ვიზუალიზაციის მიღმა: თხევადი ბიოფსია და ცირკულირებადი სიმსივნური დნმ-ის როლი ონკოლოგიაში

გააზიარე

თანამედროვე ონკოლოგია სულ უფრო მეტად ეფუძნება ანატომიური, ჰისტოპათოლოგიური და მოლეკულური მონაცემების ინტეგრაციას. სიმსივნის ბიოლოგიური თავისებურებების სიღრმისეული გააზრება მკურნალობის პერსონალიზაციის, თერაპიული პასუხის შეფასებისა და დაავადების პროგრესირების მონიტორინგის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თხევადი ბიოფსია — მინიმალურად ინვაზიური მიდგომა, რომელიც ბიოლოგიურ სითხეებში სიმსივნესთან ასოცირებული მასალის გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა.

ქსოვილოვანი ბიოფსია კვლავ რჩება სიმსივნის მორფოლოგიური დიაგნოსტიკისა და მრავალი მოლეკულური კვლევის ფუნდამენტურ მეთოდად. თუმცა, იგი ასახავს კონკრეტული ლოკალიზაციიდან, კონკრეტულ მომენტში მიღებულ ნიმუშს. განსაკუთრებით მეტასტაზური დაავადების დროს, სიმსივნის სხვადასხვა კერასა და კლონს შორის გენომური განსხვავებები — სიმსივნის ჰეტეროგენობა — შესაძლოა მკურნალობის შერჩევას ართულებდეს. გარდა ამისა, ქსოვილის მიღება ზოგჯერ ტექნიკურად რთული, კლინიკურად სარისკო ან შეუძლებელია.

თხევადი ბიოფსია ამ შეზღუდვების ნაწილობრივ დაძლევის შესაძლებლობას ქმნის. მისი ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ცირკულირებადი სიმსივნური დნმ–ის (circulating tumor DNA, ctDNA) ანალიზი, რომელიც ზუსტი ონკოლოგიის განვითარებაში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

თუმცა, ამ ტექნოლოგიის შესაძლებლობების შეფასებისას მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, შეგვიძლია თუ არა სიმსივნური წარმოშობის დნმ–ის უფრო ადრე აღმოჩენა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ცვლის თუ არა ეს ინფორმაცია კლინიკურ გადაწყვეტილებებს და აუმჯობესებს თუ არა საბოლოოდ პაციენტის გამოსავალს.

რა არის თხევადი ბიოფსია, cfDNA და ctDNA?

თხევადი ბიოფსია წარმოადგენს ბიოლოგიურ სითხეებში სიმსივნესთან დაკავშირებული მასალის გამოკვლევის მეთოდს. ყველაზე ხშირად ანალიზისთვის გამოიყენება სისხლის პლაზმა, თუმცა კონკრეტული კლინიკური მიზნისა და სიმსივნის ტიპის მიხედვით შესაძლოა სხვა ბიოლოგიური სითხეებიც გამოიყენებოდეს.

თხევადი ბიოფსიის ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ბიომარკერის შეფასება, მათ შორის:

  • უჯრედგარე თავისუფალი დნმ (cell-free DNA, cfDNA);
  • ცირკულირებადი სიმსივნური დნმ (ctDNA);
  • ცირკულირებადი სიმსივნური უჯრედები;

cfDNA არის უჯრედგარე სივრცეში, მათ შორის სისხლის პლაზმაში, არსებული დნმ–ის ფრაგმენტები, რომლებიც უჯრედული პროცესების, მათ შორის აპოპტოზისა და ნეკროზის შედეგად გამოიყოფა. ctDNA წარმოადგენს cfDNA-ის იმ ფრაქციას, რომელიც სიმსივნური უჯრედებიდან მომდინარეობს.

ctDNA შესაძლოა შეიცავდეს სიმსივნესთან დაკავშირებულ გენომურ ცვლილებებს, მათ შორის ერთნუკლეოტიდურ ვარიანტებს, მცირე ჩასმებსა და დელეციებს, ასლების რაოდენობის ცვლილებებსა და გარკვეულ სტრუქტურულ გადაჯგუფებებს. მათი გამოვლენა დამოკიდებულია გამოყენებული ტესტის ტექნოლოგიაზე, ანალიტიკურ მგრძნობელობასა და კონკრეტული ცვლილების ტიპზე.

ctDNA-ის რაოდენობასა და გამოვლენადობაზე გავლენას ახდენს სიმსივნის ტიპი, დაავადების სტადია, სიმსივნური მასის მოცულობა, ანატომიური ლოკალიზაცია, სიმსივნური კერების ბიოლოგიური თავისებურებები და მკურნალობის ეფექტი. შესაბამისად, ყველა სიმსივნე სისხლში ctDNA-ის ერთნაირი რაოდენობით არ გამოყოფს.

პლაზმის ანალიზმა შესაძლოა ინფორმაცია მოგვაწოდოს რამდენიმე სიმსივნური კერიდან გამოთავისუფლებული დნმ–ის შესახებ და გამოავლინოს ისეთი გენომური ცვლილებები, რომლებიც ცალკე აღებულ ქსოვილოვან ნიმუშში არ იყო წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, იგი ვერ უზრუნველყოფს ყველა სიმსივნური კლონისა და კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილების გამოვლენას. 

ctDNA-ის ტესტირების ძირითადი მიდგომები

ctDNA-ის კვლევაში განასხვავებენ ორ ძირითად მიდგომას.

სიმსივნის შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით შექმნილი ტესტები (tumor-informed assays)  –  თავდაპირველად პაციენტის სიმსივნური ქსოვილის გენომურ მახასიათებლებს აანალიზებს. შემდეგ პლაზმაში კონკრეტულად შერჩეულ, სიმსივნისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს ეძებს. ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლეკულური ნარჩენი დაავადების მონიტორინგის კვლევებში.

მხოლოდ პლაზმაზე დაფუძნებული ტესტები (plasma-only assays) – სისხლის პლაზმაში არსებული გენეტიკური ცვლილებების გამოსავლენად გამოიყენება სიმსივნური ქსოვილის წინასწარი გენომური პროფილირების გარეშე. მათი უპირატესობა ისაა, რომ შესაძლოა გამოსადეგი იყოს მაშინ, როდესაც ქსოვილოვანი ნიმუში მიუწვდომელია, არასაკმარისია ან ქსოვილზე დაფუძნებული კვლევის პასუხის მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან დროს ვერ ხერხდება.

ამ მიდგომებს შორის არჩევანი დამოკიდებულია კლინიკურ კითხვაზე, ტესტის ვალიდირებულ მახასიათებლებზე და იმაზე, თუ რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ექიმი მიღებული შედეგის საფუძველზე. პლაზმაზე დაფუძნებული ტესტების უარყოფითი ან არაინფორმაციული შედეგი ყოველთვის არ გამორიცხავს სამიზნე გენეტიკური ცვლილების არსებობას; ასეთ შემთხვევებში, კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ქსოვილოვანი გამოკვლევა. 

კლინიკური გამოყენება: გენომური პროფილირებიდან მოლეკულურ მონიტორინგამდე

  1. მკურნალობის შერჩევა და თერაპიული რეზისტენტობის შეფასება

ctDNA-ის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური გამოყენებაა შორსწასული სიმსივნური დაავადების დროს მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი გენომური ცვლილებების გამოვლენა.

გარკვეულ სიმსივნეებში, როდესაც არსებობს შესაბამისი ბიომარკერული ჩვენება და დამტკიცებული სამკურნალო შესაძლებლობა, პლაზმაზე დაფუძნებულმა გენომურმა პროფილირებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მიზნობრივი თერაპიის შერჩევას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ქსოვილოვანი ბიოფსიის ჩატარება შეუძლებელია ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან რისკთან.

მკურნალობის პროცესში ctDNA-ის მოლეკულური პროფილის ცვლილებებმა შესაძლოა დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდოს სიმსივნის ევოლუციასა და რეზისტენტობასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე. თუმცა, ამ ცვლილებების კლინიკური ინტერპრეტაცია უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული ტესტის შესაძლებლობებს, სიმსივნის ტიპს, მკურნალობის რეჟიმსა და სხვა კლინიკურ მონაცემებს.

მნიშვნელოვანია, რომ ctDNA-ის კონცენტრაციის ან ცალკეული მოლეკულური ცვლილების დინამიკა დამოუკიდებლად არ განიხილებოდეს მკურნალობაზე პასუხის ან დაავადების პროგრესირების საბოლოო მტკიცებულებად. 

  1. მოლეკულური ნარჩენი დაავადება და რეციდივის რისკის შეფასება

თხევადი ბიოფსიის ერთ–ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა მოლეკულური ნარჩენი დაავადების (molecular residual disease, MRD) შეფასება.

MRD გულისხმობს მკურნალობის შემდეგ დარჩენილი დაავადების მოლეკულური ნიშნების გამოვლენას იმ შემთხვევებში, როდესაც სტანდარტული კლინიკური ან რადიოლოგიური მეთოდებით დაავადების გამოვლენა ვერ ხერხდება.

რადიკალური ქირურგიული ჩარევის ან განკურნების მიზნით ჩატარებული სხვა მკურნალობის შემდეგ ctDNA-ის გამოვლენა შესაძლოა რეციდივის მომატებულ რისკთან იყოს დაკავშირებული. ზოგიერთ სიმსივნეში მოლეკულური ნიშნები რეციდივის კლინიკურ ან რადიოლოგიურ გამოვლენამდე ფიქსირდება.

ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვან პროგნოზულ ინფორმაციას იძლევა და ქმნის პაციენტთა რისკის უფრო ზუსტი სტრატიფიკაციის პერსპექტივას. თუმცა, პროგნოზული ღირებულება თავისთავად არ ადასტურებს კლინიკურ სარგებლიანობას: პაციენტთა იმ ჯგუფის იდენტიფიცირება, რომელსაც რეციდივის მაღალი რისკი აქვს, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ტესტის საფუძველზე მკურნალობის შეცვლა გადარჩენადობას ან ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

ამიტომ, MRD-ის შეფასებისას ctDNA-ის გამოყენება უნდა განვასხვაოთ მისი შედეგების საფუძველზე მკურნალობის ინტენსიფიკაციის, შემცირების ან შეცვლისგან. ასეთი გადაწყვეტილებები საჭიროებს შესაბამისი კლინიკური კვლევებით დადასტურებულ სარგებლიანობას. 

რას გვიჩვენებს კლინიკური კვლევები?

DYNAMIC კვლევა: კოლორექტალური კიბო

ctDNA-ზე დაფუძნებული მართვის სტრატეგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია რანდომიზებული DYNAMIC კვლევა, რომელიც II სტადიის მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებში ჩატარდა.

კვლევაში შედარებული იყო ctDNA-ის შედეგებზე დაფუძნებული ადიუვანტური ქიმიოთერაპიის დანიშვნის სტრატეგია და სტანდარტული კლინიკურ–პათოლოგიური კრიტერიუმებით მართვა. ctDNA-ზე დაფუძნებულ ჯგუფში ადიუვანტური ქიმიოთერაპია პაციენტთა 15%-მა მიიღო, სტანდარტული მართვის ჯგუფში კი — 28%-მა. ორწლიანი რეციდივისგან თავისუფალი გადარჩენადობა, შესაბამისად, 93.5% და 92.4% იყო. შედეგებმა აჩვენა, რომ შესწავლილ პოპულაციაში ctDNA-ზე დაფუძნებულმა სტრატეგიამ შეამცირა ქიმიოთერაპიის გამოყენება ისე, რომ კვლევის წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმით რეციდივისგან თავისუფალი გადარჩენადობის მაჩვენებელი სტანდარტულ მართვასთან შედარებით უარესი არ ყოფილა.

ძუძუს კიბო: პროგნოზული ღირებულება და კლინიკური სარგებლიანობა

ძუძუს კიბოში ctDNA-ის გამოყენება აქტიური კვლევის საგანია. არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მოლეკულური ნარჩენი დაავადების გამოვლენას შესაძლოა პროგნოზული მნიშვნელობა ჰქონდეს და იგი რეციდივის რისკის შეფასებაში დაგვეხმაროს.

თუმცა, კვლავ შესასწავლია, აუმჯობესებს თუ არა ctDNA-ის შედეგების საფუძველზე მკურნალობის შეცვლა პაციენტთა გადარჩენადობასა და ცხოვრების ხარისხს. შესაბამისად, ადრეული სტადიის ძუძუს კიბოს დროს MRD-ის რუტინული მონიტორინგისა და ამ შედეგებით მკურნალობის წარმართვის შესაძლებლობები უნდა შეფასდეს კონკრეტული კლინიკური მტკიცებულებებისა და მოქმედი რეკომენდაციების შესაბამისად. 

შეუძლია თუ არა თხევად ბიოფსიას რეციდივის რადიოლოგიურ გამოვლენამდე აღმოჩენა?

მოლეკულური რეციდივის რადიოლოგიურ რეციდივამდე გამოვლენა ctDNA-ის კვლევის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა.

ზოგიერთ შემთხვევაში, სიმსივნური წარმოშობის დნმ შესაძლოა სისხლში აღმოჩნდეს მანამდე, სანამ რეციდივის კერა იმ ზომას მიაღწევს, რომ მისი გამოვლენა სტანდარტული ვიზუალიზაციის მეთოდებით შესაძლებელი გახდეს. ამგვარად მიღებულმა ინფორმაციამ შესაძლოა ხელი შეუწყოს რეციდივის რისკის უფრო ადრეულ შეფასებას.

თუმცა, ადრეული გამოვლენა არ ნიშნავს, რომ ადრეული ჩარევა აუცილებლად ეფექტიანია. დადებითი ctDNA-შედეგი შესაძლოა მოლეკულურ რეციდივზე მიუთითებდეს ისე, რომ არ განსაზღვრავდეს დაავადების ანატომიურ მდებარეობას და არ გვიჩვენებდეს, რომელი მკურნალობა იქნება ეფექტიანი.

გარდა ამისა, მოლეკულური რეციდივის შესახებ ინფორმაციის უფრო ადრე მიღებამ შესაძლოა გაზარდოს პაციენტის შფოთვა, დამატებითი გამოკვლევების საჭიროება და მკურნალობასთან დაკავშირებული ტვირთი, თუ არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარევა, რომელიც საბოლოო კლინიკურ შედეგს გააუმჯობესებს.

ამიტომ კლინიკური გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ტესტის უნარი, გამოავლინოს მოლეკულური ცვლილება, არამედ ისიც, თუ რა პრაქტიკული სარგებელი მოაქვს ამ ინფორმაციის საფუძველზე განხორციელებულ მოქმედებას.

2026 წლის ASCO-ს გაიდლაინი: რა იცვლება კლინიკურ პრაქტიკაში?

2026 წელს ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოებამ (American Society of Clinical Oncology, ASCO) გამოაქვეყნა კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომელიც სოლიდური სიმსივნეებისა და ლიმფომების დროს ctDNA-ის ტესტირებას ეძღვნება. დოკუმენტი აჯამებს არსებულ მტკიცებულებებს და განსაზღვრავს კლინიკურ სიტუაციებს, რომლებშიც ტესტის გამოყენება შესაძლოა მიზანშეწონილი იყოს. 

გაიდლაინის მიხედვით, ctDNA-ის ტესტირება სიმსივნის გენეტიკური ცვლილებების გამოსავლენად შეიძლება განიხილებოდეს მაშინ, როდესაც:

  • ქსოვილზე დაფუძნებული ტესტირება რთულია, შეუძლებელია ან ბიოფსია პაციენტისთვის მიუღებელ რისკს ქმნის;
  • ქსოვილოვანი კვლევის პასუხი კლინიკურად საჭირო ვადაში ვერ მიიღება;
  • შესაბამისი სამკურნალო პრეპარატის დამტკიცებული ჩვენება ctDNA-ის ტესტირებას უშვებს ან მოითხოვს.

თუ ctDNA-ის შედეგი უარყოფითი, არაინფორმაციული ან კლინიკურ სურათთან შეუსაბამოა, საჭიროა ქსოვილოვანი გამოკვლევის შესაძლებლობის განხილვა. ამასთან, ctDNA-ის ტესტირება არ უნდა განიხილებოდეს სხვა აუცილებელი დიაგნოსტიკური მეთოდების უნივერსალურ შემცვლელად.

გაიდლაინი ასევე ხაზს უსვამს, რომ ctDNA-ის რაოდენობრივი მაჩვენებლები ან საერთო cfDNA-ის კონცენტრაცია არ უნდა გამოიყენებოდეს დაავადების მოცულობის შემცვლელ მაჩვენებლად კლინიკური კვლევის ფარგლებს გარეთ. MRD-ისა და მოლეკულური რეციდივის შეფასების მიმართულებით რეკომენდაციები კვლავ ვითარდება და საჭიროებს სიმსივნის ტიპისა და კონკრეტული კლინიკური გამოყენების მიხედვით მტკიცებულებების შემდგომ დაგროვებას. 

შეზღუდვები და კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის გამოწვევები

ცრუ უარყოფითი შედეგები

დაავადების ადრეულ სტადიაზე ან მცირე სიმსივნური მასის შემთხვევაში ctDNA-ის რაოდენობა შესაძლოა ტესტის გამოვლენის ზღვარზე დაბალი იყოს. შესაბამისად, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს ნარჩენი დაავადების არსებობას ან მკურნალობისთვის მნიშვნელოვან გენეტიკურ ცვლილებას. ასეთ შემთხვევებში შედეგის ინტერპრეტაცია უნდა დაეფუძნოს ტესტის მგრძნობელობასა და კლინიკურ კონტექსტს. 

სიმსივნის ჰეტეროგენობა და არასიმსივნური წარმოშობის ცვლილებები

მიუხედავად იმისა, რომ პლაზმის ანალიზმა შესაძლოა რამდენიმე სიმსივნური კერიდან მიღებული ინფორმაცია ასახოს, ყველა კლონი სისხლში აღმოჩენად დნმ–ს არ გამოყოფს. გარდა ამისა, ზოგიერთი გენეტიკური ცვლილება შესაძლოა არასიმსივნური უჯრედებიდან მომდინარეობდეს. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ასაკთან ასოცირებული კლონური ჰემატოპოეზი, რომელმაც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ctDNA-ის ინტერპრეტაცია გაართულოს. ამიტომ აუცილებელია ტესტის ტექნიკური შესაძლებლობებისა და შედეგის შესაძლო ალტერნატიული წყაროების გათვალისწინება. 

ღირებულება და თანაბარი ხელმისაწვდომობა

მოწინავე მოლეკულური ტესტირება მოითხოვს შესაბამის ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, ვალიდირებულ მეთოდებს, მომზადებულ პერსონალსა და კლინიკურ ინტერპრეტაციას. ტესტირების ღირებულება, ანაზღაურების მექანიზმები და შემდგომი მიზნობრივი მკურნალობის ხელმისაწვდომობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ჯანდაცვის სისტემებსა და პაციენტთა ჯგუფებს შორის.

შეზღუდული რესურსების პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტესტის ტექნიკური სიზუსტის, არამედ მისი ხარჯთეფექტურობის, კლინიკური სარგებლიანობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობის შეფასება. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვამ არ უნდა გააღრმაოს უთანასწორობა იმ პაციენტებს შორის, რომლებსაც დიაგნოსტიკასა და თანამედროვე მკურნალობაზე წვდომა განსხვავებული აქვთ.

სამომავლო პერსპექტივები

თხევადი ბიოფსიის შემდგომი განვითარება რამდენიმე მიმართულებით გაგრძელდება: ანალიტიკური მგრძნობელობის გაუმჯობესება, ტესტირების მეთოდების სტანდარტიზაცია, სხვადასხვა ბიომარკერის მონაცემთა ინტეგრაცია და იმ კლინიკური გადაწყვეტილებების განსაზღვრა, რომელთა მიღებაშიც ctDNA ყველაზე მეტ სარგებელს იძლევა.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება პროსპექტულ და რანდომიზებულ კვლევებს, რომლებიც შეაფასებს, აუმჯობესებს თუ არა ctDNA-ის საფუძველზე მკურნალობის ინტენსიფიკაცია ან დეესკალაცია საერთო გადარჩენადობას, რეციდივისგან თავისუფალ გადარჩენადობასა და ცხოვრების ხარისხს. ამასთან, საჭიროა მკურნალობასთან დაკავშირებული ტოქსიკურობის, დამატებითი გამოკვლევებისა და ფინანსური ტვირთის შეფასებაც.

მომავალი კვლევები უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ კითხვას, თუ რამდენად ადრე შეგვიძლია მოლეკულური ცვლილების გამოვლენა, არამედ იმასაც, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია ისე, რომ პაციენტისთვის რეალური სარგებელი მივიღოთ.

თხევადი ბიოფსია, განსაკუთრებით ctDNA-ის ანალიზი, ზუსტი ონკოლოგიის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განვითარებადი მიმართულებაა. მისი გამოყენება ქმნის შესაძლებლობას, გამოვლინდეს მკურნალობისთვის მნიშვნელოვანი გენომური ცვლილებები, შეფასდეს სიმსივნის მოლეკულური ევოლუცია და განისაზღვროს რეციდივის რისკი იმ შემთხვევებში, როდესაც სტანდარტული კლინიკური ან რადიოლოგიური შეფასება სრულ ინფორმაციას ვერ გვაწვდის.

თუმცა, ტექნოლოგიის პოტენციალი უნდა შეფასდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით. მოლეკულური ცვლილების გამოვლენა, მისი პროგნოზული მნიშვნელობა და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიღებული კლინიკური გადაწყვეტილების სარგებლიანობა ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია.

თხევადი ბიოფსიის მომავალი დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად ადრე და ზუსტად შევძლებთ სიმსივნური წარმოშობის დნმ–ის გამოვლენას, არამედ იმაზეც, შევძლებთ თუ არა ამ ინფორმაციის გამოყენებას მკურნალობის უკეთესი შედეგების, ცხოვრების ხარისხისა და პაციენტზე ორიენტირებული ონკოლოგიური ზრუნვის გასაუმჯობესებლად.

ავტორი: მარიამ ჭირაქაძე, დიპლომირებული მედიკოსი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები