„როსპოტრებნადზორის“ ეპიდემიოლოგიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის უახლესი მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის 27 რეგიონში აივ-ინფექცია უკვე არა მხოლოდ რისკჯგუფებში, არამედ ზოგად პოპულაციაშიც ვრცელდება, რასაც ეპიდემიოლოგები „განზოგადებულ ეპიდემიას“ უწოდებენ. ამ რეგიონებში, მათ შორის კემეროვოს, ირკუტსკისა და სვერდლოვსკის ოლქებში, ორსულთა 1%-ზე მეტს აივ-ინფექცია უდგინდება. ადამიანები ვირუსს ერთმანეთს ხშირად ისე გადასცემენ, რომ საკუთარი ინფიცირების შესახებ არ იციან — ახალი შემთხვევების ორი მესამედი ჰეტეროსექსუალური კონტაქტით ხდება.
მართალია, 2025 წელს რუსეთში გამოვლენილი 45 000 ახალი შემთხვევა წინა წელთან შედარებით 13.4%-ით ნაკლებია, თუმცა პარალელურად სამედიცინო დაწესებულებებში აივ-ისა და ჰეპატიტის (განსაკუთრებით C ჰეპატიტის) შიდასაავადმყოფო ინფექციების რეკორდული, ბოლო 15 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. „როსპოტრებნადზორის“ წარმომადგენლის, ელენა იგონინას განმარტებით, ინფიცირების მთავარი მიზეზი სამედიცინო პერსონალის მიერ სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური წესების უხეში დარღვევაა, მათ შორის ერთჯერადი კათეტერებისა თუ გლუკომეტრების მრავალჯერადი გამოყენება.
პარალელურად, რუსეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მუდმივად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, დღეს ქვეყანაში 1.23 მილიონზე მეტი დადასტურებული აივ-ინფიცირებული ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 0.8%-ს შეადგენს. დაავადება შრომისუნარიანი ასაკის რუსებს შორის სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცა (ყოველწლიურად 30 000-დან 34 000-მდე გარდაცვალება). პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ვირუსული დატვირთვა პაციენტთა მხოლოდ ნახევარში იყო დათრგუნული, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 600 000 ადამიანი ვირუსის აქტიურ გამავრცელებლად რჩება.
ექსპერტების შეფასებით, ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესებას ჯანდაცვის სისტემის ქრონიკული დაუფინანსებლობაც უწყობს ხელს. სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ნაწილის ომზე მიმართვისა და უცხოელი დონორების გასვლის ფონზე, საავადმყოფოებში სტერილური სამედიცინო მასალების დეფიციტია. ამასთან, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მედიკამენტებით უზრუნველყოფას მხოლოდ 30 000 ახალი პაციენტისთვის ითვალისწინებს, მაშინ როცა 2025 წელს ახალ შემთხვევათა რიცხვმა 45 000-ს მიაღწია. მედიისა და ბლოგერების ცნობით, აივ, ჰეპატიტი და ტუბერკულოზი ფრონტის ხაზსა და მოსაზღვრე რეგიონებში სამხედროებს შორისაც აქტიურად ვრცელდება, რაც ქვეყნის შიგნით ეპიდემიის კიდევ უფრო გაფართოების საფრთხეს ქმნის.
წყარო: EuroNews

