„დიუკ-ნუსის” სამედიცინო სკოლის (Duke-NUS Medical School) და „დიუკის უნივერსიტეტის“ სამედიცინო სკოლის მეცნიერების გუნდმა შეისწავლა Clostridium immunis – ბაქტერია, რომელიც ადამიანის ნაწლავში ბინადრობს. თაგვებმა, რომლებმაც მისი ერთჯერადი დოზა მიიღეს, ერთ კვირაში დაიკლეს წონაში და დაკარგეს ვისცერული ცხიმის (შინაგანი ორგანოების გარშემო დაგროვილი ღრმა მუცლის ცხიმის) დაახლოებით მესამედი; ხოლო მაღალცხიმიან დიეტაზე ყოფნისას ისინი ნაკლებ წონას იმატებდნენ და შაქარსაც უკეთ ითვისებდნენ.
საქმე ბაქტერიის მიერ გამოყოფილ დიდი ზომის შაქრის მოლეკულაშია, რომელიც მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც მას ფოსფოქოლინის (phosphocholine) სახელით ცნობილი მცირე ქიმიური ნიშნული აქვს მიმაგრებული. ეს მოლეკულა ამცირებს იმუნურ სიგნალს, სახელწოდებით – IL-22, რაც უშუალოდ ვისცერულ ცხიმში ააქტიურებს სითბოს გამომუშავებაზე პასუხისმგებელ უჯრედებს, რომლებიც ენერგიას წვავენ. ეს პროცესი კი მიმდინარეობდა ისე, რომ დაკვირვებისას თაგვები არც ნაკლებს ჭამდნენ და არც მეტს მოძრაობდნენ (კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Cell Host & Microbe).
ვისცერული ცხიმი მჭიდროდ არის დაკავშირებული მე-2 ტიპის დიაბეტსა და გულის დაავადებების განვითარებასთან. 4 145 ადამიანის ნიმუშების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გენები, რომლებიც მოლეკულას ფოსფოქოლინის ნიშნულს უკავშირებენ, სიმსუქნის ჩვენების მქონე პირებში უფრო იშვიათად აღინიშნებოდა, ვიდრე გამხდრებში.
აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა შედეგები მიიღეს თაგვების შემთხვევაში. რაც შეეხება ადამიანებს, არსებობს მხოლოდ კავშირი და არა პირდაპირი მტკიცებულება, რომ ბაქტერიული შაქარი ცხიმის წვაზე გავლენას ახდენს.
მკვლევრები აქვე აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სტანდარტული საკვები შაქრის ფორმა. დიუკის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა აღმოჩენა უკვე დააპატენტა და აშშ-ში კლინიკური კვლევების გაგრძელებას გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია, გახდება თუ არა ნაწლავის მიკრობის შაქარი სიმსუქნის მკურნალობის ახალი საშუალება.

