მელანომის საწინააღმდეგო პერსონალიზებული ვაქცინა წარმატებულია — რას ცვლის ახალი მიდგომა ონკოლოგიაში

გააზიარე

ფარმაცევტულმა კომპანიებმა, Moderna-მ და Merck-მა, მელანომის (კანის აგრესიული კიბო) საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა წარმატებით დაასრულეს. ახალი პერსონალიზებული ვაქცინა, რომელიც პაციენტებს პირველადი მკურნალობის შემდეგ ენიშნებათ, სიმსივნის მეტასტაზირებისა და სიკვდილის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

ექსპერიმენტული თერაპია იმუნურ სისტემას სიმსივნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცილების — ნეოანტიგენების ამოცნობასა და განადგურებას ასწავლის. ტექნოლოგია ე.წ. „ერთი ზომა ყველასთვის“ (one-size-fits-all) პრინციპს არღვევს. უნივერსალური პრეპარატის ნაცვლად, ექიმები სიმსივნის გენომს რეალურ დროში შიფრავენ და ვაქცინას თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, უნიკალური გენეტიკური პროფილის მიხედვით ქმნიან.

ამ ინოვაციური მიდგომის ერთ-ერთი პიონერი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორი და Dana-Farber-ის კიბოს ინსტიტუტის მკვლევარი, კეტრინ ვუა. სწორედ მისმა და მისი კოლეგების (ნირ ჰაკოენის, ედვარდ ფრიჩისა და პატრიკ ოტის) 2017 წლის კვლევამ ჩაუყარა საფუძველი პერსონალიზებული ონკოლოგიური ვაქცინების განვითარებას.

„ჩვენი მცირე კვლევებიც აჩვენებდა, რომ ნეოანტიგენებზე დამიზნებული ვაქცინები სხვადასხვა სიმსივნის დროს მუშაობს. Moderna-სა და Merck-ის დამაიმედებელი შედეგები ჯერჯერობით მხოლოდ მელანომას ეხება, თუმცა, ვიმედოვნებ, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა მრავალი მიღწევაც წინ გველის“, — აღნიშნავს კეტრინ ვუ Harvard Gazette-თან ინტერვიუში.

ამჟამად Moderna და Merck მსგავსი ტექნოლოგიით ათასობით პაციენტზე დამატებით კვლევებს ატარებენ. მეთოდი უკვე იტესტება თირკმლის, შარდის ბუშტის, ფილტვისა და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის წინააღმდეგ.

კეტრინ ვუს განმარტებით, ტექნოლოგიის კლინიკაში დასანერგად აშშ-ის წამლისა და საკვების ხარისხის კონტროლის ადმინისტრაციასთან (FDA) სრულიად ახალი სტრატეგიის შემუშავება გახდა საჭირო, რადგან ტრადიციული მასობრივი წარმოებისგან განსხვავებით, აქ თითოეული დოზა ცალკეული პაციენტისთვის მზადდება. მიუხედავად წარმატებისა, ტექნოლოგიას შეზღუდვებიც აქვს — ის ჯერჯერობით ნაკლებად ეფექტურია ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, რომლებსაც დაბალი მუტაციური ტვირთი (შესაბამისად, ნაკლები ნეოანტიგენი) აქვთ. ასეთ ჯგუფს მიეკუთვნება პედიატრიული სიმსივნეები და სისხლის კიბო.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული ტექნოლოგია კიბოს დასასრულს, ვუ პასუხობს: „ეს შესაძლოა დასასრულის დასაწყისი იყოს. ჩვენ თვალწინ კიბოს თერაპიის ლანდშაფტი მკვეთრად უმჯობესდება. ახლა მთავარი გამოწვევაა, ეს თერაპიები პაციენტებამდე საკმარისად სწრაფად მივიტანოთ. უკან დახევის დრო ნამდვილად არ არის“.

წყარო: Harvard

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები