რატომ არ იყო საკმარისი გულმკერდის რენტგენოგრაფია?
ათწლეულების განმავლობაში გულმკერდის რენტგენოგრაფია ფილტვის კიბოს სკრინინგის ძირითად მეთოდად მიიჩნეოდა. თუმცა, მსხვილმა კვლევებმა, მათ შორის PLCO-მ (154000-ზე მეტი მონაწილე), ვერ აჩვენა ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება.მთავარი პრობლემა მეთოდის დაბალი მგრძნობელობა იყო.მცირე ზომის კვანძები ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა და დაავადება გვიან სტადიაზე ვლინდებოდა.ეს შეზღუდვა შეცვალა დაბალდოზირებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (LDCT). მეთოდი იყენებს დაახლოებით 1.5 mSv რადიაციულ დოზას, რაც სტანდარტულ CT-ზე 75-90% ით ნაკლებია, და უზრუნველყოფს ფილტვების მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას. შედეგად, შესაძლებელია მცირე კვანძების აღმოჩენა სიმპტომების განვითარებამდე რამდენიმე წლით ადრე.LDCT-ის ეფექტურობა დადასტურებულია მასშტაბური რენდომიზებული კვლევებით. აშშ-ის National Lung Screening Trial-მა (NLST), რომელშიც 53 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობის 20%-იანი შემცირება აჩვენა. NELSON კვლევამ 24%-იანი, ხოლო MILD კვლევამ 39%-მდე შემცირება დააფიქსირა. ამ მონაცემებმა LDCT მაღალი რისკის პოპულაციაში სკრინინგის თანამედროვე სტანდარტად აქცია.
მთავარი გამოწვევა: მაღალი რისკის მოსახლეობის ჩართვა
LDCT-ის ეფექტურობის ცოდნა და მისი მაღალი რისკის ჯგუფებამდე რეალურად მიტანა ორი განსხვავებული გამოწვევაა. მწეველები, ხანდაზმულები და სოციალურად დაუცველი პირები ხშირად ყველაზე ნაკლებად მონაწილეობენ სკრინინგში. ბარიერებს წარმოადგენს მანძილი, ხარჯები, შიში და სამედიცინო სისტემისადმი უნდობლობა.ამ პრობლემის საპასუხოდ, 2016 წელს მანჩესტერში დაიწყო Manchester Lung Health Check პროგრამა, რომელიც NHS-ის ფარგლებში ფილტვის კიბოს სკრინინგის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული მოდელი გახდა. მისი მთავარი ინოვაცია იყო სერვისის პაციენტთან მიტანა.მობილური LDCT სკანერები-სატვირთო მანქანები-განთავსდა სოციალურად დაუცველი უბნების სავაჭრო ცენტრების ავტოსადგომებზე. 55–74 წლის ასაკის მწეველობის ისტორიის მქონე პირები გადიოდნენ „ფილტვის ჯანმრთელობის შემოწმებას“, რომელიც მოიცავდა კლინიკურ შეფასებას, სპირომეტრიას, BMI-ის განსაზღვრას, კონსულტაციას და PLCOm2012 მოდელით 6-წლიანი რისკის შეფასებას. ≥1.51%-იანი რისკის შემთხვევაში იმავე ვიზიტზე ტარდებოდა LDCT.2019 წელს Thorax-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2 541 მონაწილიდან 75% დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ჯგუფს მიეკუთვნებოდა.1384 სკრინიგის მონაწილიდან ფილტვის კიბო 3%-ში გამოვლინდა, მათგან 80% ადრეულ სტადიაზე იყო, ხოლო 65%-ს ქირურგიული მკურნალობა ჩაუტარდა.
მასშტაბები და ხელოვნური ინტელექტი
მანჩესტერის მოდელმა საფუძველი ჩაუყარა NHS-ის მიზნობრივ ფილტვის ჯანმრთელობის შემოწმების ეროვნულ პროგრამას, რომლის მასშტაბური დანერგვა 2019 წლიდან დაიწყო. 2025 წლის იანვრისთვის ინგლისში 43 აქტიური ცენტრი ფუნქციონირებდა.პროგრამის ფარგლებში შესრულდა 712 000-ზე მეტი LDCT. გამოვლინდა 6 200-ზე მეტი ფილტვის კიბოს შემთხვევა, რომელთა 75% I–II სტადიაზე იყო. Nature Medicine-ში გამოქვეყნებულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ მაღალი რისკის ჯგუფებში ფილტვის კიბოს ადრეულ ეტაპებზე გამოვლენა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა. Wythenshawe Hospital-ში დანერგილი Annalise.AI სისტემა ავტომატურად აანალიზებს გამოსახულებებს და შედეგებს ერთ წუთზე ნაკლებ დროში აბრუნებს.NHS England North West-ის მონაცემებით, სისტემამ თავიდან აიცილა 1400-ზე მეტი არასაჭირო CT და 1000-ზე მეტი გადაუდებელი რეფერალი. ამჟამად ის ყოველთვიურად 40 000-ზე მეტ გულმკერდის გამოსახულებას ამუშავებს.
რას ნიშნავს ეს სკრინინგის არმქონე ქვეყნებისთვის?
დიდი ბრიტანეთის გამოცდილება მობილური სკანერებიდან ეროვნულ პროგრამამდე წარმოადგენს პრაქტიკულ მოდელს ქვეყნებისთვის, სადაც LDCT სკრინინგი ახლა ინერგება ან განვითარების ეტაპზეა.მისი ძირითადი კომპონენტებია ვალიდირებული რისკ-მოდელები მაღალი რისკის ჯგუფების იდენტიფიკაციისთვის, საზოგადოებაზე ორიენტირებული მიწოდების სისტემები, კვანძების მართვის სტანდარტიზებული პროტოკოლები და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მასშტაბური გამოსახულებების ანალიზისთვის.საქართველოსთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფილტვის კიბოს მაღალი რისკისა და სიგარეტი მაღალი მოხმარების ფონზე, ქვეყანაში უკვე დაინერგა LDCT-ზე დაფუძნებული სკრინინგის პროგრამა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადრეული დიაგნოსტიკის განვითარებისკენ.დღეს მთავარი ამოცანა აღარ არის მხოლოდ მტკიცებულებების არსებობა, არამედ პროგრამის ეფექტიანი განხორციელება, მაღალი რისკის ჯგუფების სრულად ჩართვა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა. მანჩესტერის გამოცდილება აჩვენებს, რომ წარმატებული სკრინინგი საწინდარია ფილტვის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის.
წყაროები: Bray F, et al. GLOBOCAN 2022, CA Cancer J Clin 2024; Pataraia A, et al. Lung Cancer in Georgia, J Thorac Oncol 2020; Crosbie PA, Balata H, et al. Thorax 2019; Crosbie PA, Balata H, et al. Thorax 2019;Balata H, et al. Lung Cancer 2021; Goodley P, Balata H, et al. BMJ Oncology 2024; Goodley P, Balata H, et al. J Thorac Oncol 2025; Nature Medicine 2026; NHS England Lung Cancer Screening Programme National Data,NHS England North West, 2025; NLST Research Team, NEJM 2011; de Koning HJ, et al. NEJM 2020; Pastorino U, et al. Annals of Oncology 2019.

