„არ მინდა სკოლაში წასვლა! “ – სინამდვილეში რას გეუბნებათ ამ სიტყვებით თქვენი შვილი?

გააზიარე

ხშირად, ძალიან ბევრი მშობლის დილა უკვე დაძაბულობით იწყება, როდესაც ბავშვი ან თუნდაც მოზარდი უარს ამბობს ადგომაზე, ტირის, უჩივის მუცლის ან თავის ტკივილს და ეხვეწება მშობელს, რომ იმ დღეს სკოლაში არ გაუშვას. სიტყვები: „არ მინდა სკოლაში წასვლა!“ ზოგჯერ იშვიათი, ერთჯერადი პროტესტია და მოლაპარაკებით გვარდება. თუმცა, როდესაც უარი მეორდება, ძლიერდება და ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, როგორია ხშირად მშობლის რეაქცია? ის ბრაზობს, ნერვიულობს, ცდილობს, ბავშვი დაითანხმოს სკოლაში წასვლაზე, ზოგჯერ ემუქრება კიდეც… მაშინ, როდესაც აბსოლუტურად არ ვიცით, რას ემსახურება სკოლაში წასვლაზე უარი, მას ხომ ხშირად მხოლოდ ერთი უნივერსალური მიზეზი არ აქვს და რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს.

რა შეიძლება იდგეს სკოლაში წასვლაზე უარის მიღმა?

  1. სოციალური სირთულეები და გართულებული ურთიერთობები თანატოლებთან: ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლაში ყველაზე რთული არა სასწავლო პროცესი, არამედ თანატოლებთან ურთიერთობაა. შეიძლება უჭირდეს მეგობრების შეძენა, ჯგუფში საკუთარი ადგილის პოვნა ან საერთო აქტივობებში ჩართვა. განსაკუთრებით საყურადღებოა ბულინგი, დაცინვა, გარიყვა ან თანატოლების მხრიდან მუდმივი კრიტიკა. ზოგჯერ ეს გამოცდილება უფროსებისთვის შეუმჩნეველი რჩება, რადგან ბავშვი სკოლაში მომხდარზე არ საუბრობს ან ცდილობს, საკუთარი განცდები დამალოს. ასეთ გარემოში სკოლაში წასვლა შეიძლება მისთვის ყოველდღიურ სტრესად იქცეს. უარი კი ზოგჯერ იმ გარემოსგან თავის დაცვის ერთადერთ ხელმისაწვდომ გზად აღიქმება.

  2. აკადემიური სირთულეები და წარუმატებლობის შიში. ხშირად ბავშვისთვის სკოლა ყოველდღიური გამოწვევაა, რადგან უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, კითხვა, წერა, მიწოდებული ინფორმაციის დამუშავება ან სასწავლო მასალის ათვისება. ასეთ შემთხვევაში, თუ უჭირს დავალებების შესრულება, წარუმატებელია სწავლაში, შეიძლება მუდმივად ჰქონდეს განცდა, რომ სხვებს ჩამორჩება. მნიშვნელოვანია ის ემოციური გამოცდილებაც, რომელსაც ბავშვი სასწავლო პროცესში იღებს. მაგალითად, განმეორებითმა შენიშვნებმა, გაკვეთილის არასათანადოდ მოყოლამ, დაფასთან არასწორად ამოხსნილმა მაგალითმა, დაბალმა შეფასებამ ან თანაკლასელების დაცინვამ შეიძლება ბავშვს სკოლასთან დაკავშირებული უარყოფითი გამოცდილება შეუქმნას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას მასწავლებლის მკაცრი დამოკიდებულება ან მშობლების მაღალი მოლოდინებიც ემატება. დროთა განმავლობაში ბავშვმა შეიძლება საკუთარი თავის აღქმა სხვების უარყოფითი შეფასებების საფუძველზე ჩამოაყალიბოს. მას ეშინია შეცდომის დაშვების, თანაკლასელების დაცინვის, მასწავლებლის შენიშვნის ან მშობლების იმედგაცრუების. ამგვარად, თავდაპირველ აკადემიურ სირთულეს შეიძლება მეორადად სოციალური შეფასების შიშიც დაემატოს. ბავშვს აღარ ეშინია მხოლოდ იმისა, რომ დავალებას ვერ შეასრულებს, მას ეშინია, რომ სხვები ამას დაინახავენ და უარყოფითად შეაფასებენ. ზოგჯერ სკოლაში წასვლაზე უარი სწორედ ამ შიშისგან თავის დაცვის მცდელობაა: თუ სკოლაში არ წავა, არ მოუწევს დაფასთან გასვლა, შეცდომის დაშვება, პასუხის გაცემა, დაცინვის ატანა ან საკუთარი სირთულეების სხვების წინაშე გამოვლენა. ამიტომ ფრაზა „სწავლა არ უნდა“ ან „სკოლაში წასვლა არ უნდა“ ზოგჯერ შეიძლება ნიშნავდეს: „მეშინია, რომ ისევ ვერ გამომივა“, „მეშინია, რომ დამცინებენ“ ან „არ მინდა, სხვებმა დაინახონ, რომ მიჭირს“.

  3. შფოთვა, განშორების შიში და სოციალური შფოთვა. ზოგიერთი ბავშვისთვის სკოლაში წასვლის სირთულე მშობელთან განშორების შიშს უკავშირდება. განსაკუთრებით პატარა ასაკში ბავშვს შეიძლება ეშინოდეს, რომ მშობელს რამე დაემართება, ან თავად, მშობლის გარეშე, თავს ვერ გაართმევს სკოლას, ან იქ ყოფნისას ცუდად გახდება და რომ ვერ დაეხმარონ? განშორების შფოთვა მხოლოდ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის არ არის დამახასიათებელი, ის მოზარდობაშიც ვლინდება. მეორე მხრივ, სკოლაში წასვლაზე უარი შესაძლოა სოციალური შფოთვითაც იყოს განპირობებული. ასეთ დროს ბავშვს ეშინია, რომ სხვები შეაფასებენ, დასცინებენ ან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებენ. მისთვის განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს კლასის წინაშე საუბარი, კითხვაზე პასუხის გაცემა, პრეზენტაციის წარდგენა ან ისეთი სიტუაცია, რომელშიც ყურადღების ცენტრში ექცევა. ზოგჯერ ერთი უარყოფითი გამოცდილებაც საკმარისია, რომ მსგავსი შიში გაძლიერდეს. სკოლაში არწასვლა კი დროებით ამცირებს შფოთვას, რის გამოც ბავშვი მომავალშიც შეიძლება თავის არიდებას ცდილობდეს.

  4. სენსორული გადატვირთვა წარმოიდგინეთ გარემო, სადაც მთელი დღე ხმაურია, ბევრი ადამიანი მოძრაობს, ზარი რეკავს, ბავშვები საუბრობენ, ერთმანეთს ეხებიან, იცვლება გაკვეთილები და გარემო. ზოგიერთი ბავშვისთვის ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენსორული თავისებურებების გათვალისწინება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან, თუმცა ხმაურის, სინათლის, შეხებისა და ხალხმრავლობის მიმართ მომატებული მგრძნობელობა სხვა ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. ასეთ დროს სკოლა ბავშვისთვის მხოლოდ სასწავლო სივრცე აღარ არის. ის გარემოა, რომელშიც მთელი დღის განმავლობაში უწევს გამკლავება უამრავ ხმოვან, ვიზუალურ და სოციალურ სტიმულთან. დღის ბოლოს შეიძლება იყოს გადაღლილი, გაღიზიანებული ან ემოციურად გამოფიტული.

  5. ნეიროგანვითარებითი თავისებურებები ADHD-ის, აუტიზმის სპექტრისა და სწავლის სპეციფიკური სირთულეების მქონე ბავშვებისთვის სკოლაში ყოფნა ზოგჯერ დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. შეიძლება უჭირდეთ ყურადღების შენარჩუნება, ინსტრუქციების შესრულება, დავალებების ორგანიზება, აქტივობებს შორის გადართვა, ემოციების რეგულაცია ან თანატოლებთან ურთიერთობა. ზოგიერთი ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ცდილობს, დამალოს საკუთარი სირთულეები და მოერგოს გარემოს, თუმცა სახლში დაბრუნების შემდეგ დაგროვილი დაძაბულობა გაღიზიანებით, ტირილით ან ძლიერი ემოციური რეაქციებით ვლინდება. ეს დღის განმავლობაში დაგროვილი სტრესისა და გადაღლის გამოხატულებაა.

ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს უეცრად არ ამბობს. საწყისი სიმპტომები შესაძლოა გუნება-განწყობის დაქვეითებით, ჩუმი დარდით, გაღიზიანებით ან ფიზიკური ჩივილებით გამოავლინოს და შემდეგ აშკარა პროტესტითა და ტირილით გამოხატოს.

ყურადღება მიაქციეთ, თუ ბავშვს:

  • დილით უჭირს ადგომა, ჩაცმა და სკოლისთვის მომზადება;

  • სკოლაში წასვლის წინ ტირის, ღიზიანდება;

  • ხშირად უჩივის მუცლის ან თავის ტკივილს, გულისრევას ან სხვა ფიზიკურ დისკომფორტს;

  • უჭირს დაძინება ან ღამით ხშირად იღვიძებს;

  • ითხოვს სკოლიდან ადრე წამოსვლას ან მშობელთან დარჩენას;

  • სკოლაში წასვლის დღეებში უფრო დაძაბული და გაღიზიანებულია, ხოლო შაბათ-კვირას ან არდადეგებზე თავს უკეთ გრძნობს;

  • თანდათან კარგავს ინტერესს სასწავლო პროცესის ან თანატოლებთან ურთიერთობის მიმართ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

როდესაც ბავშვი სკოლაში წასვლაზე უარს ამბობს, მშობლისთვის ეს ხშირად რთული და ემოციურად დამღლელი გამოცდილებაა. თუმცა, გაღიზიანება, მუქარა და ფრაზები: „ყველა ბავშვი დადის სკოლაში“, „ნუ იგონებ“, „უბრალოდ არ გინდა სწავლა“ პრობლემას ვერ აგვარებს. პირიქით, ბავშვს შესაძლოა ეგონოს, რომ მისი შიში და სირთულეები არ ესმით.

პირველი ნაბიჯი ბავშვის მოსმენაა. მნიშვნელოვანია, მშობელმა მშვიდ გარემოში გაარკვიოს, კონკრეტულად რა უჭირს მას სკოლაში. ამიტომ კითხვა „რატომ არ გინდა სკოლაში წასვლა?“ უმჯობესია, ჩანაცვლდეს: „რა არის სკოლაში ყველაზე რთული?“, „რომელ გაკვეთილზე ან სიტუაციაში გრძნობ თავს ცუდად?“, „არის ვინმე ან რამე, რისიც გეშინია?“.

ამასთან, მხოლოდ ბავშვის მონაყოლი ყოველთვის არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია მშობლისა და სკოლის თანამშრომლობა. მასწავლებელთან და სკოლის ფსიქოლოგთან საუბარი, თანატოლებთან ურთიერთობის, აკადემიური სირთულეებისა და შესაძლო ბულინგის შეფასება. ზოგჯერ ის, რასაც ბავშვი სახლში გამოხატავს, სკოლაში სრულიად განსხვავებულად ვლინდება.

თუ სირთულე სასწავლო პროცესს ან სკოლის გარემოს უკავშირდება, საჭიროა ბავშვის საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა: დავალებების გამარტივება ან მცირე ნაწილებად დაყოფა, დამატებითი აკადემიური დახმარება, შესვენებები თუ სენსორული გადატვირთვის შემცირება.

მნიშვნელოვანია სკოლაში დაბრუნების სწორად დაგეგმვაც. ხანგრძლივმა გაცდენამ შეიძლება სკოლაში დაბრუნება კიდევ უფრო გაართულოს. ამიტომ, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასურველია სკოლასთან კავშირის შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში დაბრუნების თანდათანობითი გეგმის შემუშავება. მიზანი ბავშვის იძულება კი არა, მისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი პირობების შექმნაა.

თუ სკოლაში წასვლაზე უარი გრძელდება, ძლიერდება ან ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ზღუდავს, საჭიროა მულტიდისციპლინური, გუნდური შეფასება სპეციალისტის ჩართულობით. ბავშვის მედეგობის გამომუშავებაზე ზრუნვის გარდა, ხშირად საჭიროა თავად გარემოს შეცვლაც.

და ბოლოს, ერთი რამ, რაც ყველა მშობელს უნდა ახსოვდეს: ბავშვისთვის, რომელიც სკოლაში წასვლას აპროტესტებს, ეს ქცევა შესაძლოა ერთადერთი გზა იყოს სირთულეებისგან თავის დასაღწევად. ჩვენი ამოცანა არ არის, ნებისმიერ ფასად ვაიძულოთ სკოლაში წასვლა. ჩვენი ამოცანაა, გავიგოთ, რატომ გახდა მისთვის ეს გარემო ასეთი რთული, რა მხარდაჭერა სჭირდება და როგორ დავეხმაროთ, რომ ნელ-ნელა დაიბრუნოს უსაფრთხოების განცდა და სწავლის შესაძლებლობა.

ნუ ვკითხავთ მხოლოდ: „რატომ არ მიდიხარ სკოლაში?“ ვკითხოთ: „რა ხდება სკოლაში ისეთი, რის გამოც იქ წასვლა ასე გიჭირს? და როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?“ ზოგჯერ ბავშვს სკოლაში დასაბრუნებლად მხოლოდ დისციპლინა კი არა, გაგება, მხარდაჭერა და უფროსების ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.

მედეა ზირაქაშვილი — ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი და ნევროლოგი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები