ალცჰაიმერის განვითარების პროგნოზირება: სისხლის ახალ ტესტს სიმპტომების გამოვლენის დროის განსაზღვრა შეუძლია

გააზიარე

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა სისხლის ტესტი შეიმუშავეს, რომელიც დაავადების განვითარების რისკს განსაზღვრასთან ერთად მოლეკულური „საათის“ ფუნქციასაც ასრულებს ანუ მას შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ როდის გამოუვლინდება პაციენტს მეხსიერების დაკარგვა და სხვა კლინიკური სიმპტომები.

მეცნიერებმა 600 ხანდაზმული ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და ყურადღება ცილა ტაუს სპეციფიკურ ფორმაზე – p-tau217-ზე გაამახვილეს. აღმოჩნდა, რომ ამ ცილისა და მისი ნორმალური ფორმის თანაფარდობა სისხლში კოგნიტური სიმპტომების გამოჩენამდე ბევრად ადრე იწყებს ზრდას.

ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება კი ამ პროცესის თანმიმდევრულობაა: p-tau217-ის მატების ტემპი სხვადასხვა ადამიანში იმდენად მსგავსი აღმოჩნდა, რომ მეცნიერებმა შეძლეს მათემატიკური მოდელის შექმნა. ასაკისა და სისხლის მონაცემების გათვალისწინებით, ტესტს შეუძლია 3-4 წლიანი სიზუსტით განსაზღვროს, როდის გადაიკვეთება კრიტიკული მაჩვენებელი და როდის დაიწყება დაავადების ხილული ფაზა.

ადრეულ სტადიაზე დაავადების პროგნოზირება აქამდე მხოლოდ ძვირადღირებული და რთული ვიზუალიზაციის მეთოდებით, მაგალითად PET სკანირებით იყო შესაძლებელი, თუმცა სისხლის ახალი ტესტი ამ პროცესს ბევრად ამარტივებს. ტექნოლოგია ექიმებს საშუალებას აძლევს პროცესში მანამ ჩაერიონ, სანამ ნერვული უჯრედების შეუქცევადი დაზიანება დაიწყება.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, სპეციალისტები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ და ამ ეტაპზე ჯანმრთელ პირებს ტესტის დამოუკიდებლად ჩატარებას არ ურჩევენ, რადგან ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდების არარსებობის პირობებში, მოლეკულური „საათის“ პრაქტიკული გამოყენება მხოლოდ მაშინ გახდება სრულფასოვნად აქტუალური, როცა მედიცინას შესაბამისი თერაპიული საშუალებები ექნება. 

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები