ბერგენის უნივერსიტეტის (University of Bergen) მკვლევართა მიერ ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევის თანახმად, სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსკლუზიური ძუძუთი კვება შესაძლოა ბავშვებში ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) სიმპტომების განვითარების შემცირებულ რისკთან იყოს დაკავშირებული. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რაც უფრო ხანგრძლივია ექსკლუზიური ძუძუთი კვება (6 თვემდე), მით უფრო ნაკლებად ვლინდება ADHD-ის სიმპტომები 3-დან 8 წლამდე ასაკში.
დედის რძე ჩვილისთვის კვების ბუნებრივი და ბიოლოგიურად ოპტიმალური წყაროა. იგი ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და შეიცავს ზრდის, ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისათვის აუცილებელ მრავალ ბიოაქტიურ კომპონენტს, მათ შორის გრძელჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, ამინომჟავებს, იმუნოგლობულინებს, ჰორმონებსა და სასარგებლო მიკროორგანიზმებს. აღნიშნული კომპონენტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც ნეიროგანვითარებაში, ისე იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.
კვლევა განხორციელდა ნორვეგიის დედის, მამისა და ბავშვის კოჰორტული კვლევის (Norwegian Mother, Father and Child Cohort Study – MoBa) ფარგლებში და მოიცავდა 37 600 ოჯახს. მშობლებმა ბავშვის დაბადებიდან ექვსი თვის შემდეგ შეავსეს კითხვარები, რომლებშიც აღწერილი იყო ექსკლუზიური და ნაწილობრივი ძუძუთი კვების ხანგრძლივობა, ასევე რაციონში სხვა სითხეებისა და მყარი საკვების დამატების დრო. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე მკვლევრებმა შეაფასეს ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხანგრძლივობასა და შემდგომში ADHD-ის სიმპტომების გამოვლენას შორის არსებული კავშირი.
ბერგენის უნივერსიტეტის ბიომედიცინის დეპარტამენტის მკვლევრის, ფსიქიატრისა და ბეთანიენის (Betanien) საავადმყოფოს უფროსი კონსულტანტის, ბერიტ სკრეტინგ სოლბერგის (Berit Skretting Solberg) განცხადებით, ნეიროგანვითარებითი აშლილობების განვითარებაზე გავლენას ახდენს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები. ბოლო წლებში განსაკუთრებული სამეცნიერო ინტერესი გამოიწვია იმ საკითხმა, თუ როგორ შეიძლება მოქმედებდეს ძუძუთი კვება და დედის რძის ბიოაქტიური კომპონენტები ჩვილის ტვინის განვითარებასა და იმუნური სისტემის ფორმირებაზე. სწორედ ამ მიზეზით მკვლევრებმა შეისწავლეს, არსებობს თუ არა კავშირი სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხანგრძლივობასა და ბავშვებში ADHD-ის სიმპტომების განვითარების რისკს შორის.
ცნობილია, რომ ADHD-ის სიმპტომების მქონე დედები სხვა დედებთან შედარებით ნაკლებად კვებავენ ბავშვებს ძუძუთი და უფრო ხშირად ჰყავთ შვილები ADHD-ის სიმპტომებით. ამავდროულად, შესაძლოა თავად ADHD-ის სიმპტომების მქონე ჩვილების ძუძუთი კვებაც უფრო რთული იყოს. სწორედ ამიტომ მკვლევრებმა ანალიზში გაითვალისწინეს როგორც ADHD-ის გენეტიკური რისკი, ასევე სხვადასხვა სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები და დამატებით ჩაატარეს და-ძმების შედარებითი ანალიზიც, რაც ერთი ოჯახის ფარგლებში ძუძუთი კვების განსხვავებული ხანგრძლივობის შეფასების შესაძლებლობას იძლეოდა.
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც, ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხანგრძლივობა მაინც უკავშირდებოდა ADHD-ის სიმპტომების გამოვლენის შემცირებულ რისკს. ეს ასოციაცია აღინიშნებოდა როგორც ბიჭებში, ისე გოგონებში, თუმცა ყველაზე მკვეთრად 3 და 5 წლის ასაკში გამოვლინდა, ხოლო 8 წლისთვის შედარებით შესუსტდა. მკვლევრების შეფასებით, ნებისმიერი ტიპის ძუძუთი კვება გარკვეულ დამცავ ეფექტს ავლენდა, თუმცა ყველაზე გამოხატული დამცავი ეფექტი სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექსკლუზიურ ძუძუთი კვებას ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ კვლევა ობზერვაციულ ხასიათს ატარებს და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის საფუძველს არ იძლევა. გარდა ამისა, MoBa-ს კოჰორტა სრულად არ ასახავს ნორვეგიის მოსახლეობის სტრუქტურას, რადგან მონაწილეები, საშუალოდ, უფრო მაღალი განათლების მქონენი იყვნენ და შვილებსაც ძუძუთი უფრო ხანგრძლივად კვებავდნენ. შესაბამისად, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ შედეგების დასადასტურებლად და შესაძლო ბიოლოგიური მექანიზმების უკეთ გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო.
მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, მიღებული მონაცემები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მნიშვნელოვან გარემოებას: ADHD-ის განვითარების რისკზე, გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად, გარემო პირობებიც ახდენს გავლენას, სიცოცხლის პირველი ექვსი თვის ექსკლუზიური ძუძუთი კვება კი, შესაძლოა, ერთ-ერთ დამცავ ფაქტორს წარმოადგენდეს.
წყარო: news-medical.net

