მსოფლიო მასშტაბით, ინსულტი კვლავ რჩება სიკვდილიანობისა და გრძელვადიანი უნარშეზღუდულობის წამყვან მიზეზად. ეს დროის წინააღმდეგ ბრძოლაა, სადაც ტვინის ქსოვილის გადარჩენისთვის ყოველი წამი გადამწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ თრომბოლიზურმა თერაპიამ მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა, ხშირ შემთხვევაში პაციენტის ჯანმრთელობის სრული აღდგენა მაინც ვერ ხდება. ამიტომ, სამედიცინო საზოგადოება მუდმივად მუშაობს ისეთი მეთოდების ძიებაზე, რომლებიც ინსულტის შემდეგ პაციენტებს სრულფასოვანი ცხოვრების დაბრუნებაში დაეხმარება.
სწორედ ამ ძიების ფონზე, ახალმა, გარდამტეხმა კვლევამ აჩვენა, რომ ტიროფიბანის (სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატი) ადრეული ინფუზია სტანდარტული თრომბოლიზური მკურნალობის შემდეგ საგრძნობლად აუმჯობესებს ინსულტის გარკვეული პაციენტების მდგომარეობას. ეს კი იმედის მომცემია მწვავე იშემიური ინსულტით დაავადებული მილიონობით ადამიანისთვის და პოტენციურად შეცვლის კიდევაც დაავადების მართვის სტრატეგიებს.
მწვავე იშემიური ინსულტის დროს, სისხლძარღვის სანათურის თრომბით დახშობა იწვევს სისხლის მიწოდების შეწყვეტას, ჟანგბადის დეფიციტს და შედეგად ნერვული ქსოვილის სიკვდილს. ამჟამინდელი სტანდარტული მკურნალობა მოიცავს ინტრავენურ თრომბოლიზს, რომელიც თრომბის დასაშლელად გამოიყენება სიმპტომების გამოვლენიდან 4.5 საათის განმავლობაში.
ASSET-IT კვლევა:
ჩინელმა მკვლევრებმა ჩაატარეს ASSET-IT კლინიკური კვლევა, რომელშიც 832 პაციენტი მონაწილეობდა არა-კარდიოემბოლიური მწვავე იშემიური ინსულტით. სტანდარტული თრომბის დამშლელი პრეპარატის მიღების შემდეგ, პაციენტებს შემთხვევითობის პრინციპით დაენიშნათ ტიროფიბანი ან პლაცებო, მკურნალობის დაწყებიდან ერთი საათის განმავლობაში. ტიროფიბანი თრგუნავს თრომბოციტების შეწებებას, რითაც ამცირებს არტერიის ხელახლა დახშობის რისკს საწყისი თერაპიის შემდეგ.
90 დღის შემდეგ, ტიროფიბანით ნამკურნალებ პაციენტთა დაახლოებით 66%-მა მიაღწია სრულ/თითქმის სრულ გამოჯანმრთელებას, პლაცებოს ჯგუფის 55%-თან შედარებით. ტიროფიბანის ჯგუფში ასევე გაუმჯობესდა ფუნქციური დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავს, რომ მეტ პაციენტს შეეძლო დამოუკიდებლად ეზრუნა საკუთარ თავზე და შეესრულებინა ცხოვრების ყოველდღიური აქტივობები.
რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პოტენციური უარყოფითი მხარეც: დაფიქსირდა სერიოზული ინტრაცერებრული სისხლდენის ალბათობის მცირედი ზრდა. ის აღენიშნა ტიროფიბანით ნამკურნალებ პაციენტთა დაახლოებით 1.7%-ს, მაშინ როდესაც პლაცებოს ჯგუფში მსგავსი გართულება არ დაფიქსირებულა.
სისხლის ნაკადის სწრაფი და სტაბილური აღდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინსულტის დროს გამოჯანმრთელებისთვის. მაშინ როცა თრომბოლიზური პრეპარატები ხსნის სისხლძარღვის გამავლობას, თრომბოციტების ადრეულმა აგრეგაციამ შეიძლება შეამციროს მათი სრული ეფექტი. ტიროფიბანი თავისი სწრაფი მოქმედებით ხელს უშლის თრომბოციტების შეწებებას, რითაც უზრუნველყოფს არტერიის ხანგრძლივად გამავლობას. ამ კვლევამ კი მომავლში შესაძლოა გამოიწვიოს სტანდარტული პროტოკოლების ცვლილება.
წყარო: NEJM

