ქართული ფონიატრიის საერთაშორისო აღიარება: ირინა ქაცარავას კვლევა პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

გააზიარე

საქართველოში ფონიატრიის (ხმისა და სახმო აპარატის მედიცინის) დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში Journal of Voice გამოქვეყნდა პრეცედენტული კვლევა, რომელიც მთლიანად ქართულ რეალობასა და ქართველი მომღერლების პროფესიულ ჯანმრთელობას ეძღვნება. სტატია სახელწოდებით „მომღერლებში ხმის დარღვევების კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები: კლინიკაზე დაფუძნებული კროს-სექციური კვლევა საქართველოში“ წარმოადგენს პირველ და ერთადერთ მეცნიერულ ნაშრომს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებებს აჯამებს. კვლევის წამყვანი ავტორია ოტორინოლარინგოლოგ-ფონიატრი ირინა ქაცარავა.

„ეს კვლევა საქართველოში, პროფესიონალ მომღერლებზე რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნაშრომი უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ზუსტი დიაგნოსტიკის, არამედ ვოკალური პათოლოგიების პრევენციისა და სახმო აპარატის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. ჩვენი მიზანია, მომღერლებმა თავიდან აიცილონ სახმო იოგების დაზიანება, სწორად მართონ ვოკალური დატვირთვა და მაქსიმალურად იყვნენ დაცულები პროფესიული დაავადებებისგან.

საქართველოს რეალობაში მსგავსი კვლევის საერთაშორისო დონეზე აღიარება პირველი პრეცედენტია. ნაშრომი PubMed-ის სამეცნიერო ბაზაში ინდექსირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალიმპაქტიან ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა. გამოცემა იმდენად დაინტერესდა ამ კვლევით, რომ სტატია სრულიად უსასყიდლოდ დაბეჭდეს, მაშინ როცა მსგავსი დონის ჟურნალებში პუბლიკაცია საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულო სიურპრიზი და პროფესიული დაფასება იყო. ამჟამად ჟურნალის პოლიტიკით სტატიაზე სრული წვდომა ფასიანია და მკითხველისთვის ხელმსაწვდომი მხოლოდ მისი აბსტრაქტია“, — ამბობს ირინა ქაცარავა „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში.

კვლევის მიმოხილვა

ეს ნაშრომი მნიშვნელოვან ბაზისს ქმნის პროფესიონალი მომღერლების სახმო აპარატის სწორი მართვის, ხმის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და შემდგომი რეაბილიტაციისთვის. ვინაიდან მომღერლები ყოველდღიურად უმკლავდებიან ინტენსიურ ვოკალურ დატვირთვას, მათში ხორხის სტრუქტურული და ანთებითი პათოლოგიების განვითარების რისკი მკვეთრად მაღალია, რაც პირდაპირ აისახება შესრულების ხარისხსა და ცხოვრების დონეზე.

კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა მიიღო სახმო აპარატის პრობლემების მქონე 47-მა ქართველმა მომღერალმა, რომელთა საშუალო ასაკი 33.2 წელი იყო. გამოკითხულთა უმრავლესობა (76.6%) პროფესიონალურად არის დაკავებული მუსიკალური საქმიანობით და მათი ვოკალური დატვირთვა კვირაში 20 საათს აღემატება. ემპირიულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებული სიმპტომები ხმის ტემბრის ცვალებადობა (40.4%) და ხმის ჩახლეჩა (38.3%) იყო, ხოლო მონაწილეთა 40.4%-ს პრობლემები ჩვეულებრივი, სასაუბრო მეტყველების დროსაც კი ექმნებოდა.

ვიდეოსტრობოსკოპიით (ხორხისა და სახმო იოგების მაღალტექნოლოგიური კვლევით) ჩატარებულმა კლინიკურმა დიაგნოსტიკამ აჩვენა, რომ ყველაზე ხშირ პათოლოგიებს მწვავე ლარინგიტი (40.4%) და სახმო იოგების კვანძები (36.2%) წარმოადგენს. ამასთანავე, კვლევამ გამოავლინა თანმხლები რისკ-ფაქტორების გავლენაც: პაციენტთა მესამედს აღენიშნებოდა გასტროეზოფაგური რეფლუქსი (კუჭის მჟავის ამოსვლა საყლაპავში) და ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი პროცესები (რინიტი, ფარინგიტი), რაც დამატებით აზიანებს ხორხის ლორწოვან გარსს.

ამ უნიკალური მეცნიერული ნაშრომის დასკვნა ცალსახაა: ქართველი მომღერლების ვოკალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრევენციული სტრატეგიების დანერგვა. ექიმი ირინა ქაცარავა და მკვლევართა გუნდი ხაზს უსვამენ ხმის ჰიგიენის აუცილებლობას, ვოკალური დასვენების (ხმის რეჟიმის) სწორ გადანაწილებასა და ფონიატრთან რეგულარულ კლინიკურ კონტროლს, რაც მომღერლებს პროფესიული კარიერის ხანგრძლივად შენარჩუნებაში დაეხმარება.

წყარო: Journal of Voice

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები