ბროკოლი შესაძლოა განუკურნებელი ნერვული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ

გააზიარე

Swinburne-ის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ იშვიათი ნერვული დაავადების სამკურნალო საიდუმლო ინგრედიენტი შესაძლოა უბრალოდ ბროკოლი იყოს. ჟურნალ Antioxidants & Redox Signaling-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბროკოლიში შემავალ ბუნებრივ ნაერთს, სულფორაფანს, ფრიდრაიხის ატაქსიის მკურნალობის დიდი პოტენციალი აქვს.

ფრიდრაიხის ატაქსია მძიმე და იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ზურგისა და თავის ტვინში ნეირონების დეგრადაციას იწვევს. ეს პროცესი პაციენტებში მეტყველებისა და მოძრაობის უნარის ეტაპობრივ დაკარგვას განაპირობებს და საბოლოოდ ფატალურად სრულდება. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ პაციენტების უმეტესობას ბავშვები წარმოადგენენ, მათთვის კი დამტკიცებული მკურნალობა ამ დრომდე არ არსებობს.

კვლევამ აჩვენა, რომ ბროკოლიში არსებული სულფორაფანი მნიშვნელოვნად ზრდის ფრატაქსინის დონეს — საკვანძო ცილას, რომელიც ფრიდრაიხის ატაქსიის მქონე პირებში დეფიციტურია. ამასთან ერთად, აღნიშნული ნაერთი იცავს მოწყვლად ნერვულ უჯრედებს დაზიანებისგან და ერთდროულად ებრძვის დაავადების თანმდევ ისეთ პროცესებს, როგორიცაა უჯრედული სტრესი და ანთება.

 ეს აღმოჩენა პაციენტებისთვის ახალ იმედს აჩენს. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალ თერაპიულ აგენტს შეუძლია იმოქმედოს დაავადების გამომწვევ ძირეულ მიზეზებზე და შექმნას ხელმისაწვდომი მკურნალობის შესაძლებლობა, რაც ბავშვებს ცხოვრების ხარისხის, დამოუკიდებლობისა და სიცოცხლის გახანგრძლივების შანსს მისცემს.

ამჟამად მეცნიერები კლინიკური ცდების ჩასატარებლად შესაბამისი დაფინანსების მოპოვებას ცდილობენ, რათა ბროკოლის ნაერთის ეფექტიანობა პრაქტიკაში საბოლოოდ დაამტკიცონ. პროფესორი ხაზს უსვამს, რომ სულფორაფანის უსაფრთხოება ბავშვებსა და ზრდასრულებში უკვე დადასტურებულია და მისი კომერციულად ხელმისაწვდომობა, წარმატებული კლინიკური ცდების შემთხვევაში, პაციენტებისთვის თერაპიის მიწოდების პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები