შეუძლია თუ არა მოწევის შეწყვეტის ხელშემწყობ მედიკამენტს კანაფზე დამოკიდებულების დამარცხება?

გააზიარე

კანაფის ლეგალიზაციისა და სოციალური შეხედულებების ცვლილების ფონზე, მასზე დამოკიდებულების შემთხვევები სულ უფრო იზრდება. თუმცა, ამ მდგომარეობის სამართავად დღემდე არ არსებობს FDA-ს მიერ დამტკიცებული მედიკამენტი. მეცნიერების ყურადღება ვარენიკლინმა მიიპყრო, რომელიც თავის ტვინის „ჯილდოს” სისტემაში იმავე რეცეპტორებზე ზემოქმედებს, რომლებიც კანაფის მოხმარებისას აქტიურდებიან. სწორედ ამიტომ, მკვლევრების მიზანი იმის გარკვევა იყო, შეამცირებდა თუ არა ეს პრეპარატი მოხმარების სიხშირესა და აბსტინენციის სიმპტომებს.

ვარენიკლინის მოქმედების მექანიზმი

პრეპარატი თავის ტვინის სპეციფიკურ რეცეპტორებზე ზემოქმედებს  (α4β2 რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტი და α7-ის – სრული აგონისტი), რომლებიც ნივთიერების მოხმარებისას აქტიურდებიან. დოფამინის გამოყოფის რეგულირებით, პრეპარატი მავნე ნივთიერებებისგან მიღებულ სიამოვნებას ე.წ. „დაჯილდოების“ ეფექტს თრგუნავს. 

ვინაიდან ვარენიკლინმა უკვე აჩვენა დადებითი შედეგები თამბაქოსა და ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლაში, მკვლევრებმა მისი გამოყენება კანაფზე დამოკიდებულების სამკურნალოდაც სცადეს.

კვლევის დეტალები

2020-2023 წლებში ჩატარებულ კვლევაში კანაფის აქტიური მომხმარებლები (კვირაში მინიმუმ 3 დღე) მონაწილეობდნენ. პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით ორ ჯგუფად გადანაწილდნენ: პირველი ჯგუფი იღებდა ვარენიკლინს (დღეში 2 მგ-მდე), ხოლო მეორე – პლაცებოს. 

თორმეტი კვირის განმავლობაში ორივე ჯგუფი ყოველკვირეულ სამედიცინო კონსულტაციებს გადიოდა, რომელთა ფარგლებშიც მკვლევრები ზედმიწევნით აკონტროლებდნენ მოხმარების სიხშირეს, შარდის ლაბორატორიულ მაჩვენებლებს, აბსტინენციის სიმპტომებსა (CWS) და ნივთიერებისადმი ლტოლვის (MCQ) ხარისხს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზოგად პოპულაციაში ვარენიკლინს პლაცებოსთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა არ გამოუვლენია, თუმცა მონაცემების სქესის მიხედვით გაანალიზებისას სრულიად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა. 

მამაკაცებში პრეპარატმა მაღალი თერაპიული პოტენციალი გამოავლინა: მოხმარების სიხშირის მკვეთრ შემცირებასთან ერთად, პროპორციულად გაიზარდა შარდის ანალიზის უარყოფითი მაჩვენებლების რაოდენობაც. თუმცა, რადიკალურად განსხვავებული სურათი გამოიკვეთა ქალების ჯგუფში: პრეპარატის არაეფექტურობასთან ერთად, ვარენიკლინის მიღებამ შფოთვის განცდა და ლტოლვა გააძლიერა , რამაც აბსტინენციის პერიოდი კიდევ უფრო მძიმე გახადა.

საინტერესოა ისიც, რომ ვარენიკლინის ჯგუფში ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა და უჩვეულო სიზმრები, უფრო მაღალი სიხშირით (83%) დაფიქსირდა, ვიდრე პლაცებო ჯგუფში (56%). 

თერაპიული ეფექტის გენდერული სპეციფიკურობის მიუხედავად, მამაკაცებში მიღებული შედეგები კანაფზე დამოკიდებულების მკურნალობის ახალ გზას სახავს. სამომავლო კვლევები ფოკუსირებული იქნება იმ ბიოლოგიური მექანიზმების შესწავლაზე, რომლებიც პრეპარატის განსხვავებულ გავლენას განაპირობებენ  ქალებზე.

წყარო: SSA



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები