რიჩარდ სკოიერი, რომელმაც ტვინის სიმსივნის სამკურნალოდ საკუთარ თავზე რევოლუციური ექსპერიმენტი ჩაიტარა, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა

გააზიარე

მელანომის მკურნალობაში მსოფლიოს წამყვანი მკვლევარი და ათლეტი, პროფესორი რიჩარდ სკოიერი, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 2023 წელს ტვინის აგრესიული და განუკურნებელი სიმსივნის (გლიობლასტომა) დიაგნოზი დაუსვეს. პროფესიული ცოდნისა და სპორტული ჟინის წყალობით, მან გადაწყვიტა, დაავადებას არ დანებებოდა და მედიცინის წინსვლისთვის საკუთარ თავზე უპრეცედენტო, მაღალრისკიანი ექსპერიმენტული მკურნალობა გამოეცადა.

სკოიერმა და მისმა კოლეგამ, პროფესორმა ჯორჯინა ლონგმა, გადაწყვიტეს მელანომის მკურნალობისას მიღებული გამოცდილება ტვინის სიმსივნეზეც გადაეტანათ, ვინაიდან ამ სფეროში მიდგომები თითქმის ორი ათწლეული არ შეცვლილა. მეცნიერი პირველი გახდა მსოფლიოში, ვინც ეს ინოვაციური თერაპიული კურსი საკუთარ თავზე გამოსცადა. მკურნალობა მოიცავდა ოპერაციამდე იმუნოთერაპიული მედიკამენტების კომბინაციას, ხოლო ქირურგიული ჩარევის შემდეგ -პერსონალიზებული ვაქცინის გამოყენებას.

ამ თამამმა ექსპერიმენტმა მეცნიერს თითქმის ორი წელი აჩუქა, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ამ ტიპის სიმსივნის დროს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას. მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს დაავადება მძიმე ფორმით დაბრუნდა, სკოიერის შემთხვევამ უდიდესი სამეცნიერო ცოდნა მისცა მედიცინას და მის ბაზაზე აშშ-ში, დიუკის უნივერსიტეტში, უკვე ჩაეშვა ოფიციალური კლინიკური კვლევა.

რიჩარდ სკოიერს, რომელიც 2024 წელს „წლის ავსტრალიელად“ დასახელდა, სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა მეცნიერების. მისმა თავგანწირვამ და გამბედაობამ ტვინის სიმსივნით დაავადებულ პაციენტებს გადარჩენის რეალური იმედი გაუჩინა.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები