შემთხვევითი აღმოჩენა, რომელიც წარმოდგენას თირკლმის ფიზიოლოგიის შესახებ ძირეულად ცვლის

გააზიარე

ათწლეულების განმავლობაში სამედიცინო სახელმძღვანელოებში ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად გვასწავლიდნენ, რომ ადამიანის ორგანიზმში სითხის ბალანსისა და წყლის კონსერვაციის პროცესები თითქმის მთლიანად ენდოკრინული სისტემის, კერძოდ კი ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH, იგივე ვაზოპრესინი) მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფება. კლასიკური ფიზიოლოგიური მოდელის მიხედვით, რომელიც ბიოლოგიის თითქმს ყველა სახელმძღვანელოში წერია, დეჰიდრატაციის ან პლაზმის ოსმოლარობის მატების საპასუხოდ, ჰიპოთალამუსის ოსმორეცეპტორები ნეიროჰიპოფიზს ააქტიურებენ, საიდანაც სისხლის მიმოქცევაში ვაზოპრესინი გამოიყოფა. ეს ჰორმონი თირკმლის შემკრები არხების ეპითელურ უჯრედებზე არსებულ V2 რეცეპტორებთან დაკავშირებით იწვევს უჯრედშიდა სიგნალების კასკადს, რასაც საბოლოოდ აკვაპორინ-2-ის (AQP2) წყლის არხების აპიკალურ მემბრანაში ტრანსლოკაცია და შარდიდან წყლის მასიური რეაბსორბცია მოჰყვება. თუმცა, Mayo Clinic-ის მკვლევართა ჯგუფის მიერ მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულმა აღმოჩენამ ეს ერთი შეხედვით მყარი რწმენა სრულიად შეცვალა. მეცნიერებმა თირკმლის მედულარულ ნაწილში სრულიად ავტონომიური, ლოკალური სარეზერვო სისტემა აღმოაჩინეს, რომელსაც ჰორმონული სტიმულაციის გარეშეც შეუძლია მართოს სითხის კონსერვაცია.

ახალი აღმოჩენა და თირკმლის პოლიკისტოზური დაავადება (PKD)

ეს რევოლუციური აღმოჩენა, რომელიც ჟურნალ Journal of Clinical Investigation გამოქვეყნდა, ნეფროლოგ ფუად ჩებიბის ხელმძღვანელობით ლაბორატორიულ პირობებში წარმოებული კვლევისას შემთხვევითობის წყალობით მოხდა. მკვლევრები თირკმლის პოლიკისტოზური დაავადების (PKD) პათოფიზიოლოგიას შეისწავლიდნენ. ცნობილია, რომ ამ გენეტიკური პათოლოგიის დროს სწორედ ვაზოპრესინის მაღალი აქტივობა ასტიმულირებს თირკმლის ქსოვილში სითხით სავსე ცისტების ზრდასა და უჯრედულ პროლიფერაციას, რაც საბოლოოდ თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს. ექსპერიმენტის მსვლელობისას, ცისტების პროგრესირებაზე დაკვირვების მიზნით, მეცნიერებმა პრეპარატი პრობენეციდი გამოიყენეს. ვარაუდობდნენ, რომ პრობენეციდი გააძლიერებდა ცისტების ზრდისთვის საჭირო უჯრედულ აქტივობას, თუმცა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა პრეპარატმა დაავადების პროგრესირება მნიშვნელოვნად შეანელა.

ამ ფენომენის მოლეკულური მექანიზმების სიღრმისეულმა ანალიზმა მეცნიერები მიიყვანა ნივთიერებამდე, რომელსაც ურატი ეწოდება. ეს შარდმჟავას იონიზებული ფორმაა, რომელიც ტრადიციულად კლინიკურ მედიცინაში ნიკრისის ქართან (პოდაგრასთან) და თირკმლის კენჭებთან ასოცირდება. როგორც აღმოჩნდა, თირკმლის მედულას უჯრედები ლოკალური ოსმოსური სტრესის საპასუხოდ ახდენენ შიდა მექანიზმების მობილიზებას, სადაც ურატი როგორც არასტეროიდული და არაჰორმონალური სიგნალი ისე მოქმედებს. ეს ურატზე დამოკიდებული გზა დამოუკიდებლად ააქტიურებს აკვაპორინების არხების ტრაფიკს, რაც უჯრედებს საშუალებას აძლევს, ვაზოპრესინის არარსებობის პირობებშიც კი, ფილტრატიდან წყლის კონსერვაცია მოახდინონ და შარდი მაქსიმალურად კონცენტრირებული გახადონ. ეს არის პირველი შემთხვევა მედიცინის ისტორიაში, როდესაც დადასტურდა ჰორმონებისგან სრულიად დამოუკიდებელი ქიმიური ნაერთის უნარი, პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს წყლის რეაბსორბციის რეგულაციაში

სამედიცინო გარღვევის უზამრაზარი მნიშვნელობა.

ამ სამეცნიერო გარღვევას უდიდესი პრაქტიკული და კლინიკური მნიშვნელობა აქვს. დღეისათვის თირკმლის პოლიცისტოზური დაავადების მართვის ერთადერთი დამტკიცებული მეთოდი სწორედ ვაზოპრესინის რეცეპტორების ბლოკირებაა სპეციფიკური მედიკამენტებით (მაგალითად, ტოლვაპტანით). თუმცა, ამ თერაპიას თან მძიმე გვერდითი ეფექტი ახლავს  ჰორმონის ბლოკადის გამო პაციენტები უზარმაზარი რაოდენობით სითხეს კარგავენ და მათი დღიური დიურეზი ხშირად 6-დან 7 ლიტრამდე აღწევს. პოლიურიისა და ნიქტურიის გამო პაციენტების ცხოვრების ხარისხი მკვეთრად იცვლება, რის გამოც ბევრი მათგანი მკურნალობას შუა გზაზე წყვეტს. Mayo Clinic-ის ახალმა მონაცემებმა აჩვენა, რომ პრობენეციდის საშუალებით ამ ფარულ, ურატზე დამოუკიდებელი გზის მოდულირება არა მხოლოდ ანელებს ცისტების ზრდას, არამედ არ იწვევს ორგანიზმიდან წყლის ასეთ მასიურ და დრამატულ დანაკარგს.

გარდა პოლიცისტოზური დაავადებისა, თირკმლის ფიზიოლოგიის ამ ახალმა მოდელმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს მიდგომები სხვა კრიტიკულ მდგომარეობებშიც. მაგალითად, ცენტრალური უშაქრო დიაბეტის მქონე პაციენტებში, სადაც ჰიპოფიზი საერთოდ ვერ გამოიმუშავებს ანტიდიურეზულ ჰორმონს, ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც სითხის მძიმე ოსმოსური დისბალანსი აღენიშნებათ. თირკმლის მედულას მიერ საკუთარი ჰომეოსტაზის დამოუკიდებლად მართვის უნარის აღმოჩენა გზას უხსნის სრულიად ახალი კლასის მედიკამენტების შექმნას, რომლებიც გვერდს აუვლიან ტრადიციულ ენდოკრინულ ღერძს და იმოქმედებენ უშუალოდ თირკმლის უჯრედულ დონეზე, რაც მილიონობით პაციენტს დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის საჭიროებას ააცილებს თავიდან.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები