BrainHealth.com – AAN-ის ახალი პლატფორმა ტვინის ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციისთვის

გააზიარე

ამერიკის ნევროლოგიის აკადემიამ საჯარო პლატფორმა BrainHealth.com წარადგინა. მისი მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის თავის ტვინის ჯანმრთელობასა და ნევროლოგიურ მდგომარეობებზე სანდო, ექსპერტების მიერ გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებაა.

ახალი რესურსი განკუთვნილია როგორც ნევროლოგიური დარღვევების მქონე პირებისა და მათი მომვლელებისთვის, ისე ყველასთვის, ვისაც ყოველდღიური ცხოვრების წესით ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნება სურს. ვებგვერდი აფართოებს AAN-ის საგანმანათლებლო ინიციატივებს და ეფუძნება „Brain & Life“-ის ბრენდის მემკვიდრეობას: პლატფორმა აერთიანებს ნევროლოგების მომზადებულ სტატიებს, პოდკასტებს, წიგნებსა და პაციენტთა პირად ისტორიებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავის ტვინისა და ნევროლოგიური დარღვევები საკმაოდ გავრცელებულია, სანდო ინფორმაციის მოძიება ხშირად რთულია. ძიების პროცესში ადამიანები ხშირად აწყდებიან ურთიერთსაწინააღმდეგო რჩევებს, ზედმეტად გამარტივებულ მტკიცებებსა და ისეთ შინაარსს, რომელიც სამედიცინო ექსპერტების მიერ არ არის გადამოწმებული.

„ტვინის ჯანმრთელობა მთელი ჩვენი სიცოცხლის მანძილზე უმნიშვნელოვანესია, თუმცა ბევრმა შესაძლოა არც კი იცის, ვის მიმართოს სანდო და ადვილად გასაგები ინფორმაციის მისაღებად, – განაცხადა ამერიკის ნევროლოგიის აკადემიის (AAN) პრეზიდენტმა, მედიცინის დოქტორმა ნატალია ს. როსტმა. – BrainHealth.com-ის მეშვეობით ამერიკის ნევროლოგიის აკადემია თავს უყრის მტკიცებულებებზე დაფუძნებულ რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რესურსებს, რათა ადამიანებს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ტვინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს“.

რას გვთავაზობს ვებსაიტი:

ექსპერტების მიერ რეცენზირებული სტატიები თავის ტვინის ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ მდგომარეობებსა და ნეირომეცნიერების უახლეს კვლევებზე.

პრაქტიკული რეკომენდაციები ცხოვრების წესის გაუმჯობესებაზე, რისკების შემცირებასა და ზოგადი კოგნიტური ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე.

მოვლის სახელმძღვანელოები და პაციენტთა რესურსები მათთვის, ვინც ნევროლოგიური დიაგნოზის მქონე ახლობლებს უვლის.

პირადი ისტორიები პაციენტების, მომვლელებისა და აქტივისტებისგან, რომელთა მიზანიც საზოგადოების ინფორმირება და მხარდაჭერაა.

პოდკასტი (The Brain Health Podcast) ექსპერტებთან, უფლებადამცველებთან და უშუალო გამოცდილების მქონე სტუმრებთან ერთად.

წიგნების სერია (The Brain Health Books) თავის ტვინის ჯანმრთელობისა და ნევროლოგიური დარღვევების შესახებ სიღრმისეული თემების განსხილველად.

წყარო: American Academy of Neurology



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები