გეიტსების ფონდის უპრეცედენტო ინვესტიცია: 2.5 მილიარდი დოლარი ქალების ჯანმრთელობისთვის

გააზიარე

ჯანდაცვის სფეროში არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, „ბილ და მელინდა გეითსების ფონდმა“ განაცხადა, რომ 2030 წლამდე ქალების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული კვლევებისა და ინოვაციების დასაფინანსებლად 2.5 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

დაფინანსება მოხმარდება 40-ზე მეტი სამედიცინო ინოვაციის შექმნას — განსაკუთრებით იმ ინოვაციებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც აქამდე ნაკლები ყურადღება ექცეოდათ.

„ქალები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდნენ ისეთი დაავადებებისგან, რომელთა დიაგნოსტიკა არასწორად ხდებოდა და, საერთოდ, ეს მიმართულებები სრულიად იგნორირებულიც იყო. გვინდა, რომ ეს ინვესტიცია ქალებზე ორიენტირებული სამედიცინო ინოვაციების ახალი ეპოქის დასაწყისი გახდეს — ეპოქის, სადაც ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარების (R&D) სფეროში ქალების სიცოცხლე პრიორიტეტული იქნება“, — განაცხადა დოქტორმა ანიტა ზაიდიმ, ფონდის გენდერული თანასწორობის განყოფილების პრეზიდენტმა.

ინვესტიციის ფარგლებში, ძირითადი აქცენტიგაკეთდება ხუთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც აქამდე ნაკლებად ფინანსდებოდა.

ეს მიმართულებებია:

  • სამეანო მომსახურება და დედების იმუნიზაცია
  • დედების ჯანმრთელობა და კვება
  • გინეკოლოგიური და მენსტრუალური ჯანმრთელობა
  • კონტრაცეფციის ინოვაციები
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

სამწუხაროდ, გლობალურ ჯანდაცვაში დაფინანსების მხოლოდ მცირე ნაწილი იხარჯება ამ მიმართულებებზე. მაგალითად, 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის კვლევისა და განვითარების (R&D) დაფინანსების მხოლოდ 1% იხარჯება ქალთა სპეციფიკური დაავადებების შესწავლაზე (გარდა კიბოსი).

მიუხედავად იმისა, რომ ისეთი პრობლემები, როგორიცაა პრეეკლამპსია, გესტაციური დიაბეტი, მენსტრუალური დარღვევები, ენდომეტრიოზი და მენოპაუზა, მსოფლიოს მასშტაბით ასობით მილიონ ქალს აწუხებს, ამ მიმართულებებით სამედიცინო კვლევების დაფინანსება დღემდე ნაკლებ პრიორიტეტულად რჩებოდა.

ბილ გეიტსი აცხადებს, რომ ქალთა ჯანმრთელობაში ინვესტირება აუცილებელია, რადგან ეს დადებითად აისახება  მომავალ თაობებზე. მისი თქმით, “ჯანმრთელი ქალები ჯანმრთელ ოჯახებს და ძლიერ ეკონომიკას ქმნიან. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქალთა ჯანმრთელობა კვლავ უყურადღებოდაა დატოვებული და არასაკმარისად ფინანსდება.”

ფონდი ყველა დაინტერესებულ მხარეს – მთავრობებს, ინვესტორებსა და ჯანდაცვის სექტორს – მოუწოდებს თანამშრომლობისკენ, რათა ქალებისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები და მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

გეიტსების ინვესტიციით დაფინანსდება ვაგინალური მიკრობიომის კვლევები, არაჰორმონალური კონტრაცეპტივების შექმნა და პრეეკლამპსიის სამკურნალო საშუალებების განვითარება. ასევე, თანხები მოხმარდება მონაცემების შეგროვებას, რეგულაციების გაუმჯობესებასა და უკვე დამტკიცებული პროდუქტების გავრცელებას.

ზაიდიმ აღნიშნა, რომ ეს არის ფონდის ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია ქალთა ჯანმრთელობის კვლევასა და განვითარებაში, თუმცა დასძინა, რომ ამ სფეროს გაცილებით მეტი დაფინანსება სჭირდება. მისი თქმით, ქალთა ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, არამედ ეს არის საინვესტიციო შესაძლებლობა, რომელსაც დიდი სამეცნიერო პოტენციალი აქვს და მილიონობით ადამიანს დაეხმარება.

ფონდის მიდგომა ეფუძნება გლობალურ მონაცემებს და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მცხოვრები ქალების გამოცდილებას და პრობლემებს. პრიორიტეტული სფეროები ისე შეირჩა, რომ მაქსიმალურად ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეეთავაზებინათ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.

კვლევების თანახმად, ქალების ჯანმრთელობაში ჩადებული ყოველი 1 დოლარი 3 დოლარის ეკონომიკურ სარგებელს იძლევა. გენდერული ჯანდაცვის უთანასწორობის აღმოფხვრა კი, 2040 წლისთვის, მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად დამატებით 1 ტრილიონ დოლარს მოუტანს.

აღნიშნული ინვესტიცია „გეითსების ფონდის“ უფრო შორსმიმავალ მიზნებს ემსახურება, როგორებიცაა: 2045 წლისთვის დედებისა და ბავშვების სიკვდილიანობის შემცირება, მომაკვდინებელი ინფექციური დაავადებების აღმოფხვრა და მილიონობით ადამიანის სიღარიბიდან გამოყვანა. ამ ინიციატივის საფუძველი ფონდის 25-წლიანი გამოცდილებაა დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებში.

წყარო: Gates Foundation

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები