შვედეთის კაროლინსკას ინსტიტუტის მეცნიერებმა შექმნეს ახალი სტატისტიკური სკრინინგის მეთოდი (CORE მოდელი), რომელიც უკვე არსებული მონაცემების (როგორიცაა ასაკი, სქესი და ღვიძლის ფუნქციური სინჯები) საფუძველზე, ღვიძლის მძიმე დაავადებების, მათ შორის ციროზისა და კიბოს განვითარების რისკს მომდევნო 10 წლის განმავლობაში მაღალი სიზუსტით წინასწარმეტყველებს.
კვლევა, რომელიც “The BMJ”-ში გამოქვეყნდა, პოტენციურად რევოლუციური მნიშვნელობისაა პირველადი ჯანდაცვის სფეროსთვის, რადგან ხელს შეუწყობს ღვიძლის მძიმე დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სტატისტიკურად, ღვიძლის პრობლემები, მათ შორის ციროზი, უფრო ხშირია მამაკაცებში გლობალური მასშტაბით. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით, ციროზის შემთხვევების საერთო მაჩვენებელი მამაკაცებში მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე ქალებში. ეს განსხვავება კიდევ უფრო ხაზს უსვამს ღვიძლის დაავადებების ადრეული სკრინინგის საჭიროებას.
ახალი მოდელი, სახელწოდებით CORE, შეიქმნა მოწინავე სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით და ეფუძნება ხუთ ცვლადს: ასაკს, სქესს და ღვიძლის სამი ძირითადი ფერმენტის (AST, ALT და GGT) დონეს, რომლებიც რუტინულად იზომება პერიოდული ჯანმრთელობის შემოწმების დროს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ ღვიძლის ფერმენტების დონე, ცალკე აღებული, ყოველთვის არ იძლევა ღვიძლის მძიმე დაავადების განვითარების ზუსტ პროგნოზს. CORE მოდელის სიზუსტე სწორედ ასაკისა და სქესის, როგორც დამატებითი სტატისტიკური ფაქტორების ინტეგრაციით მიიღწევა, რაც შესაძლებელს ხდის რისკის შეფასებას ბევრად უფრო მაღალი სიზუსტით, ვიდრე მხოლოდ ბიოქიმიური მარკერების საფუძველზე.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ CORE მოდელის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია პირველადი ჯანდაცვის რგოლში ღვიძლის დაავადებების ადრეული სკრინინგის უზრუნველყოფისთვის. ეს ინოვაცია განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ უკვე არსებობს მედიკამენტური მკურნალობის სქემები იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ღვიძლის მძიმე პათოლოგიების (მაგ. ციროზი ან კიბო) განვითარების მაღალი რისკი აქვთ.
კვლევა დაეფუძნა სტოკჰოლმის 480 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს, რომლებიც 1985-1996 წლებში გაიარეს ჯანმრთელობის შემოწმება. მონაწილეებზე 30 წლის განმავლობაში დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ დაახლოებით 1.5%-ს განუვითარდა ღვიძლის მძიმე დაავადება (ციროზი, კიბო) და დასჭირდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
CORE მოდელი მაღალ პროგნოზულ სიზუსტეს ავლენს; მას შეუძლია განასხვაოს დაავადების განვითარების რისკის მქონე და რისკის არმქონე პირები შემთხვევების 88%-ში. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ამჟამად რეკომენდებული FIB-4 მეთოდის ეფექტურობას ზოგად პოპულაციაში. როგორც მკვლევრები ხაზს უსვამენ, FIB-4 არ არის ოპტიმალურად მორგებული ზოგადი პოპულაციის სკრინინგისთვის და ნაკლებად ეფექტურია მომავალი რისკის პროგნოზირებაში, რითაც პირველად ჯანდაცვას ართმევდა დროული გამოვლენის შესაძლებლობას.
მოდელმა ვალიდაცია წარმტებით გაიარა ფინეთისა და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ჯგუფებზე. თუმცა, საჭიროა მისი შემდგომი ტესტირება კონკრეტულ ჯგუფებში, მაგალითად, მე-2 ტიპის დიაბეტით ან სიმსუქნით დაავადებულ პირებში. ასევე, კლინიკური გამოყენების გამარტივების მიზნით, აუცილებელია მოდელის ინტეგრაცია სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ სისტემებში.
წყარო: BMJ