მალარია კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმწვავეს გლობალურ პრობლემად. მსოფლიოში შემთხვევების 94% და ლეტალობის 95% აფრიკის რეგიონზე მოდის. ინფიცირებულ პირთა უმრავლესობაში არ ვლინდება კლინიკური სიმპტომები, ხოლო პარაზიტების დაბალი კონცენტრაციის გამო, მათი დიაგნოსტირება სტანდარტული სწრაფი ტესტებით ვერ ხერხდება. ეს “უსიმპტომო მტარებლები” ხელს უწყობენ მალარიის გავრცელებას, რაც კრიტიკულად ართულებს დაავადების ელიმინაციას.
დასავლეთ აფრიკისა და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ წარმოადგინა მალარიის ახალი, სწრაფი და პორტატული დიაგნოსტიკური ტესტი, სახელად Dragonfly. მას შეუძლია ასიმპტომური, ფარული ინფექციების გამოვლენა 45 წუთზე ნაკლებ დროში, 95%-ზე მეტი დიაგნოსტიკური სიზუსტით. ეს მიღწევა გარდამტეხი იქნება მალარიის კონტროლისთვის, ვინაიდან ხელს უწყობს დიაგნოსტიკას ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც ლაბორატორიული სერვისები არ არის ხელმისაწვდომი.
როგორ მუშაობს Dragonfly?
Dragonfly ტესტირების პროცესი ორ ძირითად ეტაპს მოიცავს:
დნმ-ის სწრაფი ექსტრაქცია: პროცესი იწყება თითის ჩხვლეტის შედეგად მიღებული მცირე მოცულობის სისხლით. შემდეგ, ტესტი იყენებს სპეციალურ მაგნიტურ სისტემას, SmartLid-ს, რათა პირდაპირ გამოყოს პარაზიტის დნმ სისხლიდან. ეს ინოვაციური მიდგომა შესაძლებელს ხდის დნმ-ის იზოლირებას დამატებითი ლაბორატორიული მოწყობილობის (მაგალითად, ცენტრიფუგის) საჭიროების გარეშე, რაც ამარტივებს ნიმუშის მომზადებას და ამცირებს მის ხანგრძლივობას 10 წუთამდე (რამდენიმე ნიმუშისთვის ერთდროულად).
ფერის ცვლილება, როგორც საბოლოო შედეგი: ექსტრაქციის შემდეგ, დნმ მუშავდება მარყუჟით განპირობებული იზოთერმული ამპლიფიკაციის (LAMP) მეთოდით. ტრადიციული ტესტებისგან (რომლებიც საჭიროებენ ტემპერატურის ციკლურ ცვლილებას და ძვირადღირებულ მოწყობილობას) განსხვავებით, LAMP დნმ-ს ამრავლებს ფიქსირებულ, ზომიერ ტემპერატურაზე, სტაბილური, ლიოფილიზებული (გაყინვით გამომშრალი) რეაგენტების მეშვეობით. ეს პროცესი იწვევს ტესტის ხსნარის მკაფიო ქრომოგენულ ცვლილებას (ფერის შეცვლას): ვარდისფერი ფერი ადასტურებს, რომ ინფექცია არ არის, ხოლო ყვითელი ფერი მიუთითებს მალარიის დნმ-ის არსებობაზე. ეს ცვლილება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რაც გამორიცხავს ელექტრონული ან სპეციალური წამკითხველი აპარატების საჭიროებას.

გამბიისა და ბურკინა ფასოს თემებიდან აღებული 672 სისხლის ნიმუშის ანალიზისას, Dragonfly-მ განსაკუთრებული დიაგნოსტიკური სიზუსტე აჩვენა. მან ინფექციების 95%-ზე მეტის იდენტიფიცირება შეძლო, მათ შორის თითქმის ყველა ის შემთხვევა, სადაც აღინიშნებოდა პარაზიტების უმცირესი კონცენტრაცია (რასაც სტანდარტული სწრაფი ტესტები ხშირად ვერ აფიქსირებს). მთელი პროცედურა, ნიმუშის აღებიდან საბოლოო შედეგამდე, 45 წუთზე ნაკლებ დროში სრულდება და იძლევა რამდენიმე ნიმუშის პარალელურად დამუშავების საშუალებას. მოწყობილობა იყენებს მინიმალურ ენერგიას (ბატარეების ან მზის პანელების მეშვეობით), რაც მას ოპტიმალურს ხდის ძნელად მისადგომ ადგილებში ტესტირების ჩასატარებლად.
ამ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს. აფრიკის გარდა, მისი გამოყენება შესაძლებელია ბრაზილიის ამაზონის შორეულ ნაწილებშიც, სადაც ლაბორატორიულ სერვისებზე წვდომა ანალოგიურად სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მალარიის სწრაფი, ადგილზე დიაგნოსტიკის (Point-of-Care Testing) უზრუნველყოფით, თუნდაც ასიმპტომურ პირებში, Dragonfly ხელს შეუწყობს ამ მომაკვდინებელი პათოლოგიის გავრცელების შეჩერებას.
სამომავლო კვლევები შეამოწმებს მოწყობილობას რეალურ საველე პირობებში და დახვეწის შემდეგ გადააქცევს მას სრულად ავტონომიურ (self-contained) ნაკრებად, რომლის წარმოებასაც შეძლებენ ადგილობრივები მალარიის ენდემურ რეგიონებში.
წყარო: nature communications

