back to top

რატომ უარესდება მაღალი განათლების მქონე ალცჰაიმერის პაციენტების მდგომარეობა უფრო სწრაფად

გააზიარე

ახალმა საერთაშორისო კვლევამ დაადგინა, რომ მაღალი განათლების მქონე ადამიანებში, ალცჰაიმერის დაავადების (AD) დიაგნოზის დასმის შემდეგ, შესაძლოა მეხსიერებისა და აზროვნების უნარების უფრო სწრაფი დაქვეითება შეინიშნებოდეს, ვიდრე მათში, ვისაც ნაკლები განათლება აქვს.

ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერთა ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა, რომელიც Journal of Alzheimer’s Disease-ში გამოქვეყნდა, დამატებით მტკიცებულებებს ავლენს კოგნიტური რეზერვის (CR) თეორიის სასარგებლოდ. კოგნიტური რეზერვი არის ტვინის უნარი, შეინარჩუნოს კოგნიტური ფუნქციები ასაკობრივი ცვლილებების, დაზიანებების ან დაავადებების მიუხედავად, არსებული სტრატეგიების გამოყენებით ან კომპენსატორული მექანიზმების განვითარებით.

“ჩვენი კვლევა ვარაუდობს, რომ მაღალი განათლების მქონე პირებში ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი შესაძლოა უფრო გვიან დაისვას, რადგან მათი კოგნიტური რეზერვი სიმპტომებს უფრო ხანგრძლივად ახშობს. თუმცა, დიაგნოზის შემდგომ პერიოდში, დაავადების პროგრესირება უფრო სწრაფად მიმდინარეობს”, – აცხადებს კვლევის ავტორი ჯინიინგ ჩენი.

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს მაღალი განათლების მქონე მოზრდილებში კოგნიტური ფუნქციების უმნიშვნელო, ადრეული ცვლილებების დროული იდენტიფიცირების აუცილებლობას. ადრეული ნიშნების, როგორებიცაა, მაგალითად, მეხსიერების, მეტყველების, აზროვნების, განსჯისა და განწყობის უმნიშვნელო ცვლილებები, დროულად შემჩნევა გადამწყვეტია, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს ალცჰაიმერის მკურნალობა.

კვლევის ფარგლებში, რომელიც GERAS European study-ის ნაწილი იყო, მეცნიერებმა ინგლისის, გერმანიისა და საფრანგეთის კლინიკებში ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზის მქონე 1,300-ზე მეტი ხანდაზმული პაციენტის მონაცემები გააანალიზეს. მონაწილეებს აკვირდებოდნენ 18-დან 36 თვემდე პერიოდის განმავლობაში, ხოლო მათი კოგნიტური მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენეს Mini-Mental State Examination (MMSE) — კოგნიტური დარღვევების გამოსავლენად ფართოდ გამოყენებადი სკრინინგ-ინსტრუმენტი. 

მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ იმ პირებში, რომლებსაც 12 ან მეტი წელი ჰქონდათ დახარჯული განათლების მიღებაზე, დიაგნოზის შემდგომ პერიოდში კოგნიტური უნარების უფრო სწრაფი გაუარესება დაფიქსირდა, ვიდრე ნაკლები განათლების მქონე პაციენტებში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სტანდარტულმა სკრინინგ-ტესტებმა, როგორიცაა MMSE, შესაძლოა ვერ გამოავლინოს ალცჰაიმერის ადრეული ნიშნები მაღალი განათლების მქონე პირებში. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი კოგნიტური რეზერვი ახშობს და ნიღბავს დაავადების სიმპტომებს. მიუხედავად იმისა, რომ უფრო დეტალური ნეიროფსიქოლოგიური შეფასებები ამ მხრივ უფრო ზუსტია, მათი გამოყენება ხშირად შეზღუდულია, რადგან ისინი დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს და მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია მათი ჩატარება.

წყარო: SAGE

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები