ახალი კვლევა ენდომეტრიოზის დიაგნოზირებას ამარტივებს

გააზიარე

უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ენდომეტრიოზს ხშირად თან ახლავს სხვა დაავადებები, მათ შორის კიბო, ქრონიკული ნაწლავური დაავადებები და შაკიკი. ენდომეტრიოზი, რომელიც მსოფლიოში ქალების დაახლოებით 10%-ს აწუხებს, ხშირად შეუმჩნეველია ან დაგვიანებული დიაგნოზით დასტურდება. როგორ ვითარდება ენდომეტრიოზი – დაავადება, რომლის დიაგნოსტირება ხშირად რთულია და დროს მოითხოვს? –  ეს იყო მთავარი კითხვა კვლევაზე, რომელიც ექიმებისა და პაციენტების უკეთ ინფორმირების მიზნით ჩატარდა და კალიფორნიის ექვსი სამედიცინო ცენტრის სამედიცინო ჩანაწერების დეტალურ ანალიზს დაეყრდნო.

რა გააკეთეს მკვლევრებმა?

უმაირ ხანმა და მისმა კოლეგებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრში, ენდომეტრიოზის დიაგნოზის მქონე 43 000-მდე პაციენტის მონაცემები თანამედროვე, კომბინირებული კომპიუტერული მეთოდებით გააანალიზეს.

კვლევამ გამოავლინა 600-ზე მეტი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კომორბიდობა, ანუ ორი ან რამდენიმე დამოუკიდებელი დაავადების ურთიერთკავშირი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ენდომეტრიოზის მრავალსიმპტომურ ბუნებაზე, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ რეპროდუქციული სისტემის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტები

დაავადებასთან თანდართული გართულებები, როგორიცაა შაკიკი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ენდომეტრიოზის ფართო სიმპტომატიკას. ეს აძლიერებს ვარაუდს, რომ შაკიკის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, შესაძლოა, ეფექტური იყოს ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ტკივილის შესამსუბუქებლადაც.  კვლევამ ასევე დაადგინა ძლიერი კავშირი ზოგიერთ აუტოიმუნურ დაავადებებთან, გასტროეზოფაგეალურ რეფლუქსსა და ასთმასთან. ამასთან, გამოვლინდა ნაკლებად ცნობილი, თუმცა სტატისტიკურად დადასტურებული კომორბიდობა, როგორიცაა ღვიძლის პრობლემები, კიბოს ნიშნები და D ვიტამინის ნაკლებობა.

რა მნიშვნელობა აქვს ამას პაციენტებისა და ექიმებისთვის?

კვლევის ავტორების თქმით, ენდომეტრიოზი კომპლექსური და მრავალმხრივი დაავადებაა,  რომელიც, პროგრესირებასთან ერთად, ხშირად იწვევს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებსაც. ეს ახალი ცოდნა ექმიებს საშუალებას მისცემს:

ადრეულ ეტაპზევე გამოვლინონ დაავადება  და დროულად დაიწყონ მკურნალობა;

შეცვალონ დიაგნოზის სტანდარტული მეთოდები, რომ დიაგნოსტიკისთვის საჭირო აღარ იყოს საჭირო ქირურგიული ჩარევა;

გამოავლინონ პაციენტების საერთო მახასიათებლები და შეიმუშავონ პერსონალიზებული მკურნალობის სტრატეგიები.

მეცნიერებისთვის და მომავლისთვის

ლინდა ჯუდისი, კვლევის თანაავტორი და ენდომეტრიოზის მკურნალობის ექსპერტი, აღნიშნავს: „ამ კვლევით ჩვენ გადავდგით უზარმაზარი ნაბიჯი დიდი გამოცანის – ენდომეტრიოზის – უკეთ გასაგებად. ახალი ინფორმაცია ძალიან მალე დაეხმარება პაციენტებს და სამედიცინო პერსონალს უკეთესი, ინდივიდუალური მკურნალობის გზების მოძიებაში.“

კვლევა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მიღწეული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური წინსვლაა. ეს შესაძლებელი გახდა ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების მონაცემების ფართო ხელმისაწვდომობით. მოსალოდნელია, რომ კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი ცვლილებების საფუძველი გახდება კლინიკურ პრაქტიკაში.

დეტალურად კვლევის შესახებ:

Khan, U., Oskotsky, T. T., Yilmaz, B. D., et al. (2025). Comorbidity analysis and clustering of endometriosis patients using electronic health records. Cell Reports Medicine, 6, 102245. 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები