რუსეთის ქალაქ ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალების შემდეგ, მედიასა და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების რისკებზე დისკუსია გააქტიურდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოფიციალური უწყებები ინფორმაციას უარყოფენ და გარდაცვალების მიზეზად დაუზუსტებელ პნევმონიას ასახელებენ, ინციდენტმა არაერთი კითხვა გააჩინა ბიოუსაფრთხოების ზომებსა და პათოგენის შესაძლო გავრცელების მასშტაბებზე.
რა რისკებს შეიცავს შავი ჭირი დღეს, რამდენად დაცულია ლაბორატორიული გარემო და არსებობს თუ არა ახალი ეპიდემიოლოგიური აფეთქების საფრთხე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მოლეკულური ბიოლოგი გვანცა ბრაჭველი გვესაუბრება.
რა არის შავი ჭირი და რატომ არის ის დღესაც საშიში?
შავი ჭირი არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია Yersinia pestis. ბუნებაში მისი ძირითადი რეზერვუარი მცირე ძუძუმწოვრები და მათი რწყილებია. ადამიანში ინფექცია ყველაზე ხშირად ინფიცირებული რწყილის ნაკბენით გადადის. არსებობს ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობაც, განსაკუთრებით პნევმონიური, ანუ ფილტვის ფორმის დროს, როდესაც ინფექცია რესპირატორული წვეთებით შეიძლება გავრცელდეს.
მნიშვნელოვანია, რომ ერთი და იგივე ბაქტერიით გამოწვეულმა ინფექციამ სხვადასხვა კლინიკური ფორმა შეიძლება მიიღოს. ყველაზე გავრცელებულია ბუბონური ფორმა, რომლის დროსაც დამახასიათებელია მტკივნეული და გადიდებული ლიმფური კვანძები. პნევმონიური ფორმა, რომელიც ფილტვებს აზიანებს და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობის გამო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით. მათი მიმდინარეობა და სიკვდილიანობაც განსხვავებულია, განსაკუთრებით საშიშია პნევმონიური ჭირი, თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყო.
Yersinia pestis საუკუნეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, განიცდიდა ევოლუციას, თუმცა ეს არის იგივე ბაქტერია, რომელიც ისტორიულად შავი ჭირის დიდ ეპიდემიებს იწვევდა. რაც რადიკალურად შეიცვალა, არის ჩვენი შესაძლებლობა, ვუმკურნალოთ და გავაკონტროლოთ დაავადება. დღეს გვაქვს ეფექტური ანტიბიოტიკები, ადრეული დიაგნოსტიკა, ინფექციის კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მექანიზმები. ამიტომ, დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში, დაავადების პროგნოზი მნიშვნელოვნად უკეთესია.
გადავიდეთ უშუალოდ ირკუტსკში მომხდარ ინციდენტზე — რა შეიძლება ითქვას გავრცელებულ ვერსიებზე?
პირველ რიგში, ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა უნდა აღვნიშნო: დამოუკიდებლად გადამოწმებული ინფორმაცია საკმაოდ შეზღუდულია. რუსული ოფიციალური და მედიასაშუალებებიდან გავრცელებული ცნობების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დადასტურება რთულია, ამიტომ ამ ეტაპზე უნდა გავმიჯნოთ დადასტურებული ფაქტები, ოფიციალური ვერსია და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. შესაბამისად, მხოლოდ არსებული ცნობების საფუძველზე ვერ ვიტყვით, რომ ლაბორანტის ინფიცირების ზუსტი მექანიზმი ნამდვილად დადგენილია.
ზოგადად კი, ლაბორატორია ნამდვილად არის მაღალი რისკის შემცველი გარემო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამუშაო ინფექციურ პათოგენებს მოიცავს. ბიოლოგიური ექსპოზიციისა და ლაბორატორიული ინფიცირების რისკი ნულოვანი ვერასოდეს იქნება. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ყველაზე კარგად გამართულ ლაბორატორიებშიც შეიძლება მოხდეს. მთავარი ამოცანაა, ეს რისკი მაქსიმალურად იყოს შემცირებული და ინციდენტის შემთხვევაში არსებობდეს სწრაფი და ეფექტური რეაგირების სისტემა.
ამიტომ ლაბორატორიული უსაფრთხოება მხოლოდ დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია თავად ლაბორანტის კვალიფიკაცია, გამოცდილება და მაღალი რისკის სიტუაციებში სწორად რეაგირების უნარი. ამასთანავე, ლაბორატორია სათანადოდ უნდა იყოს აღჭურვილი, იქნება ეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, შესაბამისი მოწყობილობები და ტექნიკა, ჰაერის ნაკადისა და ვენტილაციის სისტემები, თუ სტანდარტულ და საგანგებო სიტუაციებზე გათვლილი პროტოკოლები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პერსონალმა ეს პროტოკოლები არა მხოლოდ იცოდეს, არამედ პრაქტიკულადაც ჰქონდეს გააზრებული. ამასთანავე, უნდა არსებობდეს ისეთი სამუშაო გარემო და უსაფრთხოების კულტურა, სადაც თანამშრომელს თავისუფლად შეუძლია ნებისმიერი ინციდენტის, შეცდომის ან პოტენციური საფრთხის დაუყოვნებლივ რეპორტირება შიშის, დასჯის ან სხვა პრობლემების გარეშე. განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ლაბორატორიებში, ასეთი ღია და არადამსჯელი რეპორტირების მექანიზმი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მცირე ინციდენტის დროული შეტყობინება შეიძლება უფრო სერიოზული ექსპოზიციის ან ინფექციის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლეოდეს.
ამიტომ, თუ ირკუტსკის შემთხვევის ოფიციალურ ვერსიად სინჯარის გატეხვა განიხილება, მხოლოდ ამ ფაქტის ცოდნით ვერ შევაფასებთ, რამდენად დამაჯერებელია ინფიცირების კონკრეტული სცენარი. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რა მასალა იყო სინჯარაში, რა პირობებში მოხდა ინციდენტი, რა დაცვის საშუალებები გამოიყენებოდა და დაირღვა თუ არა რომელიმე ბიოუსაფრთხოების პროცედურა. ამ ინფორმაციის გარეშე, ჩემი აზრით, უფრო სწორი იქნება ვისაუბროთ ამ სცენარის შესაძლო მექანიზმზე და არა იმაზე, რომ ინფიცირება ნამდვილად სწორედ ამ გზით მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალი თავდაპირველად კოვიდპაციენტად მიიჩნიეს და ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე ისე შეაერთეს, რომ ანტიბიოტიკები არ მიუციათ. რა რისკებს აჩენს მსგავსი სცენარი?
აქაც პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ დადასტურებული ინფორმაცია გავრცელებული ვერსიებისგან. ამ ეტაპზე არ არის დამოუკიდებლად დადასტურებული, რომ პაციენტს ნამდვილად ჰქონდა შავი ჭირი, რომ თავდაპირველად COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს ან რომ ანტიბიოტიკოთერაპია არ მიუღია. რუსეთის ოფიციალური უწყებები ამჟამად აცხადებენ, რომ პაციენტს დაუდასტურდა პნევმონია უცნობი ეტიოლოგიით და მის ბიოლოგიურ მასალაში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმი არ აღმოჩნდა.
თუმცა, თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ პაციენტს მართლაც ჰქონდა პნევმონიური ჭირი, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია. კლინიკური სურათი შეიძლება გარკვეულწილად გადაიკვეთოს COVID-19-თან — ორივემ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი სიცხე, ხველა, ქოშინი და მძიმე პნევმონია. CDC-ის მიხედვით, მძიმე ვირუსული პნევმონია, მათ შორის COVID-19, მართლაც შეიძლება შევიდეს პნევმონიური ჭირის დიფერენციალურ დიაგნოზში. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა ეპიდემიოლოგიური ისტორია. თუ ადამიანი მართლაც მუშაობდა ანტიჭირის ინსტიტუტში და, მით უმეტეს, რეალურად ჰქონდა კონტაქტი Yersinia pestis-ის შემცველ მასალასთან, ეს ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში პნევმონიური ჭირი თავიდანვე სერიოზულად უნდა განიხილებოდეს დიფერენციულ დიაგნოზში. CDC-ის რეკომენდაციის მიხედვით, შავი ჭირის ეჭვის შემთხვევაში მკურნალობა არ უნდა დაელოდოს ლაბორატორიული პასუხის მიღებას და გადაწყვეტილება ეფუძნება კლინიკურ სურათსა და პაციენტის ისტორიას.
რაც შეეხება ვენტილაციას, აქ ერთი მნიშვნელოვანი შესწორებაა: მე არ ვიტყოდი, რომ „ვენტილატორმა პათოგენი ჰაერში გააფრქვია“. ეს ზედმეტად პირდაპირი და ამ ეტაპზე დაუდასტურებელი ფორმულირება იქნებოდა. პნევმონიური ჭირის შემთხვევაში ინფექცია შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გავრცელდეს რესპირატორული ნაწილაკებით, განსაკუთრებით ახლო კონტაქტისას, ხოლო ინტუბაცია და სხვა აეროზოლ-გენერირებადი პროცედურები შეიძლება ზრდიდეს სამედიცინო პერსონალის ექსპოზიციის რისკს.
თუ ასეთი პაციენტი თავდაპირველად არ იყო სწორად იდენტიფიცირებული და შესაბამისი ინფექციის კონტროლის ზომები არ იყო გამოყენებული, მთავარი ეპიდემიოლოგიური საფრთხე იქნებოდა ჯანდაცვის პერსონალისა და პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი სხვა ადამიანების ექსპოზიცია, რასაც შესაძლოა მეორადი შემთხვევები მოჰყოლოდა. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პაციენტის იზოლაცია, კონტაქტების სწრაფი იდენტიფიცირება და მონიტორინგი და, შესაბამისი ექსპოზიციის შემთხვევაში, პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპია.
რამდენად რეალურია ახალი გლობალური პანდემიის საფრთხე? გვაქვს თუ არა იმის შიშის საფუძველი, რომ მოვლენები ჩინეთის კორონავირუსის სცენარით განვითარდეს, თუ თანამედროვე მედიცინა და ანტიბიოტიკოთერაპია ასეთი ესკალაციისგან გვიცავს?
აქ პირველ რიგში უნდა გავმიჯნოთ თეორიული შესაძლებლობა და ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე რეალური რისკი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ ირკუტსკის შემთხვევა ახალი გლობალური პანდემიის დასაწყისად მივიჩნიოთ.
თეორიულად, პნევმონიურ ჭირს ნამდვილად შეუძლია ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება და ეპიდემიის გამოწვევა. თუმცა მისი გადაცემის მექანიზმი მნიშვნელოვნად განსხვავდება SARS-CoV-2-ისგან. Yersinia pestis ძირითადად ახლო კონტაქტისას დიდი რესპირატორული წვეთებით გადადის და ეს ნაწილაკები ჰაერში ხანგრძლივად არ რჩება.
მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ ჭირის შემთხვევაში გვაქვს ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია. დაავადება მკურნალობის გარეშე, განსაკუთრებით პნევმონიური ფორმა, შეიძლება ძალიან სწრაფად გახდეს ფატალური, მაგრამ ადრეული დიაგნოსტიკისა და ანტიბიოტიკების დროული დაწყების შემთხვევაში პროგნოზი მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ამასთან, შესაძლებელია ახლო კონტაქტების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება.
ამიტომ პანდემიისგან დაცვას მხოლოდ ანტიბიოტიკები არ უზრუნველყოფს — გადამწყვეტია ადრეული დიაგნოსტიკა, იზოლაცია, ინფექციის კონტროლი, კონტაქტების მოძიება და სწრაფი მკურნალობა. სწორედ ამ მექანიზმების გამო, არსებული მონაცემებით, ირკუტსკის შემთხვევა COVID-19-ის მსგავსი გლობალური პანდემიის დასაწყისად არ უნდა განვიხილოთ.
ამასთან, სიფრთხილის საფუძველი ნამდვილად არსებობს: პნევმონიური ჭირი სწრაფად პროგრესირებს და დაგვიანებულმა დიაგნოზმა შეიძლება მეორადი შემთხვევები გამოიწვიოს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში სწორი პასუხი არის მაღალი მზადყოფნა და სწრაფი ეპიდემიოლოგიური რეაგირება, მაგრამ არა პანდემიის პროგნოზირება დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე.

