვლევებს (მაგალითად, მამოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას);
- ინსტრუმენტულ პროცედურებს (მაგალითად, კოლონოსკოპიას).
არსებობს გზამკვლევები, რომლებიც იძლევა სხვადასხვა სიმსივნისათვის შესაბამისი კვლევების ჩატარების რეკომენდაციას გარკვეული სიხშირით. ამ ყველაფერზე ინფორმაციას პაციენტი იგებს ექიმისგან, რომელიც მთელ ამ პროცესს წარმართავს.
არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, რომ მეთვალყურეობის პროტოკოლის მკაცრი დაცვა პირდაპირ აისახება პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მკურნალობის გამოსავალზე. მაგალითად, მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული სკრინინგი და მეთვალყურეობა ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობას ფარდობითად 20%-ით ამცირებს იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იტარებენ გეგმიურ მონიტორინგს [1]. მსგავსი დასკვნა გააკეთა 2025 წლის კვლევამ მსხვილი ნაწლავის კიბოს მეთვალყურეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობისა და სკრინინგული პროტოკოლების მკაცრი დაცვა პირდაპირ კავშირშია პაციენტთა გადარჩენადობისა და მკურნალობის უკეთეს შედეგებთან [2].
საინტერესოა, აღინიშნოს ტენდენციაც, რომელის მიხედვითაც პაციენტები მკურნალობის დასრულებიდან პირველ წელს უფრო აქტიურად დადიან მეთვალყურეობაზე, ხოლო დროთა განმავლობაში მათი აქტიურობა თანდათან მცირდება [3]. არსებობს მრავალი ფაქტორი, რის გამოც, პაციენტები ხშირად წყვეტენ ან ტოვებენ გეგმიურ ვიზიტებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ფინანსური მხარე და სამედიცინო დაზღვევის პირობები. საქართველოში მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის კვლევები სრულად არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ პაციენტთა გარკვეულ ნაწილს ხელმოკლეობის გამო უჭირს შორ დიასტანციაზე გადაადგილება კლინიკამდე მოსასვლელად (განსაკუთრებით რეგიონებში). ნაწილი ვერ ახერხებს სამსახურიდან განთავისუფლებას, მათ შორის გაცდენილი სამუშაო საათების გამო დაკარგული ხელფასის შიშით.
თავისი როლი აქვს პაციენტების განათლებას მკურნალობის შემდგომი მეთვალყურეობის საჭიროების შესახებ. პაციენტებს ხშირად არ აქვთ სრულყოფილი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რეალურად რატომ არის ვიზიტი მნიშვნელოვანი მაშინ, როდესაც თავს სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ. ეთიოპიურ კვლევაში, რომელიც შეისწავლიდა საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობის დასრულების შემდეგ სკრინინგის ჩატარების გაცდენის მიზეზებს, ყველაზე ხშირად დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა (21.1%), ვიზიტის დავიწყება (18.1%) და კვლევის ჩატარების საჭიროების ვერდანახვა (14.5%). აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საჭიროა არსებობდეს გარკვეული მექნიზმი, რომელიც მისცემს პაციენტებს ინფორმაციას გზამკვლევებით მოწოდებული კვლევების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. ვიზიტის დავიწყება თუ უგულებელყოფა ხშირად სამედიცინო სისტემის მხრიდან პაციენტთან კომუნიკაციის ნაკლებობის შედეგია. შესაბამისად, აუცილებელია არსებობდეს გამართული სისტემური მექანიზმი (შეხსენებები, სატელეფონო ზარები, ციფრული შეტყობინებები), რომელიც პაციენტს შეახსენებს მოახლოებული გამოკვლევის თარიღს [4].
კიდევ ერთი ფაქტორი არის პაციენტთა ფსიქიკური მდგომარეობა. ერთ-ერთმა კორეულმა კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესია არის რეგულარული მამოგრაფიის არ ჩატარების მნიშნველოვანი მიზეზი ძუძუს კიბოიან პაციენტებში მკურნალობის დასრულების შემდგომ [5]. შიშს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი უკავია. ვიზიტი პაციენტთა ნაწილისათვის ნიშნავს შანსს, რომ გაიგონ ცუდი სიახლე იმის შესახებ, რომ დაავადება მობრუნდა ან გავრცელდა, ამდენად ისინი ირჩევენ იყვნენ გაურკვევლობაში, თავი აარიდონ ექიმთან მისვლას.
საბოლოო ჯამში, ონკოლოგიაში მკურნალობის დასრულება არ არის პროცესის დასასრული, ეს არის გადასვლა ახალ, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაზაზე, რომელსაც მეთვალყურეობა ჰქვია. ეს არ არის უბრალოდ ფორმალობა. ეს არის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ნებისმიერი ცვლილება დროულად, სიმპტომების გამოჩენამდე შენიშნონ.
ავტორი: მარიამ ზურაშვილი, რადიაციული ონკოლოგიის რეზიდენტი

- The National Lung Screening Trial Research Team. Reduced Lung-Cancer Mortality with Low-Dose Computed Tomographic Screening. The New England Journal of Medicine 2011;365:395-409
- Shuang Han et al, Computed tomography-dominant surveillance strategies for colorectal cancer: Improving early detection of recurrence. World Journal of Gastrointest Surgery. 2025 Aug 27;17(8):107340
- Dalia Kagramanov et. al., Impact of the model of long-term follow-up care on adherence to guideline-recommended surveillance among survivors of adolescent and young adult cancers. Cancer Medicine. 2021 Aug;10(15):5078-5087
- Rahel Alemayehu et. al., Barriers to adherence of posttreatment follow-up after positive primary cervical cancer screening in Ethiopia: a mixed-methods study. The Oncologist, Volume 30, Issue 7, July 2025.
- Min Kyeong Jang et. al., Barriers to Surveillance Mammography Adherence in Korean Breast Cancer Survivors., Oncology Nursing Forum, November 2024 • Volume 51, number 6, pages E37 – E49

